"მუქთა" ჯიხურების საქმე - რატომ იხდის ზოგიერთი კომპანია ჯიხურის ქირაში მიზერულ თანხას?! - კვირის პალიტრა

"მუქთა" ჯიხურების საქმე - რატომ იხდის ზოგიერთი კომპანია ჯიხურის ქირაში მიზერულ თანხას?!

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით ქალაქს უახლოეს მომავალში კიდევ 57 ჯიხური შეემატება. თბილისის მერია მომხმარებელს 12 ესკიზს სთავაზობს, აუქციონში გამარჯვებულს შეუძლია, სასურველი დიზაინი ამოირჩიოს და ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე მიიღოს ჯიხურის განთავსების ნებართვა. ჯიხურების იჯარით სარგებლობის ვადა 5 წელია. თითოეულ ლოტზე წლიური საწყისი საიჯარო ქირა აუდიტის მიერ დადგენილი ფასის მიხედვით განისაზღვრება. ჯიხურისთვის განკუთვნილია 6 კვმ მიწის ნაკვეთი.

აუქციონის გამოცხადება, გამართვა და შედეგების გაფორმება თბილისის მერიის სსიპ "ქონების მართვის სააგენტოს" დაევალა. ეს სამსახური უკვე არსებული ჯიხურების ინვენტარიზაციასაც ახდენს და მათ მფლობელებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს სწავლობს. ამ თვალსაზრისით კი ვითარება მართლაც საინტერესო და, შეიძლება ითქვას, საგანგაშოა. გამორიცხული არ არის, ჯიხურების საქმის შესწავლის შემდეგ არაერთი კორუფციული სქემა გამოაშკარავდეს.

დღეს თბილისის მასშტაბით 348 ჯიხურის ადგილზეა ნებართვა გაცემული. სხვადასხვა დროს მერია დაინტერესებულ პირებს ჯიხურების განსათავსებლად ადგილს განსხვავებული პირობებით გადასცემდა. ხშირად ქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა, პირადი, მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე იღებდა გადაწყვეტილებებს. ამის მაგალითია პრესის ჯიხურებთან დაკავშირებული საქმე, როცა ქალაქში სხვადასხვა გამავრცელებლის ჯიხურები მერიამ აიღო და გზა "უაიდ დისტრიბიუშენს" გაუხსნა. ეს კომპანია კი ცნობილია, როგორც უგულავასა და კეზერაშვილის ერთობლივი ბიზნესი.

2011 წლის შემოდგომაზე თბილისის მერიამ ტენდერი "1000 ახალი ჯიხურის" პროექტის ფარგლებში გამოაცხადა. სატენდეროდ გამოტანილი ლოტების უმეტესობა იმ ადგილებს დაემთხვა, სადაც მანამდე პრესის გამავრცელებელი ჯიხურები იდგა. ტენდერის მსვლელობისას ფასებმა იჯარაზე ისე აიწია, რომ ბევრმა პრესის გამავრცელებელმა ჯიხურების შენარჩუნება ვერ შეძლო.

ელექტრონული აუქციონების გარდა, ქალაქის ყოფილი მთავრობა ადგილებს ჯიხურისთვის პირდაპირი განკარგვის წესითაც გადასცემდა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს. ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისის მერიამ 2011 წლის ივნისში, პირდაპირი განკარგვის წესით, შპს "ტიფლის ექსპრესს" იჯარით 24 საჯიხურე ადგილი გადასცა თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, მათ შორის - პრესტიჟულ და ხალხმრავალ ადგილებში - წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და ჭავჭავაძის პროსპექტებზე. კანონის თანახმად, მერიას ჰქონდა უფლება, ჯიხურისთვის განკუთვნილი ადგილი პირდაპირი განკარგვის წესით გაეცა იჯარით, მაგრამ კითხვებს აქ სხვა გარემოებები ბადებს. აღნიშნული კომპანია 24 ჯიხურისთვის იჯარის სახით მერიას წელიწადში მხოლოდ 4.506 ლარს უხდის. ქირა ერთ ჯიხურზე საშუალოდ სულ რაღაც 187,75 ლარი გამოდის წელიწადში.

ბუნებრივია, ქირის ოდენობას ჯიხურის ადგილმდებარეობის გათვალისწინებითაც ადგენენ, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ტიფლის ექსპრესისთვის" გადაცემული ჯიხურების უმეტესობა თბილისის პრესტიჟულ უბნებში მდებარეობს. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ როგორც თავად "ტიფლის ექსპრესი", ასევე მისი დირექტორი პაატა სირაძე, 2012 წლის არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამფინანსებელთა სიაში გვხვდებიან. პაატა სირაძემ ამ პარტიის სასარგებლოდ 60-60 ათასი ლარი გადარიცხა. თუმცა, ესეც არ არის ყველაფერი: "ტიფლის ექსპრესს" მერიამ ხელშეკრულება 2031 წლამდე გაუფორმა.

ასევე თვალში საცემად მცირეა იჯარა შპს "ორი წუთისთვისაც". მაგალითად, წერეთლის პროსპექტზე მდებარე ჯიხურისთვის კომპანია მერიას წლიურად მხოლოდ 70 ლარს უხდის, დოლიძის ქუჩაზე მდებარე ჯიხურისთვის კი - 370 ლარს. იმავე თანხას იხდის ვაგზლის მოედანზე მდებარე ჯიხურისთვის, ხოლო მეველის ქუჩაზე განთავსებული ჯიხურისთვის - წელიწადში მხოლოდ 20 ლარს. ხელშეკრულების ვადა ამ შემთხვევაშიც 2030 წელს იწურება.

