"მხოლოდ "ქამრების შემოჭერა" კრიზისის დასაძლევად საკმარისი არ იქნება"
09-03-2015
"მხოლოდ "ქამრების შემოჭერა" კრიზისის დასაძლევად საკმარისი არ იქნება"
"სავალუტო ფონდს კატეგორიულად არ უთქვამს, აუცილებლად გაზარდეთ გადასახადები და არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ სესხიო"

"დაგვიანების ყოველი დღე არასასურველია და ხელისუფლებამ სწრაფად უნდა იმოქმედოს"


მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ მუშაობა დაასრულა და მთავრობას კრიზისის დასაძლევად რეკომენდაციები მისცა, ლარმა კვლავ ვარდნა დაიწყო და კვირის ბოლოს ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,17 ლარის ნიშნულზე გაჩერდა. სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში დოლარი კიდევ უფრო ძვირი ღირს, რადგან მოთხოვნა დოლარზე კვლავ მაღალია. სადამდე "გაცურავს"
ლარი, ჯერ უცნობია, ისევე როგორც უცნობია მთავრობის გეგმა, რომელმაც ქვეყანა სავალუტო კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს.

ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის აუცილებლობა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმაც შეახსენა. გასულ კვირას, პრეზიდენტთან შეხვედრისას მთავრობის ეკონომიკური გუნდი შეთანხმდა, რომ მთავრობის სავალუტო სტაბილურობის გეგმას 5 მარტამდე წარმოადგენდნენ. გიორგი აბაშიშვილის შეხსენებას
ეკონომიკის მინისტრი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი ვადის დათქმით და ვითომ დარღვევით აჟიოტაჟი არ უნდა შეიქმნას.

ფაქტია, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის "ძიძგილაობა" ლარის კურსსა თუ ფასების ზრდას სასიკეთოდ ვერ წაადგება. 

მართალია, კრიზისის დასაძლევად მთავრობას გაწერილი გეგმა არა აქვს, მაგრამ ფრაგმენტულად ცნობილია, რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. მთავრობის წევრები ამბობდნენ, რომ საჭირო იქნება დამატებითი ინვესტიციები ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ამისთვის დამატებითი ვალის აღებას აპირებდნენ. მთავრობის ამ ნაბიჯს სსფ არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე დონორებისგან ფულის სესხებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან დასაძლევია ფუნდამენტური პრობლემები.

მაშინ, როცა ხელისუფლებას ოპონენტებმა გადასახადების შემცირება ურჩიეს, სავალუტო ფონდი, პირიქით, გადასახადების გაზრდას ემხრობა.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას, ფაქტობრივად, ეს ერთადერთი საკითხია, რის შესახებაც სსფ-ისა და მთავრობის მოსაზრება ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა, მხოლოდ "ქამრების შემოჭერა" კრიზისის დასაძლევად საკმარისი არ იქნება.

ავთანდილ სილაგაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი: "ის, რაც ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით განაცხადა, შეგვიძლია სავალუტო სტაბილურობის ერთ-ერთ მექანიზმად განვიხილოთ. მეორე მხრივ, უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით უნდა გადავხედოთ კანონმდებლობას, რათა მაქსიმალურად მასტიმულირებელი მექანიზმები გვქონდეს. აქტიურად უნდა წარიმართოს მუშაობა ტურიზმის განვითარებისთვისაც.

გასაგებია, რომ სავალუტო კრიზისში დიდი როლი ითამაშა საგარეო ფაქტორებმა, მაგრამ პრობლემები ქვეყანაშიც უნდა ვეძებოთ.

უნდა განვითარდეს წარმოება, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა. ამისთვის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ადგილობრივი რესურსი, რაც საკმაოდ ბევრი გვაქვს. რაც შეეხება ახალი სახელმწიფო საგარეო ვალის აღებას, ეს ნაბიჯი, შესაძლოა, გადაიდგას, მაგრამ ეს ფული მიზნობრივად უნდა იქნეს გამოყენებული, კერძოდ, ეროვნული წარმოების ზრდისთვის და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ეფექტური. წინა მთავრობამ ძალიან ბევრი ვალი აიღო, ბოლო 4-5 წელიწადში - მილიარდობით დოლარი, მაგრამ ეკონომიკის განვითარებისთვის არ გამოუყენებია.
ვალს ყველა სახელმწიფო იღებს, მაგრამ ეფექტური უკუგების მიღებას ცდილობს.
საქართველოს აქვს დიდი რეზერვი სახელმწიფო საგარეო ვალის ასაღებად. მთლიანი შიდა პროდუქტის მაქსიმუმ 60%-მდე მიზანშეწონილია იყოს საგარეო ვალის წილი. ახლა საგარეო ვალის წილი მშპ-სთან არის არა უმეტეს 40%-ისა.

