ანაბრები ბანკებს ტვირთად გადაექცათ - კვირის პალიტრა

ანაბრები ბანკებს ტვირთად გადაექცათ

რადგან სესხების გაცემა შემცირებულია, ანაბრებზე მოთხოვნაცა და სარგებელიც იკლებს

ბანკებმა ანაბრებზე პროცენტების შემცირება დაიწყეს. პირველები მსხვილი ბანკები იყვნენ -დეკემბრიდან "თიბისიმ" და "რესპუბლიკამ", ცოტა უფრო ადრე "საქართველოს ბანკმა" და "პროკრედიტბანკმა" წლიური სარგებელი ლარში, ევროსა და დოლარში საშუალოდ 1-1,5%-ით დაწიეს. განაკვეთების შემცირების შესახებ გასულ კვირას "ვითიბი ბანკმა" და "ტაოპრივატბანკმაც" გამოაცხადეს.

ის, რაც უცხოეთის საბანკო ბაზარზე დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა, ჩვენთან ახლა დაიწყო. ფინანსურმა კრიზისმა ის მოიტანა, რომ ბანკები მოჭარბებულ დეპოზიტებს უკვე ვეღარ უვლიან. იმის გამო, რომ კრედიტებს, რამაც მათ შემოსავალი უნდა მოუტანოს, ძველებურად ხელგაშლილად ვეღარ გასცემენ, შემოსავალი შეუმცირდათ და ზარალში არიან. ხარჯებს ემატება მეანაბრეების მიერ მიბარებული ფულისთვის გადასახდელი სარგებელიც. დღეს საბანკო ანაბრებზე 3,2 მილიარდი ლარი დევს. მათ შორის 2,1 მილიარდი ლარი ფიზიკური პირების ანაბრებია, რაც დეკემბრის თვეში 13,5 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

ამ თანხების დეპოზიტებზე განთავსებისთვის ბანკები მეანაბრეებს ყოველთვიურად 240 მილიონ ლარს უხდიან, რაც ერთი წლის წინანდელთან შეადრებით 13-ჯერ მეტია. ამ მიზეზითაც, ბანკებს 2009 წლის ბოლოს 65,3 მილიონი ლარის ზარალი აღერიცხათ. 2009 წლის მოგებით დასრულება 19 მოქმედი ბანკიდან მხოლოდ შვიდმა მოახერხა. შემოსავლის გასაზრდელად ბანკები იძულებული არიან, კრედიტები გააიაფონ, ანუ ფული იაფად გაასესხონ. პროდუქტი რომ იაფად გაყიდო, ის იაფად უნდა იყიდო. გასასესხებელ ფულს ბანკი მეანაბრეებისგან სესხულობს. ამიტომ სხვა გზა არ დარჩათ, ხარჯების შესამცირებლად და თავის გადასარჩენად გადაწყვიტეს, მეანაბრეებს გადასახდელი სარგებელი შეუმცირონ. ამ არაპოპულარული გადაწყვეტილების შესახებ ხმამაღლა პირველმა "საქართველოს ბანკმა" თქვა.

ირაკლი გილაური ("საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი): "საბანკო ანგარიშებზე ამდენი თანხის შემოდინების შემდეგ, ანაბრის ფასის დაწევა მოსალოდნელი იყო. ერთწლიან ვადიან ანაბარზე დოლარში წლიურმა განაკვეთმა 11,75%-დან 10,5%-ზე დაიწია. 2010 წლის I ნახევარში განაკვეთი 9%-მდე ჩამოვა, ხოლო 2011 წლისთვის 7-8% იქნება.

ეს საშუალებას მოგვცემს, პარალელურად დავწიოთ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი. 10-წლიან იპოთეკურ სესხს ლარში წლიურ 15%-ად გავცემთ, რაც საკმაოდ ხელსაყრელი ფასია. ბოლო ორი თვეა, სამომხმარებლო კრედიტებზე მოთხოვნა იზრდება. ბანკიცა და მომხმარებელიც სესხის ლარში აღებით დევალვაციის რისკს აიცილებს თავიდან. ვალუტის კურსი მერყევი იქნება, ამიტომ მსესხებლებისთვისაც აჯობებს, რომ ვალდებულება ლარში დააფიქსირონ".

