ნოდარ ხადური: თავს არავის ვაცოდებ, მაგრამ... ყოველთვის ეკონომკლასით დავფრინავ - კვირის პალიტრა

ნოდარ ხადური: თავს არავის ვაცოდებ, მაგრამ... ყოველთვის ეკონომკლასით დავფრინავ

"მოსახლეობა გაცილებით სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ელოდა და ეს ვერ მივიღეთ"

გაუფასურებული ლარი, გაზრდილი ფასები და არაპროგნოზირებადი ბიზნესგარემო - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რამაც ბოლო პერიოდში იჩინა თავი. დაუშვა თუ არა მთავრობამ შეცდომა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისას და იყო თუ არა შესაძლებელი ეროვნული ვალუტის შოკური გაუფასურების თავიდან აცილება, ამ და სხვა საკითხებზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა "პალიტრა TV"-ის გადაცემა "ბიზნეს-PRESS"-ში ისაუბრა. "კვირის პალიტრა" ინტერვიუს მცირე ნაწილს გთავაზობთ, გადაცემას კი "პალიტრა TV"-ის მაყურებელი 30 მარტს, 22:30-ზე იხილავს.

ნოდარ ხადური, საქართველოს ფინანსთა მინისტრი: "მესმის ყველა იმ ადამიანის, ვისთვისაც დღევანდელი მდგომარეობა მძიმეა და ყველაზე კარგად ფინანსთა მინისტრმა იცის, რა ვითარებაა ქვეყანაში. იცის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფინანსთა მინისტრია და ბევრი ინფორმაცია აქვს, არამედ იმიტომაც, რომ უშუალოდ აწყდება იმ რეალობას, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. ბევრი რამ გაკეთდა ბოლო დროს.

სამწუხაროდ, დღეს ჩანს მხოლოდ პრობლემები და არ ჩანს გაკეთებული საქმეები. ნამდვილად არ მინდა თქმა, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი ცუდად არ არის.

ბევრი რამ არის გაუმჯობესებული. ცხოვრების დონეც კი, რომელზეც დღეს ყველა წუხს, ბოლო 2 წელიწადში, რეალურ მაჩვენებლებში მცირედით, მაგრამ გაზრდილია - 8%-ით.

8-სულიან ოჯახთან ერთად ვცხოვრობ გლდანში, 4-ოთახიან ბინაში. ჩემი მშობლები, ხანდაზმული ადამიანები, თვიდან თვემდე ელოდებიან 150-ლარიან პენსიას და 1-ელ სექტემბერს, როცა ის 10 ლარით გაეზრდებათ.

უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ პრობლემები დროებითია და მათი საშუალებით ვინმეს მანიპულირების საშუალება არ უნდა მივცეთ.

- რუსეთისა და უკრაინის ვითარებიდან გამომდინარე, ხომ იყო შესაძლებელი გათვლა, როგორი იქნებოდა მათი პრობლემების გავლენა საქართველოზე?

- რუსეთისა და უკრაინის გავლენა საქართველოს ეკონომიკასა და განსაკუთრებით, ექსპორტზე, მხოლოდ 15%-ია. სულ რომ ჩაკეტილიყო ეს ორი ბაზარი ჩვენთვის და ამ ორ ქვეყანასთან არანაირი სავაჭრო ურთიერთობები არ გვქონოდა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5%-ის ნაცვლად 4%-ზე უნდა დაგვეგეგმა. როგორ ფიქრობთ, ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში, როცა ჩვენ ბიუჯეტზე ვმუშაობდით და მუშაობდნენ სავალუტო ფონდშიც, რუსეთისა და უკრაინის ეკონომიკასაც ხომ აკვირდებოდნენ? ისინიც დაგვეთანხმნენ, რომ სავსებით რეალისტური იყო 5%-იანი ეკონომიკური ზრდა.

- რომელიც შეიცვალა და შესაძლოა, განახევრდეს კიდეც.

- ოფიციალურად ჯერ არ არის შეცვლილი, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა გაჭირდება. იანვარში ეკონომიკური ზრდა იყო დაახლოებით 0,5%. ეს ცუდი მაჩვენებელია. თებერვალში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 15%-ზე მეტით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 4-4,5% იქნება თებერვალში. ბევრი რამ აჩვენებს, რომ ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში გაუმჯობესდა.

