ქართული ავტობიზნესის გასაჭირი და ცვლილებების მოლოდინი
06-04-2015
ქართული ავტობიზნესის  გასაჭირი და ცვლილებების მოლოდინი
ისეთი ავტომობილების შეყვანა, რომლებიც "ევრო 4" სტანდარტს არ პასუხობს, საავტომობილო ბიზნესი საქართველოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ევროპიდან იმპორტირებული, შედარებით დაბალფასიანი ავტომობილების რეექსპორტი დიდწილად სწორედ აზერბაიჯანში ხდებოდა. მოთხოვნაც მაღალი იყო. იქაური ბაზრის შეზღუდვას მოჰყვა ხარჯების ზრდაც და ბიზნესი, ფაქტობრივად, გაჩერდა. მართალია, ავტომობილების რეექსპორტი კვლავ საქართველოს ნომერ პირველ საექსპორტო პოზიციად რჩება, მაგრამ თანხობრივად მისი მოცულობა სულ უფრო მცირდება.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მსუბუქი მანქანების ბიზნესის ხელშეწყობის
მიზნით, საგადასახადო კოდექსში საგადასახადო პროცედურების შეცვლასა და გამარტივებას გეგმავს.

პროექტის თანახმად, საქართველოში 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილის მფლობელი გათავისუფლდება ჯარიმებისგან, თუ მას მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე გააფორ­მებს ("გააიმპორტებს" ან რეექსპორტით გაიყვანს). ამ რეგულაციით მანქანა მფლობელს, სულ მცირე, 1.000 ლარით "გაუიაფდება".

გარდა ამისა, საქართველოში ავტომანქანის საფასურის გარეშე
ყოფნის 45-დღიანი ვადა გახანგრძლივდება 60 დღემდე. გაუქმდება ჯარიმა საფასურის გარეშე ყოფნის ვადის გასვლიდან კიდევ 90 დღეში გამოუცხადებლობისთვის. ცვლილებების თანახმად, თუ იმპორტიორმა ავტომობილი 90 დღეშიც ვერ გაყიდა, უნდა გამარტივდეს საბაჟო საწყობის რეჟიმში მისი განთავსების პირობები. ამასთან, ეს რეჟიმი, საბაჟო საწყობის გარდა, გავრცელდება სხვა ადგილებზეც (მაგალითად, ბაზრობაზე და სხვ.).

ავტოიმპორტიორები დადებითად აფასებენ საკანონმდებლო ცვლილებებს, მაგრამ დასძენენ, რომ მათი მხრიდან ინიცირებული იყო ამნისტირება მხოლოდ 1-ელ აპრილამდე უკვე დაჯარიმებულ ავტომობილებზე და არა 1-ელ აპრილამდე შემოყვანილ ავტომობილებზე. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო პირდაპირ ეუბნება ავტოდილერს: თუ მომავალშიც დაარღვევ კანონს, არ დაისჯებიო. ავტოდილერების თქმით, ასეთი მიდგომა ბაზარზე ქაოსს გამოიწვევს. გარდა ამისა, ავტოიმპორტიორები ხელისუფლებას სთავაზობენ განბაჟების გერმანული მოდელის შემოღებას, რაც გულისხმობს ქვეყნის შიგნით ავტომობილით სარგებლობის რამდენიმე ვარიანტს: 6-თვიანი ნომრების აღებას, 5-დღიანი ნომრების აღებას და ე.წ. სამეწარმეო ნომრებს, ტარების უფლებით. მათი თქმით, 90-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, მართალია, ჯარიმა აღარ დაერიცხებათ, მაგრამ საჭირო იქნება შესაბამის სადგომზე ავტომობილის გადაყვანა (თავმდები პირის ან საბანკო გარანტიის სავალდებულო წარდგენით). მაგრამ სადგომიდან ავტომობილის გაყიდვა კიდევ უფრო მეტად გაძნელდება.