- რა გამოდის, ხელისუფლება უნდა გაემიჯნოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს?

- ინფრასტრუქტურის გარდა, სესხი უნდა გამოვიყენოთ რეალური წარმოებისთვის. წლების განმავლობაში სესხებს მილიარდობით ვიღებდით და არასდროს ვიყენებდით რეალურ სექტორში, სადაც რეალური დოვლათი იქმნება და დასაქმების დიდი რეზერვებია. შესაბამისად, არ ვუჭერ მხარს ასეთი სესხის აღებას და მის დახარჯვას მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. სავალუტო ფონდს კატეგორიულად არ უთქვამს, აუცილებლად გაზარდეთ გადასახადები და არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ სესხიო. მათ რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზეს მთავრობას. ბიუჯეტის ოპტიმიზაცია, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ გადასახადების ზრდა არსებულ ვითარებაში გაუმართლებლად მიმაჩნია.

პირიქით, მეწარმეები და ბიზნესი გადასახადების ზრდით კი არ უნდა შევავიწროოთ, არამედ კიდევ მეტი ლიბერალიზაციისკენ უნდა წავიდეთ. რაკი სავალუტო ფონდმა დაგვიტოვა რეკომენდაციები, ამიტომ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს, ფაქტობრივად, ანტიკრიზისული გეგმაა. მთავრობას შეუძლია უფრო დეტალურად გაწეროს ყველა ნაბიჯი, რაც კრიზისის დასაძლევად უნდა გადაიდგას და სამთავრობო ანტიკრიზისული გეგმა ჩამოაყალიბოს. ამასთან, ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთოს.

დევალვაცია მიმდინარეობდა, მაგრამ ფასები არ იზრდებოდა. ბოლო პერიოდში კი აშკარად შესამჩნევია ფასების ზრდა, რომლის მეტად ზრდას აჩერებს ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების თითქმის მინიმალური დონე. მათ რომ ძველი ფასები ედოს, მაშინ უმძიმესი ვითარება შეიქმნებოდა. ამიტომ მხოლოდ ნავთობპროდუქტების ფასებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული და სხვა ბერკეტებიც უნდა გვქონდეს. როცა გვიანდება ანტიკრიზისული გეგმების შემუშავება, ეკონომიკას აქვს ერთი ასეთი თვისება - როცა ფასები გაიზრდება, ამის განმაპირობებელი მიზეზები, შესაძლოა, განსაზღვრული დროის შემდეგ აღმოიფხვრას, მაგრამ ფასები გაზრდილ ნიშნულზე დარჩება. არადა, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ხელფასი ლარში აქვს. ამიტომ დაგვიანების ყოველი დღე არასასურველია და ხელისუფლებამ სწრაფად უნდა იმოქმედოს.
jemali
12 მარტი 2015 22:01
ვინ შემოიჭიროს ქამარი? 55 წლის ვარ, 7 წელი ვიბრძოლე რომ მიშა წასულიყო, სანაცვლოდ არაფერი მომითხოვია, გასაკეთებელი გავაკეთე, ზოგი ორჯერ იყო მიტინგზე და თანამდებობაზე ზის, ეხლა შედეგი, პირველი სამსახური დავკარგე, მეორე, რაც კი მქონდა სახლში ნივთები გავყიდე, გარეთ ხეივანი ავჭერი და ჯართში ჩავაბარე, ჭერი ავხადე სათონეს, ისიც ჯართში ჩავაბარე, ჰონდას გენერატორი მქონდა მთელ სოფელს ადგებოდა, ჭირში თუ ლხინში, გავყიდე, აღარაფერი დამღჩა, რა გავყიდო? გულით ავადყოფი ვარ, წამლების თანხა არ მაქვს, რაციონი რაც მეკუთვნის იმის მეხუთედს მივირთმევ, თუ ეგეც შურს მთავრობას, ეფტანაზიის ნემსი მომიტანონ და მორჩა.

რედაქტორის რჩევით