გასულ წელს 1,3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საქართველოს ასეთი მაჩვენებელი 2008 წლის ომის შემდეგ არ ჰქონია...

მსოფლიოში ცხოვრების დონით 114-ე ადგილზე ვართ. ასე ვიყავით შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს და სამწუხაროდ, დღესაც ასე ვართ.

არაფერი შეცვლილა იმ 9 წელიწადში, ასე რომ გვაყვედრიან და ყელში ამოგვიყვანეს.

- შეიძლებოდა თუ არა პრევენციული ზომების მიღება, რომ ლარის ასეთი შოკური გაუფასურება არ მიგვეღო?

- როგორ გგონიათ, აზერბაიჯანული მანათი რატომ გაუფასურდა ერთ ღამეში შოკურად?

- როგორც ვიცი, ცენტრალური ბანკი ხელოვნურად ჩაერია ამ პროცესში...

- მანამდეც ერეოდა და თვეში 1-1,2 მილიარდი დოლარის ინტერვენციას აკეთებდა. როცა მიხვდნენ, ამის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, ეროვნული ვალუტა ერთ ღამეში 34%-ით გააუფასურეს. ევროზონაში რა ხდება? რა ღირს ახლა დოლარი ევროს მიმართ და რა ღირდა 1-2 თვის წინ?

- გსურთ თქვათ, რომ დოლარი სხვა ძირითადი ვალუტების მიმართ გამყარდა და ლარის გაუფასურებაში დამნაშავე მხოლოდ გარე ფაქტორებია?

- პრობლემების ჯაჭვია, რომელსაც ერთგვარი დომინოს ეფექტი აქვს. დავიწყოთ იმით, რომ მოსახლეობა ელოდა გაცილებით სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და ეს ვერ მივიღეთ...

- იქნებ თვით ხელისუფლებამ შეუქმნა ამის გადაჭარბებული მოლოდინი?

- ხშირად, როგორი მოლოდინიც არის, ისეთია მომავალი პერიოდიც, რა თქმა უნდა, თუ რამე შოკები არ ხდება. შოკი შეიძლება იყოს როგორც გარე, ისე შიდა.

შიდა შოკები, მადლობა ღმერთს, არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები და ეს პატარა შოკუნიები არის ჩვენი ოპონენტების სურვილი, ცეცხლში გახვეული საქართველო ნახონ. ეს ყველაფერი მოსახლეობაში ნიჰილიზმის დათესვის მცდელობაა. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ჩაბღაუჭებული არიან წარსულს. აი, ეს არის საქართველოს ეკონომიკის მთავარი პრობლემა.

როგორ ფიქრობთ, ვიღაც რომ დაიწყებს საუბარს იდიოტურ იდეაზე, რომელსაც "იმპიჩმენტი" ჰქვია, ეს ბიზნესმენებს გაახარებს და გამოიქცევიან აქ ინვესტიციების დასაბანდებლად?

- თქვენ უკვე შემოიჭირეთ ქამარი თუ ჯერ არა?

- ხელისუფლებამ ადმინისტრირებისთვის ბევრი თანხა არ უნდა დახარჯოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა გავზარდოთ და არ დავაფინანსოთ ყველა ნაკისრი სოციალური ვალდებულება. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ კაპიტალური და ინფრასტრუქტურული ხარჯები უნდა შევამციროთ. უკვე შევამცირეთ საწვავის, კომუნიკაციის ხარჯი. განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე არ შევიძენთ ავეჯს, ავტომობილებს და სხვ.

ე.წ. გრძელ, ტრანსატლანტიკურ რეისებზე მინისტრს პროტოკოლით ეკუთვნის ბიზნესკლასით მგზავრობა. მე ყოველთვის ეკონომკლასით დავფრინავ. თავს არავის ვაცოდებ, მაგრამ ვიცი, რომელი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ვარ. ჩემს დანიშვნამდე ერთი კვირით ადრე ნაყიდი მანქანით დავდივარ.