გიორგი სურგულაძე, "კავკაზუს ბიზნესჯგუფის" ხელმძღვანელი:
"ცვლილებები ახალი სისხლის გადასხმა იქნება ჩვენი ბიზნესისთვის და ბაზარს გამოაცოცხლებს.­ ძალიან ბევრ მანქანას აქვს დარღვეული განბაჟების რეჟიმი. ჯარიმების მოცულობა საშუალოდ 1.500 ლარის ფარგლებში მერყეობს. რაღაც დროის შემდეგ პროდუქცია "გაიწოვება", ბაზარი "შემსუბუქდება" და იმპორტის მოთხოვნა კვლავ გაჩნდება.
აზერბაიჯანის მიერ "ევრო 4"-ის სტანდარტის შემოღებამ პირდაპირ დაარტყა ევროპიდან ავტოიმპორტს.
სომხეთის ბაზარზე ვაჭრობაც შემცირებული კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე და ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრება არაფერ შუაშია, რადგან მათ 2020 წლამდე მისცეს ჩვენგან ავტომობილების შეყვანის შესაძლებლობა. ამ ფონზე აქტიურდება თურქმენეთის მიმართულება. თუმცა, თურქმენეთი ჩაკეტილი ქვეყანაა და არ იციან, რომ საქართველოში ავტომობილების ასეთი დიდი ბაზარია. ხელს გვიშლის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის უქონლობაც, არადა, თურქმენეთი საკმაოდ კარგი და დიდი ბაზარია".

თამარ გვარაძე, "კარექსპრეს-ფორვარდერის" ხელმძღვანელი: "ჩვენი კომპანია შუამავალია კლიენტებსა და მომწოდებლებს შორის. 100-ზე მეტი ავტომობილი გვყავს გაჩერებული ტერმინალის ტერიტორიაზე, რადგან კლიენტები ფულს ვეღარ გვიხდიან. ამის გამო ჩვენ საზღვაო გადამზიდავს ვერ ვუნაზღაურებთ საფასურს. კლიენტი ჩვენთან არის ვალში, ჩვენ კი საზღვაო გადამზიდავის გვმართებს ფული, რომელიც არა გვაქვს".
არჩილ ქურციკიძე, "ვორლდ ტრანსპორტ ნეტვორკის" დამფუძნებელი: "აზერბაიჯანის ბაზრის ჩაკეტვა ხელოვნურად არის პროვოცირებული. იქ ძალიან ბევრი ინტერესი იკვეთება ავტომობილების ბიზნესში. მათი მიზანი მაინცდამაინც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება კი არ არის, არამედ იკვეთება 5-6 ოჯახური კლანის ინტერესები, რომელთაც ახალი ავტომობილები შემოჰყავთ იაპონიიდან, კორეიდან და სხვ. ძველი მანქანების მფლობელს აძლევენ ვაუჩერს, რომლითაც მას ახალი ავტომობილი უპროცენტო კრედიტით გამოჰყავს.

აღსანიშნავია, რომ რაოდენობრივად სომხეთში უფრო მეტი ავტომობილი გადიოდა. რუბლის გაუფასურების შემდეგ კი გაიაფდა რუსეთიდან შეყვანილი ავტომობილები და ვინც დოლარით გეგმავდა მანქანის ყიდვას, სულმა წასძლია და რუსული წარმოების ავტომობილი იყიდა.

საქართველოშიც შეიცვალა ავტოიმპორტის დინამიკა. აქტიურად შემოდის მანქანები იაპონიიდან, თუმცა, მათ შორის არის ავტომობილები რადიაციული რეგიონებიდან, განკუთვნილი უტილიზაციისთვის.
უტილიზაცია ხარჯია, გაყიდვას კი შემოსავალი მოაქვს. ასეთ ავტომობილებს­ იაპონიაში 150-300 დოლარად შეიძენ, მათი გადაადგილება იაპონიის სხვა რეგიონებშიც კი შეზღუდულია, საქართველოში კი შემოდის. ახლა აქტიურად მიდის ლობირება, რომ საქართველოდან აზერბაიჯანში სწორედ იაპონური ავტომობილები გავიდეს. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ვეჭვობ, რომ რაღაც ისე არ ხდება".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით