საგადასახადო შემმოწმებლები "ვადებს აგრძელებენ"
23-03-2015
ეკონომისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, განაახლოს საგადასახადო შემოწმებების სისტემა და ვადები შეამციროს, ხოლო კონკურენციის სააგენტოს - ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევა დაასრულოს. ბოლო დროს საგრძნობლად იმატა ბიზნესის წარმომადგენლების პრეტენზიებმა - საგადასახადო შემოწმებების გახშირებისა და მათი ხანგრძლივობის ზრდასთან დაკავშირებით.

ლევან კალანდაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ის მანკიერი პრაქტიკა, რაც წარსულში საგადასახადო ორგანოებსა და ბიზნესს შორის იყო დამკვიდრებული, დღეს აღმოფხვრილია. საგადასახადო შემოწმებისას მაკონტროლებლები აღარ ლუქავენ და აღარ აჩერებენ ბიზნესის საქმიანობას, მაგრამ რჩება ხარვეზები. მხედველობაში მაქვს თავად საგადასახადო
შემოწმებების სიხშირე და ხანგრძლივობა, რაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კომპანიებისთვის. ეს არ არის რომელიმე ერთი ბიზნესსფეროს ან ერთი დარგის პრობლემა. კონკურენციის სააგენტომ ვერა და ვერ დაასრულა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაანონსებული ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევა. მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა გაეცეს პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც დღემდე
არსებობს როგორც საწვავის ფასწარმოქმნასთან, ასევე საერთაშორისო ფასებთან მის შესაბამისობასთან დაკავშირებით. საზოგადოება ამ შეკითხვებზე პასუხს ელოდება, კომპანიები კი - შემოწმების დასრულებას.

ძალიან არ მინდა, მეწარმეებს გაუჩნდეს განცდა, რომ საკუთარი უფლების დაცვა, სწორი კომუნიკაცია ხელისუფლებასთან შედეგის მომტანი არ არის და ამან რეციდივის სახე მიიღოს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პირობები, გვაქვს წინსვლაც წინა პერიოდთან შედარებით, როცა ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობა სრულიად სხვა ფორმატში იყო გადასული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ქვეყანაში განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესგარემოს შექმნისთვის.

არავინ ამბობს, რომ საგადასახადო შემოწმებები არ უნდა ეწყობოდეს, მაგრამ მეწარმეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ თუ მისი საქმიანობის პერიოდი უკვე შემოწმებულია და დასკვნაც გამოტანილი, მასთან რაღაც დროის განმავლობაში მაკონტროლებელი აღარ შევა".

იმედა დვალიძე, იურისტი: "საგადასახადო კოდექსის მიხედვით, მაკონტროლებელს ფინანსური შემოწმებისთვის 90-დღიანი ვადა აქვს განსაზღვრული, მაგრამ 90 დღე ორჯერ და სამჯერ გადის, სანამ ბიზნესი ფინანსური უწყებისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შემდეგ იწყება გასაჩივრების პროცესი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი საქმის განხილვისთვის ითვალისწინებს 2-თვიან ვადას და მაქსიმუმ კიდევ 2 თვით გახანგრძლივებას. მაგრამ არ მახსოვს მაგალითი, ეს ვადა დაცული ყოფილიყო. შემდეგ, სააპელაციო ინსტანციაში დადგენილია კანონით 2-თვიანი ვადა, მაგრამ არც ეს პირობა სრულდება. ამ პრობლემას აუცილებლად უნდა ეშველოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გვაქვს ვითარება, როცა მეწარმეებს ურჩევნიათ, თუნდაც დაუმსახურებლად დაჯარიმდნენ დღესვე, ვიდრე ყველა ინსტანციის გავლით საშუალოდ 3 წელიწადს იდავონ.

ხშირად ხდება, რომ ერთი წლის წინ შემოწმების ერთი ეტაპი დასრულებულია, მაგრამ მაკონტროლებელი იმავე პერიოდს დაუბრუნდეს იმ საბაბით, რომ თითქოსდა ახალი ინფორმაცია მიიღო ან ახალი გარემოებები აღმოჩნდა. საფუძველს ყოველთვის იპოვიან, რომ ერთი და იგივე საწარმო რამდენჯერმე შეამოწმონ.

კიდევ ერთი პრობლემა - რიგითი მაკონტროლებელი, იმის შიშით, რომ მასზე კორუფციასთან დაკავშირებული ეჭვი არ გაჩნდეს, ცდილობს, არარსებული შექმნას, ბიზნესი უსამართლოდ დააჯარიმოს და თუ მეწარმე გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას, მისმა ზემდგომებმა გაამართლონ. ამასობაში კი აყადაღებენ მეწარმის ქონებას ან დავის პერიოდში საბანკო გარანტიის წარდგენა არის საჭირო, რაც თანხასთან არის დაკავშირებული.
გამოდის, ის ადამიანური რესურსი, საგადასახადო უწყების ქვედა რგოლი, ტყუილად არსებობს, რადგან ყველა საკითხი მაინც ზემდგომი პირების დონეზე წყდება".
ალექს
29 მარტი 2015 10:36
სახელმწიფო დგას რეპრესიულ რალსებზე,,მას პასუხისმგებლობის ტვირთი რეალუარად არ გააჩნია,მხოლოდ ქაღალდზე,ფორმალურად,თუ სახელმწიფომ მოქალაქეს მიაყენა ზიანი,ის პასუხს არ აგებს,ხშირად სახელმწიფო ეს სახელმწიფო მოხელეა,რეალური პასუხისმგებლობა არც მას ეკისრება,ამიტომ მოაქალაქე ,გადასახადის გადამხდელი აბსოლუტურად დაუცველია,შედეგი სახეზეა.
სახელმწიფო მოხელე და ბიზნესმენი განსხვავებული ფსიქო ტიპებია,თუ მათი როლი არეულია,შედეგი დალაგებული ვერ იქნება,ანუ მოხელე ბიზნესში კატასტროფაა,ბიზნესმენი ხელისყუფლებაში,ასევე კატასტროფაა.
დიდ ხანს ამ თამაშს ვერ ვითამაშებთ,დასასრულის დასაწყისის სტადიაში ვართ,უნდა ვაღიაროთ რაც გვჭირს და მოვიქცეთ ისე როგორც საღი აზრი გვკარნახობს,ჩავეტიოთ იმ ჩარჩოებში,რასაც სახელმწიფო და ეკონომიკური საქმიანობა გვკარნახობს.

რედაქტორის რჩევით