- ცოტა ხნის წინ 67 ბიზნესკლასის "ტოიოტა ქემრი" შეიძინა თქვენმა სამინისტრომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ღონისძიებისთვის და ამისთვის 4,7 მილიონი ლარი გადაიხადა. რა საჭირო იყო ასეთი ძვირად ღირებული ავტომობილების შეძენა?

- 64 ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია ჩამოდის. მათ შორის იქნება რამდენიმე ათეული ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. პროტოკოლი ითვალისწინებს, რომ ასეთ პირებს უნდა ემსახურებოდეს ბიზნესკლასის ავტომობილები. 2000 ბიზნესმენი ჩამოვა თბილისში, ჩვენი დედაქალაქი, მინიმუმ, ევროპის ბიზნესცენტრი გახდება: გაიმართება უამრავი მოლაპარაკება, რაც მნიშვნელოვან ინვესტიციებს დაუდებს საფუძველს. როცა EBღD-მა გადაწყვიტა, ეს ღონისძიება თბილისში გამართულიყო, დავიწყეთ 60 ერთნაირი ბიზნესკლასის სედანის მოძიება ქვეყანაში, სამინისტროებში, სხვადასხვა უწყებაში და ვერ ვიპოვეთ. მერე ვიფიქრეთ, მანქანები დაგვექირავებინა და მეზობელ ქვეყნებში მოვიკითხეთ. დაახლოებით იგივე თანხა უნდა გადაგვეხადა, რაც ამ ავტომობილების საქართველოში შეძენა დაგვიჯდებოდა. თბილისში წლეულს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ეწყობა და გვთხოვეს, ეს ავტომობილები შემდეგ მათ გადავცეთ მაღალი დონის სტუმრების მომსახურებისთვის. ფესტივალის შემდეგ კი ეს მანქანები გადანაწილდება სამინისტროებზე, სხვა სახელმწიფო უწყებებზე და ჯიპების ნაცვლად, მინისტრები სედანებით ივლიან. როგორ გგონიათ, "ტოიოტა 200", რომლითაც მინისტრები ახლა დადიან (მეც არანაკლები, "ლექსუსის" ჯიპი დამხვდა) მეტ საწვავს არ წვავს, ვიდრე "ტოიოტა ქემრი"? ან უფრო უფრო ნაკლები ღირს? იმ ჯიპებს კი გავყიდით. ასევე, "ტოიოტა ქემრით" ჩავანაცვლებთ ამორტიზებულ მანქანებს. არც ერთი მინისტრი არ დადის ჩვენი მთავრობის დროს ნაყიდი ჯიპით. ძალიან გვინდოდა, ჰიბრიდული მანქანები ყოფილიყო, მაგრამ 8 ათასი დოლარით უფრო ძვირი ჯდებოდა.

- როცა ფინანსთა მინისტრად მოხვედით, ამბობდით, რომ ბიზნესი ლიმონივით გამოწურული დაგხვდათ. ახლა ამას თქვენი მისამართით ამბობს ბიზნესი... გაზრდილია საგადასახადო შემოწმებების სიხშირე და ვადები.

- როცა ჩვენ ვლაპარაკობდით ლიმონივით გამოწურულ ბიზნესზე, ვგულისხმობდით იმას, რომ "შეწერილი" იყო არა მხოლოდ ფული გადასახადის სახით, არამედ კონკრეტული პროექტები. ბიზნესმენს დაიბარებდნენ და ეტყოდნენ, ახლა წადი და სადღაც რაღაც ააშენეო. ახლა ვერავინ იტყვის, რომ ვინმეს რამე დავაძალეთ. საგადასახადო შემოწმებას კი თავისი წესები აქვს. ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტრო 1300 კომპანიას ამოწმებს და მხოლოდ 67-ში არის რისკი, დადგენილ ვადაში ვერ ჩავეტიოთ. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ასეთი ვადები არ არსებობს, რომ მაინცდამაინც სამ თვეში უნდა დაასრულო შემოწმება, რადგან ამ ვადაში შესაძლოა ყველა საბუთი ვერ ვნახოთ.

- პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა მინისტრის მუშაობით კმაყოფილი არ არის.

- მაგრამ პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ არც ერთი მინისტრის შეცვლას არ აპირებს.