ზედნადები პრობლემები - კვირის პალიტრა

ზედნადები პრობლემები

გაზრდილ ჯარიმებთან ერთად, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები ორაზროვნებითაც გამოირჩევა

საგადასახადო კოდექსში შესულმა ცვლილებებმა, რომელიც მეწარმეებს სასაქონლო ზედნადების წარდგენასა და აღრიცხვის წარმოებას ავალდებულებს, დიდი მითქმა-მოთქმა და ლამის ქუჩის მასშტაბური აქციები გამოიწვია. წვრილ მოვაჭრეებთან ფინანსთა მინისტრი თავის ფეხით მივიდა და მათი დამშვიდება სცადა: ეს ცვლილებები არ გეხებათო. "ეკოპალიტრა"შეეცადა გაერკვია, მაინც ვის ურთულებს საქმიანობას ახალი საკანონმდებლო ცვლილებები.

ნინო ბარამიძე (მოვაჭრე): "ჩემთვის სასაქონლო ზედნადების წარდგენა ჯერ არავის მოუთხოვია, მაგრამ ჩემი მაღაზიის დისტრიბუტორებს ავალდებულებენ, საქონლის ყოველ გაცემულ პარტიაზე, მოცულობის მიუხედავად, ზედნადები შეავსონ და ჩეკიც ამოარტყან. ზედნადები და ჩეკი აქამდეც მოჰქონდათ, მაგრამ თვეში ერთხელ ან ორჯერ, სადაც საქონლის საშუალო მოცულობა იყო მითითებული, ახლა კი ამ დოკუმენტაციის წარმოებას ყოველდღიურად სთხოვენ. ხუთი პური რომ შემოიტანოს მაღაზიაში, ჩეკიც უნდა ამოარტყას და ზედნადებიც უნდა შეავსოს. უცებ რომ კიდევ ერთი პური დაიმატო, კიდევ თავიდან უნდა მოამზადოს დოკუმენტაცია... არადა, დარღვევა თუ აღმოუჩინეს, 5000-ლარიანი ჯარიმა ემუქრებათ.

ფაქტობრივად ავალდებულებენ დისტრიბუტორებს, ინდმეწარმედ დარეგისტრირდნენ, სალარო აპარატიც შეიძინონ, რომელიც 400 ლარი ღირს. ყველაფრით ფულის გაკეთებას ცდილობენ. მაგალითად, გასულ კვირას საგადასახადოს ინსპექტორმა 100 ლარით დამაჯარიმა იმის გამო, რომ სალარო აპარატის ჩეკზე მითითებული დრო ხუთი წუთით ჩამორჩებოდა მის მაჯის საათს(?!)"

ირაკლი ლექვინაძე (ეკონომიკის ექსპერტი): "ხელთ მაქვს განმარტებითი ბარათი, რომელიც მეწარმეებს მიუვიდათ. ვფიქრობ, მღელვარების გამოწვევის ერთი-ერთი მიზეზი კომუნიკაციის ნაკლებობაა ფინანსთა სამინისტროსა და მცირე მეწარმეებს შორის. ამ ცვლილებებით ხდება ადმინისტრირების გამკაცრება. მცირე მეწარმეებს ბაზრობებსა თუ სავაჭრო ცენტრებში მანამდეც მოეთხოვებოდათ სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება. ახალი ნორმით კი, თუ აღურიცხავი საქონელი აღმოაჩნდებათ, ავტომატურად დაჯარიმდებიან და ეს სანქციები გამკაცრებულია.

მეორე ცვლილება პროდუქციის ტრანსპორტირებას შეეხება. მოითხოვება ზედნადების წარმოება. სადისტრიბუციო კომპანიები ამას აქამდეც აღრიცხავდნენ.

დაბნეულობა იმან გამოიწვია, რომ გაურკვეველი იყო, მოხვდებოდნენ თუ არა ამ დაბეგვრის არეალში ისინი, რომლებსაც, მაგალითად, თბილისში ჩამოაქვთ ყურძენი კახეთიდან, მანდარინი -აჭარიდან. ეს თავიდან არ ყოფილა დაზუსტებული, შემდეგ დაზუსტდა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადაზიდვა, როცა ის არ არის გადამუშავების პროცესამდე მისული, ამ ტიპის დოკუმენტაციის წარმოებისგან თავისუფალია. ეს ბუნებრივიც არის, გლეხი მას ფიზიკურად ვერ მომცემს.