ეს მაშინ, როცა სხვა კომპანიებს ერთი ჯიხურის იჯარის თანხად მერიამ 1.200-დან 4.500 ლარამდე დაუდგინა და ამ ადგილებით სარგებლობის ვადებიც შედარებით შეზღუდულია.

კარლო ლაფერაძე, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი: "იჯარით უკვე გაცემული ჯიხურები სამ კატეგორიად უნდა გავყოთ - ისინი, ვისაც აღებული აქვთ საჯიხურე ადგილი და ჯიხური ჯერ არ განუთავსებიათ, თუმცა, ქირას იხდიან; ისინი, ვისაც აღებული აქვთ ჯიხურის ადგილი იჯარით, მაგრამ ვერ იხდიან და მიმდინარეობს წარმოება ადგილის უკან დასაბრუნებლად; მესამე კი მომუშავე ჯიხურებია. როცა გავაანალიზეთ, რატომ არ მოქმედებს ყველა ჯიხური, აღმოვაჩინეთ, ზოგ შემთხვევაში ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა მერიისგან იჯარით ადგილი აიღო, იჯარის თანხასაც კეთილსინდისიერად იხდის, მაგრამ არქიტექტურის სამსახურთან დღემდე ვერ შეათანხმა ჯიხურის ესკიზი. არის ასევე შემთხვევები, როცა მერიის მიერ ჯიხურის ადგილი შეცდომით იყო შერჩეული და ხელის შემშლელი გარემოებების გამო, პირმა მისი განთავსება ვერ შეძლო. მაგალითად, როცა ჯიხურის ადგილი ხელს უშლის საფეხმავლო ბილიკს, გადასასვლელს და იქ ფიზიკურად არ შეიძლება ჯიხურის დადგმა. გვინდა ასეთ შემთხვევებს თავი ავარიდოთ. ჯიხურის განთავსებისას  ბიუროკრატიული შეფერხება აღარ იარსებებს. შესაბამის სამსახურთან ყველა დეტალი შეთანხმებული გვაქვს.

ჩვენ გვყავს აუდიტი, რომელსაც თითოეული ადგილი შევაფასებინეთ და აუქციონს ამ ფასით ვაცხადებთ, თუმცა, ვფიქრობთ, ეს ფასი აუქციონზე დაზუსტდება. ეს არის საბაზრო ფასი, რომლითაც მიზანშეწონილად ჩაითვალა აუქციონის დაწყება. მინიმალური იწყება 390 ლარიდან, ხოლო მაქსიმალური 1.000 ლარს აჭარბებს. იჯარის ვადები 5 წლით განისაზღვრა. კანონი ამას არ ზღუდავს, მაგრამ ამ საკითხზე იმსჯელეს ქალაქის მთავრობამ და საკრებულომ და გადაწყვიტეს, რომ 5 წელია ის ვადა, რომლის განმავლობაში შესაძლებელია მეტ-ნაკლებად შენარჩუნდეს ქირის საბაზრო ფასი, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა მას გადახედვა დასჭირდეს. რიგ შემთხვევებში, სადაც 10 და 15-წლიანი საიჯარო ხელშეკრულებებია დადებული დადგენილ საიჯარო თანხაზე, საბაზრო ფასები დღეს მნიშვნელოვნად შეცვლილია.

ადრე გაცემული ყველა ქონება აღვრიცხეთ და ვადგენთ, რა ფასად გაიცა თავის დროზე და დღეს როგორია მისი საბაზრო ფასი. როცა ანალიზი დასრულდება, მოიჯარეებს შევთავაზებთ, ამ ქონებით სარგებლობისთვის საბაზრო ფასი გადაიხადონ.

ჩვენ სამოქალაქო კანონმდებლობა უფლებას გვანიჭებს, მათთან ასეთი სახის მოლაპარაკებები გავმართოთ,

წინააღმდეგ შემთხვევაში კი სარგებლობის უფლებების გაუქმებაზე ვიფიქრებთ".

ჯაბა სამუშია, თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე: - "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ ცხრა წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ შემოსავალი ჰქონოდა. მათ დღეს პასუხი აქვთ გასაცემი კითხვაზე - რატომ აძლევდნენ კონკრეტულ ფირმებს ქალაქის ქონებას მიზერულ ფასად? სამართლებრივი თვალსაზრისით, კანონი დარღვეული არ არის. დანაშაულებრივი საკანონმდებლო ბაზა ისე შექმნეს, რომ მათი ქმედებები "გაპრავებულიყო". ასე მოხდა ბევრ სხვა სფეროში, მათ შორის "სითი პარკთან" დაკავშირებითაც. ახლა მერიამ რომ დაარღვიოს მათთან დადებული ხელშეკრულება, 25 მილიონ ლარზე მეტი უნდა გადაიხადოს. ასე მოხდა მიწების გასხვისებასთან, სამარშრუტო ტაქსების ბიზნესთან დაკავშირებითაც. ეს იყო სისტემური კორუფცია, რომელმაც ქვეყანა დააზარალა არა ერთი-ორი, არამედ 20-25 წლით.