"იმპორტირებული ხორცი შეიძლება ნებისმიერ ეტაპზე დაბინძურდეს" - კვირის პალიტრა

"იმპორტირებული ხორცი შეიძლება ნებისმიერ ეტაპზე დაბინძურდეს"

წლებია, რაც საქართველოს მოსახლეობა უცხოეთიდან იმპორტირებულ ხორცპროდუქტს მოიხმარს, თუმცა, რამდენად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ამის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. ხინკლის, პელმენის, სოსისისა და სხვა პროდუქტების უმრავლესობა, სპეციალისტების თქმით, სწორედ იმპორტირებული ფარშისგან მზადდება. გასულ თვეში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე საწარმოს ხორცპროდუქტში აღმოაჩინა ბაქტერიები: სალმონელა და ლისტერია მონოციტოგენეზი, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

სურსათის სააგენტომ საწარმოები 1.000-1.000 ლარით დააჯარიმა და დაავალდებულა, პროდუქცია ქსელიდან ამოიღონ, დაავადებული პროდუქტის განადგურება კი სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფს დაავალეს. ჩვენ დაჯარიმებულ მეწარმეებს დავუკავშირდით, თუმცა, საუბრის სურვილი მხოლოდ შპს "რაჭის" მფლობელმა, დავით მაისურაძემ გამოთქვა:

"ჩვენ დალუქული, დაფასოებული ხორცი შემოგვაქვს. იმპორტიორი ქვეყნის კომპანიას სერტიფიკატს ვთხოვთ, რომელსაც ვენდობით. ბაქტერიები ნედლეულს მოჰყვება, ის ჩვენთან არ ბინძურდება.

კონტეინერით რამდენიმე ტონა პროდუქტი შემოდის, შეიძლება ორში ბაქტერია არ იყოს, მაგრამ ერთში აღმოჩნდეს. ამას ვერ გავაკონტროლებთ. ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.

მე ყოველთვე პროდუქციას ლაბორატორიაში ვამოწმებ და მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. როგორც ჩანს, პარტია შემოვიდა, რომელიც არ გააკონტროლეს და ამ ანტირეკლამაში ჩვენი საწარმოც მოჰყვა. პირველად

დამაჯარიმეს, მაგრამ მაგას ვჩივი? სახელი გაგვიტეხეს, საქონელს ვეღარ ვყიდით. აქამდე ბიუჯეტში თვეში 22-23.000 ლარი შემქონდა, ახლა 2.000 ლარსაც ვერ შევიტან.

ჯერ კვლევა ჩაატარონ, დაადგინონ, ვისი ბრალია და მერე გამოაცხადონ, ვისი პროდუქციაა უვარგისი. იქნებ მომწოდებელია დამნაშავე ან მწარმოებელი?

- თქვენ ხომ მწარმოებელიც ხართ?

- დიახ, მაგრამ ნახეთ, ჩემს საწარმოში როგორი სისუფთავეა, ამიტომაც ვეჭვობ მომწოდებლისგან მიღებულ ხორცზე. თუმცა, ლისტერია "რაჭის" მხოლოდ იმ ნაწარმში აღმოჩნდა, რომელსაც დამზადებისას სოია ემატება. მეც შევამოწმებინე და სწორედ სოია აღმოჩნდა დაბინძურებული... რაკი საბაჟოზე ყველაფერი ლაბორატორიულად არ მოწმდება, მომავალში თავად მომიწევს ყველა პროდუქტის შემოწმება".

სურსათის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ ყოველ იმპორტირებულ პარტიას საზღვარზე შემოსავლების სამსახური დოკუმენტურად და ლაბორატორიულად ამოწმებს. პროცედურების გავლის შემდეგ პროდუქციას საზღვრის გადმოკვეთის უფლება ეძლევა. როცა ქსელში განთავსდება, მას სურსათის სააგენტო შეამოწმებს...

