ლარით თამაში ხალხის ყანაში! - კვირის პალიტრა

ლარით თამაში ხალხის ყანაში!

საქართველოს მოსახლეობა დიდი ხანია არასტაბილურ გარემოში ცხოვრობს. ამას ისე შევეჩვიეთ, რომ ოდნავ გახანგრძლივებული სიმშვიდე დეპრესიაშიც კი გვაგდებს. ჰოდა, ერი დეპრესიამ რომ არ მოიცვას, ხელისუფლება შიგადაშიგ შოკურ თერაპიას გვიტარებს. პირადად მე ორი კვირის წინ გავიარე თერაპია, როცა პირდაპირ ეთერში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გვამცნო, მოსალოდნელია ლარის გაუფასურებაო. არადა, არც ამის წინა პირობა შეიმჩნეოდა და არც ექსპერტები აკეთებდნენ პროგნოზს.

უნდა გითხრათ, რომ მაშინვე უკეთური აზრები მომეძალა - სახელდახელოდ ჩაფიქრებულ მორიგ მაქინაციაზე დავიწყე ფიქრი. მეორე დღეს ლარის კურსმა კატასტროფული სისწრაფით იწყო ვარდნა და მეც ექსპერტებს მივმართე.

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, პროფესორი: - შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ლარის კურსის ვარდნას ეკონომიკური ან ფინანსური საფუძველი არ ჰქონია.  ეროვნულ ბანკს საკმარისი სავალუტო რეზერვი, თითქმის 2 მილიარდი ჰქონდა. 20, 30 ან 40 მილიონი დოლარით მეტი ინტერვენცია რომ გაეკეთებინა ბაზარზე, ყველაფერი კარგად იქნებოდა. ისე, არც ეს იყო საჭირო, ლარის კურსი თავისთავად საკმაოდ მაღალია. ადრინდელივით (როცა ლარი ერთ დღეში თითქმის 20%-ით გაუფასურდა) მოხდა, გარდა ფინანსთა მინისტრის განცხადებისა, ამის თაობაზე სხვა ინფორმაცია არ არსებობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა არ არსებობს.

არ ვიცით, რა ორიენტირებზე დაიგეგმა 2010 წლის ბიუჯეტი. არ ვიცით, ლარის კურსი რა დონეზე აქვთ გათვლილი, არ ვიცით, რას გააკეთებს ეროვნული ბანკი ხვალ. სრული ინფორმაციული ვაკუუმია. რა უნდა ქნას ბიზნესმენმა ან იმპორტიორმა ასეთ ვითარებაში? ყოველივე ამას პანიკა და დოლარზე მოთხოვნის უსაფუძვლო გაზრდა მოსდევს. ის, რაც საქართველოში ხდება, განვითარებულ ქვეყანაში წარმოუდგენელი რამ არის. ასეთ მაქინაციებს ისეთი მასშტაბის რყევა მოჰყვება ფინანსურ ბაზრებზე, რომ შეიძლება ეკონომიკები კრიზისში აღმოჩნდნენ.

- გამოდის, საქართველოს განვითარება ჩინოვნიკების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული?

- 20 წელია დამოკიდებული ვართ ჩინოვნიკების კეთილსინდისიერებაზე. ჩვენთან 20 წელია კრიზისია და ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ ისწავლა, რომ ეკონომიკური ბლოკი უნდა იყოს განსაკუთრებულ პრინციპებზე აგებული და არა კონკრეტული პირების ნება-სურვილზე. მას, ვისაც წინასწარ აქვს ინფორმაცია ვალუტის კურსზე, შეუძლია უახლოესი 100 წელი არ იმუშაოს. ეს არის ეგრეთ წოდებული ინსაიდერული ინფორმაცია, რომლის მფლობელ ბიზნეს ან ფინანსურ ჯგუფს უზომოდ გამდიდრება შეუძლია. ოპერაცია მარტივია: იყიდი ვალუტას მაშინ, როცა ის იაფია და გაყიდი მაშინ, როცა უზომოდ გაძვირდება.

- საქართველოში მოსახლეობის დამცავი მექანიზმი და ორგანო არ არსებობს. ნავთობპროდუქტების, საკვებისა და წამლების ფასი არარეალურად მაღალია, მაგრამ მოსახლეობას არავინ არაფერს უხსნის.

