"გაზი გინდ გვქონია, გინდ - არა"
16-03-2015
"გაზი გინდ გვქონია, გინდ - არა"
"თუ ქსელის გამტარუნარიანობა ზრდად მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს, მაშინ საჭიროა რეაბილიტაცია, რაც მერე ტარიფზე აისახება"

ბუნებრივ აირთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემაზე მომხმარებელი წლებია საუბრობს: ზოგი დამატებითი თანხის დარიცხვას უჩივის, ზოგს მიწოდებული ბუნებრივი აირის თბოუნარიანობა არ აკმაყოფილებს, ზოგსაც _ მისი წნევა. გაზის წნევის ვარდნისა და თბოუნარიანობის თაობაზე არაერთი საჩივარი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაშიც (სეწმეკ) შედის. კომისია, რომელიც წარმოადგენს შუამავალს მომხმარებელსა და გაზგამანაწილებელ კომპანიებს შორის, იწყებს მონიტორინგს და შეამოწმებს ბუნებრივი აირის
წნევას როგორც უბნებში, ასევე ინდივიდუალურად.

ნუკრი შავშიშვილი, თბილისის მკვიდრი: "გაზი გინდ გვქონია და გინდ არა. ღამის 3 საათზე იმატებს ხოლმე წნევა და მხოლოდ ამ დროს არის შესაძლებელი, წყლის გამათბობელმა ნორმალურად იმუშაოს. განსაკუთრებით პრობლემურია ზამთარი, როცა საყოფაცხოვრებო გაზის მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება. არაერთხელ მივმართე გაზგამანაწილებელ კომპანიას და
ავუხსენი, რომ ბუნებრივი აირით, ფაქტობრივად, ვერ ვსარგებლობ, მაგრამ ამბობენ, ეს სეზონური პრობლემააო. ჩემთვის რა ნუგეშია, სეზონურია თუ არასეზონური, ფაქტია, დღის განმავლობაში სახლს ვერ ვათბობთ".

ლალი მოდებაძე, თბილისის მკვიდრი: "გაზქურაზე ჩაიდნით წყალი რომ ავადუღო, ნახევარი საათი მაინც მჭირდება. ამასობაში კი მრიცხველი წერს და ბუნებრივი აირის გადასახადს ემატება. ამბობენ, გაზს ჰაერს ურევენ, რომ წვა მეტხანს დასჭირდეს და აბონენტებისგან რაც შეიძლება მეტი ფული ამოიღონო. როგორც ვიცი, თბილისის ყველა უბანში არა აქვთ ეს პრობლემა, ჩანს, სხვადასხვა გაზი მიეწოდება ქალაქის სხვადასხვა უბანს. ფაქტი ის არის, რომ ამაზე პასუხს არავინ აგებს".

ივანე პირველი, სეწმეკ-ის ბუნებრივი აირის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: "ბუნებრივი აირის წნევასთან დაკავშირებით შეიძლება სხვადასხვა პრობლემა იყოს, ამიტომაც დავიწყეთ კვლევა. იყო ეჭვი, თითქოს ჰაერის შეპარება ხდება ბუნებრივ აირში, მომხმარებელს ბუნებრივი აირი არასამუშაო წნევით მიეწოდება და თბოუნარიანობა საკმარისი არ არის. რადგან საზოგადოებაში ეს კითხვები გაჩნდა, კომისიამ ითანამშრომლა გაზის გამანაწილებელ და გაზის ტრანსპორტირების კომპანიებთან და გვაქვს პირველადი მონიტორინგის შედეგები. ჰაერის შეპარებას რაც შეეხება, არც ერთი გაზის სპეციალისტი ამას არ დაგიდასტურებთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ
თუ მილსადენში ჰაერს შევაპა­რებთ, ის, უბრალოდ, აფეთქდება.