კვების ობიექტებისთვის ქრონომეტრაჟი მანამდეც არსებობდა, ცვლილებები კი გამკაცრებისკენაა მიმართული. მაგალითად, ერთი კვირის განმავლობაში აღრიცხული ბრუნვა ვრცელდება მთელ თვეზე. თუ შემოწმებისას აღმომიჩენენ, რომ მთელი კვირის განმავლობაში ქრონომეტრაჟით დაფიქსირებული ბრუნვა მეტია საგადასახადოში დეკლარირებულ საშუალო ბრუნვაზე, და სხვაობა 10%-ზე მეტი იქნება, სხვაობის ოდენობის ჯარიმა დამეკისრება. ეს პროცესი შეიძლება შეფასდეს, როგორც სუბიექტური. ყველა ბერკეტი აქვს საგადასახადოს ინსპექტორს, რათა მეწარმეს ბრალი დასდოს, რომ ის პირნათელი არ არის საგადასახადო ორგანოების წინაშე.

განმარტებით ბარათშიც ზოგი ადგილი ორმაგი ინტერპრეტირების შესაძლებლობას ტოვებს, მაგალითად, საგადასახადოს ინსპექტორის მცირე მეწარმეებთან ურთიერთობისას. მცირე მეწარმეები კარგად არ არიან ჩახედული საგადასახადო ნორმებში, ბუღალტერიის, დოკუმენტების წარმოებაში და კონტროლიორს შესაძლებლობა ეძლევა, საჭიროების შემთხვევაში, თუნდაც გეგმის შესასრულებლად, მათზე გავლენა მოახდინოს და ჯარიმა გამოწეროს. ამას გარდა, მცირე მეწარმისთვის ეს სიახლეები დაკავშირებულია როგორც დროის, ასევე ფინანსურ დანახარჯებთან. სრულიად გაუგებარია -ვამბობთ, რომ ხელი უნდა შევუწყოთ მცირე ბიზნესს და ამავე დროს ადმინისტრირებას ასე ვამკაცრებთ. ადმინისტრირება მარტივი უნდა იყოს.

კოდექსში ძალიან ზოგადი განმარტებებია. ვთქვათ, ადამიანს აჭარიდან ციტრუსი ჩამოაქვს. თუ მე გლეხისგან ვიყიდი, არ მომეთხოვება არანაირი ზედნადები, მაგრამ თუ ვიყიდი საშემგროვებლო პუნქტში, სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული პირისგან, ასეთ შემთხვევაში უნდა მქონდეს ზედნადები ან ანგარიშფაქტურა, ანუ მე უნდა ვუმტკიცო საგადასახადოს ინსპექტორს, სად ვიყიდე ეს პროდუქტი. შეუძლია არ დამიჯეროს და მაინც დამაჯარიმოს.

რაც შეეხება ბაზრობებს. აქაც მიდგომა ორმაგი შეიძლება იყოს. ნებისმიერ გაყიდულ საქონელზე ზედნადების მოთხოვნით მცირე მეწარმეებისთვის ნებისმიერ დროს შეიძლება შარის მოდება. განმარტებით ბარათში კარგი იქნებოდა მკაფიო დეფინიცია, რა კატეგორიის ადამიანებს მოეთხოვებათ ამ სახის ქაღალდების წარმოება და ვის -არა. წვრილ მოვაჭრეებს ვურჩევ, ყველა დოკუმენტი მაინც ხელთ ექნეთ, რათა თავი აარიდონ ამ ახალშემოღებულ ჯარიმებს. 5000 და 10000 ლარი მათთვის დიდი ტვირთი იქნება".

ფინანსთა სამინისტრო განმარტავს

"ეკოპალიტრამ"ამოქმედებულ ცვლილებებთან დაკავშირებით წერილობით მიმართა ფინანსთა სამინისტროს, სადაც განმარტეს, რომ:

-საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მეწარმეებზე, რომლებიც მისდევენ საცალო ვაჭრობას ბაზრობებზე, მცირე მაღაზიებში, სავაჭრო ჯიხურებში ან გარე ვაჭრობას.

-საგადასახადო კოდექსის მიხედვით, სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება ისედაც არსებობდა. 2010 წლის 1-ელი თებერვლიდან მუხლი ძალაში ახალი რედაქციით შევიდა, რაც ითვალისწინებს მომხმარებლის (მყიდველის) უფლების დაცვას, რათა მყიდველის მიერ სასაქონლო ზედნდადების მოთხოვნა არ იქნეს უგულებელყოფილი.