განაკვეთები საშუალოდ 1,5%-ით შეამცირა "ტაოპრივატბანკმაც", რომელიც დეპოზიტებზე ყველაზე მაღალ სარგებელს იხდიდა. ამჟამად ბანკი მეანაბრეს ერთწლიან ვადიან ანაბარზე ლარში 14,5 %-ს, დოლარსა და ევროში -11%-ს სთავაზობს.

ბოგდან ლესუკი ("ტაოპრივატბანკის" გენერალური დირექტორი): "დაახლოებით ორი თვის წინ, როცა "ტაოპრივატბანკის" სათავეში მოვედი, საბანკო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი გვქონდა. ის ბაზრის საშუალო მაჩვენებელს აღემატებოდა. ორი კვირის წინ განაკვეთებს გადავხედეთ და გადავწყვიტეთ, ლარშიცა და დოლარშიც შევამციროთ. პროცენტს ჩვენ კი არ ვცვლით, არამედ ქვეყნის საბანკო ბაზარი. საფინანსო ბაზარზე რა ვითარებაც იქმნება, იმის შესაბამისად ვმოქმედებთ. საქართველოში კრიზისი ისეთი ძლიერი არ არის, როგორც უკრაინაში. მიმაჩნია, რომ ურთულესი პერიოდი უკანაა. ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს და ველოდები, რომ 2010 წლის I კვარტალში მდგომარეობა გამოსწორდება".

ანაბარი ბანკმაც იცის?!

რამდენიმე დღის წინ ფიზიკური პირების ანაბრების საპროცენტო განაკვეთები შეცვალა "ვითიბი ბანკმაც". განაკვეთები გაიზარდა ლარში, ხოლო დოლარსა და ევროში შემცირდა. როგორც ბანკში ამბობენ, გადაწყვეტილება ბაზრის ანალიზის საფუძველზე მიიღეს და განაკვეთის ცვლილება როგორც ვადის, ასევე ვალუტის მიხედვით ყველაზე მოთხოვნად დეპოზიტებს შეეხო. "ვითიბი ბანკში" ანაბრების მაქსიმალური განაკვეთი ლარში 15,5% გახდა, დოლარსა და ევროში კი 11%-მდე შემცირდა. მალე "ვითიბი ბანკი" სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას აპირებს.

როგორც ექსპერტები ამბობენ, მცირე ბანკებიც იძულებული იქნებიან, მსხვილი ბანკების ფეხის ხმას აყვნენ და ბაზრის ტენდენციებს დაემორჩილონ. ბანკებში ირწმუნებიან, რომ დეპოზიტებზე პროცენტების დაწევის მომდევნო ნაბიჯი კრედიტების გაიაფება იქნება. მათ საშუალება გაუჩნდებათ, დაკრედიტებაც გაზარდონ და თან გააიაფონ. ბანკებში ამბობენ, რომ ბოლო თვეებში საკრედიტო პორტფელები გაზარდეს. მაგრამ ოფიციალური სტატისტიკა საპირისპიროს აჩვენებს. დეკემბერში ფიზიკური პირების დაკრედიტება კიდევ 1,3%-ით შემცირდა.

ეკონომიკური ექსპერტები დაკრედიტების საგრძნობ ზრდას არც 2010 წელს ელოდებიან. ამ პესიმისტური პროგნოზის საფუძველი არსებობს -ბაზარზე რისკები კიდევ რჩება და ზრდა ჯერჯერობით არც მოსახლეობის შემოსავლებს დასტყობია. ექსპერტების თქმით, თუ ასე გაგრძელდა, ისინი ბანკის ფუნქციას დაკარგავენ და მხოლოდ ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და თანხების გადარიცხვის ფუნქცია დარჩებათ.

"ძვირფასი ბალასტი"

-საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების მოცულობამ 2010 წლის 1-ელი იანვრისთვის 3,4 მლრდ ლარს გადააჭარბა.

-კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ, 2010 წლის 1-ელი იანვრისთვის, 5,2 მლრდ ლარი შეადგინა.

-დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი, 2010 წლის 1-ელი იანვრისთვის, 73,45%-ია.

ნონა ქვლივიძე