ფრთხილად, გადაჭრილი ავტომობილები! - "ჭრა-კერვის" ქართულ - გერმანული გაკვეთილები - კვირის პალიტრა

ფრთხილად, გადაჭრილი ავტომობილები! - "ჭრა-კერვის" ქართულ - გერმანული გაკვეთილები

"გერმანიის ნაგავსაყრელზე გადაჭრილ და ჯართად ჩაბარებულ ავტომობილებს საქართველოში აწყობენ და ახლის ფასად ყიდიან", - ასეთ დასკვნას გერმანული ტელეკომპანია ZDF ჟურნალისტური გამოძიების შედეგად აქვეყნებს. ირკვევა, რომ წელიწადში დაახლოებით 1,4 მილიონი ჯართში ჩაბარებული ავტომობილი აფრიკისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით არალეგალურად მიემართება. მათ უკან კი გერმანიის ნაგავსაყრელთა მეთვალყურეებთან შეკრული კრიმინალური დაჯგუფებები დგანან. ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში 17 წლის ავტომობილი Mercedes C-კლასი აღმოჩნდა, რომელიც გერმანელმა მფლობელმა ჯართში უსასყიდლოდ ჩააბარა. მანქანა უნდა განადგურებულიყო, მაგრამ ჯართის გამყიდველმა "მერსედესი" გადახერხა და საბოლოოდ, წინა ნაწილის - ძრავის, ტორპედოსა და გადაცემათა კოლოფის გაყიდვით ჯამში 750 ევრო აიღო.

ხოლო იმის დასადასტურებლად, რომ თითქოს მანქანა არ გაუსხვისებია, უკანა ნაწილი შასის ნომრით შეინახა. მოგვიანებით, დაჯგუფების წევრებმა ძველი "მერსედესის" ნაწილები და წინა ნახევარი სხვა 15 მსუბუქი ავტომობილის ცხვირებთან ერთად, კონტეინერში მოათავსეს და საპორტო ქალაქ ბრემერჰაფენიდან საქართველოში გაგზავნეს. ცნობილმა დეტექტივმა ბაკინერმა ჯართის მარშრუტის გასაკონტროლებლად "მერსედესის" სალონში GPS-ის ხელსაწყოს საიდუმლოდ დამონტაჟებაც მოახერხა. ასე აღმოჩნდნენ გერმანელი ჟურნალისტები საქართველოში, პირდაპირ შემდუღებელთა საამქროში, სადაც გერმანიიდან ჩამოტანილი "მერსედესის" წინა ნაწილი ნაავარიებ C-კლასის უკანა ნაწილს შეუერთეს. რაც მთავარია, 1998 წლის ავტომობილი თბილისში მეორადი ავტომობილის სტატუსით, 3.700 დოლარად უნდა გაყიდულიყო. ყველაზე დიდი პრობლემა კი იმ პირის უსაფრთხოებაა, რომელიც "ჭრა-კერვის" შედეგად მიღებულ ავტომობილს შეიძენს - ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ასეთი ავტომობილების უსაფრთხოება ნულის ტოლია!

არეგულირებს თუ არა კანონმდებლობა მსგავს თაღლითურ ფაქტებს და რა უნდა იცოდეს მყიდველმა, რომ შედუღებული ავტომობილი არ შეიძინოს, "Aavtobild - საქართველოს" მთავარი რედაქტორი შალვა ბუაჩიძე განმარტავს:

- გადაჭრილი მანქანების გადაზიდვით კონტეინერში სივრცე იზოგება და საბოლოოდ, გადამზიდავები თითო კონტეინერში 20 ათას ევრომდე მოგებას ნახულობენ. ანალოგიური გზებით გერმანიაში უტილიზებული ყოველი მეორე ავტომობილი, ძირითადად, აღმოსავლეთ ევროპასა და აფრიკაში გადის... შედუღებული ავტომობილი სიცოცხლისთვის სახიფათოა! ავტოსაგზაო შემთხვევისას შუაზე იხსნება, რისი არაერთი მაგალითიც გვინახავს.

- გადაჭრილი ავტომობილები მხოლოდ გერმანიიდან ჩამოაქვთ თუ იაპონიიდან წამოსული მანქანაც იმავე გზას გადის?

- მსგავსი სქემები იაპონიიდან შემოსულ მანქანებზე არ მუშაობს, ეს მხოლოდ გერმანიაში ხდება. თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ გერმანიიდან ჩამოტანილი ყველა ავტომობილი თბილისში იწყობა. ამ სქემების პრევენცია ავტომობილების ტექდათვალიერების დამკვიდრება იქნება.

- საქართველოში მსგავსი თაღლითური სქემები კანონმდებლობით არ რეგულირდება?

- სამწუხაროდ, არა და, ფაქტობრივად, ითვლება, რომ ეს პირები უკანონობას არ სჩადიან. ამიტომ აუცილებელია, სახელმწიფომ ამ მიმართულებითაც იფიქროს.

- ცნობილია, რომ თითოეულ ავტომობილს ე. წ. ვინ-კოდი აქვს, რომელიც დაინტერესებულ პირს მის მონაცემებს სრულად აცნობს. ეს დამცავ მექანიზმს არ წარმოადგენს?

- ვინ-კოდის გაყალბება ძნელი არ არის, რადგან მის სიზუსტეს არავინ ამოწმებს. აუცილებელია, შეძენამდე ავტომობილი სანდო ხელოსანთან შეამოწმოთ. კიდევ ერთ მაგალითს დაგისახელებთ: ხშირად გერმანიიდან ჩამოყვანილ ფურგონის ტიპის "მერსედესებს" საქართველოში ჭრიან და მას სედანად აწყობენ.

რუსუდან შელია