საპირისპიროს ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს" ხელმძღვანელი ზურაბ ფუტკარაძე:

"ხორცში ბაქტერიების გამოსავლენად საჭიროა მიკრობიოლოგიური, ლაბორატორიული კვლევები, რაც ხანგრძლივი პროცესია. საბაჟოზე ლაბორატორიულ კვლევას არავინ ატარებს. რაც უნდა კარგი სპეციალისტი იყოს, დათვალიერებით ვერ მიხვდება, ხორცში სალმონელაა თუ ლისტერია".

სააგენტოს საიტზე 9 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: "სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ფარშის, პელმენისა და ხინკლის ნიმუშები თბილისში, ხაშურსა და ახალციხეში საცალო ვაჭრობის ობიექტებიდან აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგები 7-10 დღეში გახდება ცნობილი, რასაც მოსახლეობას ვაცნობებთ".

იქვე მითითებულია, რომ სააგენტომ მოკვლევა ორი არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ჩვენ დავუკავშირდით ერთ-ერთ მათგანს - "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" ქუთაისის ფილიალს, სადაც განმარტეს, რომ სანამ სურსათის სააგენტოს მიმართავდნენ, ანალიზი სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ ლაბორატორიაში ჩაატარეს. გამოდის, სურსათის სააგენტომ სხვების დაკვეთით ჩატარებულ ანალიზზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ზემოხსენებული საწარმოების ხორცპროდუქტები საკვებად უვარგისია და მეტიც, ეს საწარმოები დააჯარიმა კიდეც. ამასთან, 9 მარტის განცხადების თანახმად, საბოლოო პასუხი 7-10 დღEეში უნდა დადებულიყო, თუმცა, 3 აპრილის მდგომარეობით, დამატებით არაფერი არ იყო გამოქვეყნებული.

მიუხედავად იმისა, რომ განცხადება საკუთარი თვალით ვნახეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს საიტზე, აქ გადაჭრით განგვიცხადეს, რომ შეუძლებელი იყო, საიტზე ასეთი ინფორმაცია განეთავსებინათ, სანამ კვლევის შედეგები არ დაიდებოდა...

კახა სოხაძე, სურსათის დეპარტამენტის უფროსი:

"იმის დადასტურება, რომ მაინცდამაინც იმპორტირებული ხორცი იყო დაბინძურებული, ძნელია.

შესაძლოა, საწარმო და დანადგარები იყო დაბინძურებული. პროდუქტის დაბინძურება ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი.

საბაჟოზე პროდუქტს რამდენიმე დღით აჩერებენ, მაგრამ, როგორც ვიცი, საბაჟო სამაცივრე დანადგარებით უზრუნველყოფილია და შენახვის პირობები დაცულია. იქ ნიმუშებსაც იღებენ და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გზავნიან. ეს სურსათის ეროვნული სააგენტოს კომპეტენცია არ არის".

შემოსავლების სამსახურში "კვირის პალიტრას" განუცხადეს, რომ საბაKჟოზე პროდუქციას გარეგნული დათვალიერება უტარდება და მხოლოდ დაეჭვების შემთხვევაში იგზავნება კონკრეტული სინჯები ლაბორატორიაში. პასუხის მიღებამდე პროდუქცია საბაჟოზე ყოვნდება და ამ დროის განმავლობაში მისი მაცივრებში სათანადოდ შენახვა შემომტან ფირმებზეა მინდობილი.

გია ბურჯანაძე, "ანტიკორუფციული კავშირის" ხელმძღვანელი: "განცხადებები შესაბამისი დასკვნით უნდა იყოს გამყარებული. ანალოგიური შოუ დადგეს მარილზეც - ჯერ დასკვნა არ არსებობდა, როცა სააგენტომ განაცხადა, ირანულ მარილში ტყვიის მაღალი შემცველობააო და მოსახლეობა პანიკაში ჩააგდეს. ზოგჯერ კონკურენტები ერთმანეთის ჩასაძირად სააგენტოს ცრუ ინფორმაციას აწვდიან. ასეთი განცხადებები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელს შეუშლის".

სალომე გოგოხია