- შეადარეთ ევროპასა და აშშ-ში საწვავის ფასი ჩვენსას და ყველაფერი ნათელი გახდება. ცხადია, ფასს მონოპოლიური სტრუქტურები აწესებენ და მათ არავინ აკონტროლებს. არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ დაუშვებენ ბაზარზე ხელოვნურ მონოპოლიებს. არასრულყოფილი ინსტიტუციური გარემო, შიდა წონასწორობისა და შეკავების მექანიზმების არარსებობა ქმნის ამ პრობლემებს. ასეთ სიტუაციაში მოგებული მხოლოდ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფებია, მაგრამ მათი მოგებაც დროებითია. როგორც კი ხელისუფლებაში სიტუაცია იცვლება, ისინიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე, რადგან მათი ჩანაცვლება ხდება.

ნოდარ ჯავახიშვილი, "ეროვნული ბანკის" ყოფილი პრეზიდენტი: - ერთი და ორი მაქინაცია მოაწყვეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხელისუფლებაში მოკალათებულმა ჩინოვნიკებმა თუ რა? არავის გაუპროტესტებია, რომ ზოგიერთებმა დიდი ფული გააკეთეს. ვერ გეტყვით, რა მოხდა გასულ კვირას, რადგან ამ ხალხს  ისეთი რამეები აქვთ გაკეთებული, იმასთან შედარებით დღევანდელი ვარდნა ბავშვური თამაშია.

შარშან ერთ დღეში 17%-ით დაეცა ლარის კურსი. 1992 წლის 8-9 სექტემბერს ერთ ღამეში 1.35-დან დოლარის ფასი 2.40-მდე ავარდა. იგივე გააკეთა საბანკო მაფიამ 90-იან წლებში, როცა ფულად რეფორმას ვატარებდით. ბუნებრივია, საბანკო მაფია გარიგებული იყო ხელისუფლებასთან, მაგრამ არც ერთ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული დამნაშავე არ გამოვლენილა. არავინ დაინტერესებულა, რამდენი წაართვეს საქართველოს მოსახლეობას.

- ვინ იყო ეს ხალხი?

- ჯერ კიდევ 1995 წელს ვთქვი, რომ ეს იყო "გქბ"-ის ხელმძღვანელობა, ეგრეთ წოდებული ახალი გურულები. ასეთი ტრიუკი 1998 წელსაც ჩაატარეს. 1998 წელს უმუშევარი ვიყავი  და ვერ გეტყვით, იქ კონკრეტულად რა დატრიალდა, მაგრამ საბანკო მაფიის ხელისუფლებასთან ან ეროვნულ ბანკთან კავშირი აშკარა იყო, რადგან ძალიან მარტივად აკეთებდნენ ყველაფერს: დააგდებდენენ ლარის კურსს, სავალუტო ჯიხურებიც (გადაცვლის ბაზარი) გამზადებული ჰქონდათ და წუთებში დიდ ფულს  აკეთებდნენ.

საქართველოში ჰიპერინფლაცია ამგვარმა ოპერაციებმა გამოიწვია. ხელისუფლების ახსნა-განმარტება, ასეთი რყევა რუსეთის ეკონომიკის ნგრევამ გამოიწვიაო, სასაცილო იყო. რყევა არ დაწყებულა სომხეთში, იმ ქვეყანაში, რომელიც რუსულ ეკონომიკასთან უფრო იყო მიბმული, ვიდრე ჩვენ. მათ შეგნებული დარტყმა მიაყენეს ქართულ ფულად რეფორმას და დიდი ფული გააკეთეს. ეს რომ ვთქვი, შევარდნაძემ მიპასუხა, შენ კარგი ბანკირი ხარ, მაგრამ გულღრძო კაცი ყოფილხარ, ახალგაზრდებს პატარა შეცდომა მოუვიდათ და შენ კიდევ წამოაძახეო.

- იქნებ გაგვიშიფროთ "პატარა შეცდომებს" როგორ უშვებენ?