წნევასთან დაკავშირებით რამდენიმე ტიპის პრობლემა გამოიკვეთა. მაგალითად, შეიძლება არსებობდეს აბონენტის შიდა ქსელის პრობლემა, როცა ხდება დანადგარის დამატება თვითნებურად, ისე, რომ აბონენტი გაზგამანაწილებელ კომპანიას არ შეუთანხმდება. ამ ოჯახის მოთხოვნა და მოხმარება იზრდება, ხოლო ქსელის გამტარუნარიანობა ფიქსირებული რჩება. მეორე შემთხვევა შეიძლება იყოს, რომ მრიცხველი "გაჭედა" და გაზს შესაბამისი წნევით ვერ აწოდებს. მესამე პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ შესაბამისი წნევა არ არის გაზმარეგულირებელ პუნქტში და ამიტომაც არ მიეწოდება მომხმარებელს სათანადო პარამეტრით. თუ უფრო მასშტაბურ პრობლემაზე ვისაუბრებთ, ეს შესაძლოა იყოს საერთო, უბნის პრობლემა. მაგალითად, თბილისის ზოგიერთ უბანში ბუნებრივი აირის მილის გამტარუნარიანობა, რომელიც 20-30 წლის წინ არის გაყვანილი, შეზღუდულია და ზრდად მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს. ასეთ ვითარებაში აუცილებელია ქსელის რეაბილიტაცია. სწორედ აქ უკვე კომისიასა და გაზგამანაწილებელ კომპანიას შორის თანხმდება რეაბილიტაციის საინვესტიციო გეგმა და შესაბამისად, შემდეგ ეს ტარიფზე აისახება.

მომხმარებელთა საჩივრების საფუძველზე გადავწყვიტეთ, პრობლემები ინდივიდუალურად შევისწავლოთ. ამიტომ სეწმეკ-ი იწყებს გაზის წნევისა და კალორიულობის შემოწმებას".

ირაკლი ოყროშიძე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის კომერციული დეპარტამენტის დირექტორი: "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ყოველდღიურად იღებენ გაზის სინჯებს 12 სხვადასხვა წერტილიდან. საქართველო გაზს იღებს რამდენიმე წყაროდან: რუსეთის ფედერაციიდან, სამხრეთკავკასიური მილსადენიდან და აზერბაიჯანიდან. არის ადგილობრივი გაზიც, ოღონდ საქართველოს საჭიროებასთან შედარებით ის უმნიშვნელო მოცულობისაა. სინჯები მოწმდება კალორიულობის, შემცველობის, სიმკვრივისა და სხვა პარამეტრების მიხედვით. ჩვენი კომპანიის ამოცანაა, მიიღოს გაზი საზღვარზე და ქალაქთან ან სოფელთან მიიტანოს. ჩვენ არ ვყიდით გაზს, არ ვეწევით დისტრიბუციას.

შემოდინებული გაზის პარამეტრები ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ სტანდარტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
თბილისი სამი წერტილიდან მარაგდება, საიდანაც გაზის მიწოდება ხდება ხან ერთი და იმავე, ხან სხვადასხვა წყაროდან. თუმცა, ქალაქის გაზგამანაწილებელი სადგური ერთი დიდი ზიარჭურჭელია, სადაც სამივე წყაროდან მიღებული გაზი ერთმანეთს ერევა.

შეუძლებელია, თბილისის რომელიმე უბანმა მიიღოს, ვთქვათ, რუსული გაზი, დანარჩენებმა კი - აზერბაიჯანული".
გიო
24 მარტი 2015 09:18
ქალბატონ ლალი მოდებაძეს "დავამშვიდებ" - მთელ თბილისშია ეს პრობლემა, ძალიან დიდხანს უნდება ჩაიდანის ადუღებას. რაც შეეხება ამას: "თუ მილსადენში ჰაერს შევაპა­რებთ, ის, უბრალოდ, აფეთქდება. "-ს, დიახ ასეა, წარმოიშობა მგრგვინავი გაზი. მაგრამ სხვა ტექნოლოგია გაქვთ დამუღამებული, არა ასეთი პრიმიტიული და ეს ჩემზე კარგად იცით! უვარგის, დაბალკალორიულ გაზს ყიდით ძალიან ძვირად!!!!

რედაქტორის რჩევით