- მთავარი ინფორმაციაა. თუკი მე, ნოდარ ჯავახიშვილმა, ვიცი, რომ ხვალ დოლარის კურსი აიწევს, ვიყიდი დოლარს დღეს და გავყიდი მაშინ, როცა კურსი მაქსიმალური იქნება, ან პირიქით. როცა გადაცვლის პუნქტები გაქვს შესაბამისი ვალუტითურთ, ფული წყალივით მოდის.

ახლა ვნახოთ, რას ნიშნავს კურსის მომენტალურად გამოცხადება. სავალუტო ბაზარზე ვაჭრობა მიმდინარეობს. ეროვნულ ბანკს შეუძლია, კურსი მომენტალურად კატასტროფულად ასწიოს ან დააგდოს, რადგან ამ ვაჭრობაში ბანკი მონაწილეობს და მილიარდ-ნახევარზე მეტი სავალუტო რეზერვი აქვს. მას შეუძლია გააკონტროლოს ლარის კურსი, შეუძლია იყიდოს დიდი ოდენობით დოლარი და ლარსა და დოლარს შორის თანაფარდობა დაარღვიოს და პირიქით.

- ვის შეუძლია ეროვნულ ბანკს უბრძანოს და კონკრეტული კურსი გამოაცხადებინოს?

- სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მართავენ ყველაფერს, მათ გარეშე ვერავინ გაფაჩუნდება. ეროვნული ბანკისთვის ასეთი მითითების მიცემის უფლება არავის აქვს, მაგრამ ამას ვინ დაგიდევს. მათი გავლენის სფეროები განუზომელია.

მახსოვს, დილაადრიან გამოაცხადეს, რუსულ რუბლს აღარ ვიღებთო და ატყდა პანიკა. ხალხი რუსულ ფულს შავ ბაზარზე ნახევარ ფასად ყიდდა. პანიკა 4 საათში დამთავრდა, კაპიკებად ნაყიდი რუბლი თავიანთ ბანკებში გადაცვალეს და 100-პროცენტიანი მოგება ნახეს.

- გამოდის, პანიკა მთავარი მონაწილეა ასეთ საქმეებში.

- რა თქმა უნდა.

- ბატონო ნოდარ, რას მივაწეროთ ეკონომიკური განვითარების მინისტრ ბაინდურაშვილის განცხადება, ლარის კურსი დაეცემაო.

- მე რომ ჟურნალისტი ვყოფილიყავი, აუცილებლად ვკითხავდი, ამის რა საფუძვლები არსებობდა, მერე  ეროვნულ ბანკს დავუკავშირდებოდი და გავიგებდი, რასთან გვქონდა საქმე - წინასწარ გამიზნულ აფერასთან, პანიკის დასათესად გაკეთებულ განცხადებასთან თუ რეალობასთან.

იანვარში ეროვნულმა ბანკმა 45 მლნ დოლარის სადეპოზიტო სერტიფიკატი გაყიდა.  მოთხოვნა 80 მილიონის სადეპოზიტო სერტიფიკატზე იყო. საკითხავია, თუ 45 მლნ დოლარის სერტიფიკატმა სიტუაცია არ დაასტაბილურა, გაეყიდათ 60 მილიონის და ეს ამბავი არ მოხდებოდა. გგონიათ, ხვალ ამას პარლამენტის თავმჯდომარე ან მთავრობის რომელიმე წევრი წაიკითხავს და ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ? არა, იმიტომ, რომ შეთანხმებულია ყველაფერი. შარშან, შემოდგომას, პარასკევ საღამოს რომ ლარის კურსი დააგდეს, რა იყო ეს, თუ არა შეთქმულება სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ? მერე გამოაცხადეს, რომ თურმე ლარის კურსი რეალურზე მაღალი ყოფილა და უნდა გაესწორებინათ.

- პარასკევ დღეს რაიმე მნიშვნელობა აქვს?

- რა თქმა უნდა. შაბათ-კვირას ვაჭრობა არ იმართება და კურსი უცვლელია, ხალხიც გაურკვევლობასა და პანიკაშია. ასეთ რამეებს საგანგებოდ პარასკევს აკეთებენ და ის, ვინც ამას აკეთებს, მაშინვე ან ციხეში უნდა გააქანო, ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.