"საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში სტაგნაციაა" - კვირის პალიტრა

"საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში სტაგნაციაა"

"კვირის პალიტრა" ობიექტურობას თითოეულ სიტყვაში ინარჩუნებს"

18 აპრილს "კვირის პალიტრას" 20 წელი შეუსრულდა. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ დღეს დეპუტატი გოგი თოფაძეც იუბილარი იყო - მას 75 წელი შეუსრულდა. რას ნანობს უმრავლესობის წევრი და როგორ წარმოუდგენია დღეს ქართული ბიზნესის განვითარება, თავად გვიამბობს:

- პირველ რიგში, "კვირის პალიტრას" იუბილეს ვულოცავ. თქვენმა გაზეთმა სიმართლით მედიაბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრება მალევე შეძლო. სამწუხაროდ, საქართველოში ობიექტური და პროფესიონალი მედია თითზე ჩამოსათვლელიღა დარჩა, "კვირის პალიტრას" კი მაღალკვალიფიციური ჟურნალისტები ჰყავს და ობიექტურობას თითოეულ სიტყვაში ინარჩუნებს. ჰოლდინგის ხელმძღვანელობასაც უდიდეს პატივს ვცემ... მე, როგორც "კვირის პალიტრის" ერთგული მკითხველი, გისურვებთ, რომ მოღვაწეობა ასეთივე წარმატებით გააგრძელოთ.

იმ ფონზე, როცა მედიასაშუალებების უმრავლესობა, ტელევიზიები თუ ბეჭდური მედია მიკერძოებული გახდა, თქვენ დამოუკიდებლობას ინარჩუნებთ.

მერწმუნეთ, ეს მხოლოდ ჩემი პირადი შეფასება არ გახლავთ, ასე სრულიად ქართველი საზოგადოება ფიქრობს.

- "კვირის პალიტრის" იუბილეზე თქვენ 75 წელი შეგისრულდათ. დღევანდელი გადასახედიდან, როგორც ბიზნესში, ისე პოლიტიკაში მოღვაწეობის პერიოდში არაფერს ნანობთ?

- დიახ, 75 წელი შემისრულდა და სხვათა შორის, ჩვენი პოლიტიკური პარტიაც მაშინ დაფუძნდა, როცა ასპარეზზე "კვირის პალიტრა" გამოჩნდა. რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე მწყდება გული... გული მწყდება, რომ 90-იან წლებში, როცა მთელი მსოფლიო ტექნოლოგიურად საკმაოდ სწრაფ ტემპში განვითარდა, საქართველოში სტაგნაცია იყო. ეკონომიკის განვითარებაზე არავინ ფიქრობდა. წლების დაკარგვამ პროგრესთან დიდი ხნით დაგვაშორა, დაკარგულის აღდგენას კი დრო სჭირდება. არადა, ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ. მახსოვს, 90-იანი წლების დასაწყისში ერთ-ერთი მრჩეველი, რომლის წარმომავლობასაც არ დავასახელებ, გვეუბნებოდა, ქართველები თანამედროვე ტექნოლოგიებს ისე ჩამორჩით, ვეღარ დაეწევით, ამიტომ ყველა პროდუქციას ჩვენ შემოვიტანთო. სწორედ იმპორტმა წალეკა მთელი ქვეყანა, რის გამოც ღვინის ქარხნები და სხვა საწარმოებიც გაჩერდა. სოფლის მეურნეობაც პრაქტიკულად, სრულად გაჩერდა. დღეს "ყაზბეგის" ჰოლდინგში 18 ორგანიზაცია ერთიანდება, მაგრამ მეტი ადამიანის დასაქმება შეგვეძლო, უბრალოდ, რბილად რომ ვთქვა, ხელშეწყობა არ იყო. საქართველოში ვაშლსა და ჩაის რომ შემოიტანენ, წარმოუდგენელი არ არის?!

- ქვეყნის საგარეო კურსზე თქვენი ბოლოდროინდელი განცხადებების გამო, "ყაზბეგის" პროდუქციას საზოგადოების ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა. მსგავს დამოკიდებულებაზე რეაქცია არ გაქვთ ხოლმე?

- დიდი ხანია "ყაზბეგის" წინააღმდეგ იბრძვიან, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ ბოლო პერიოდში გაყიდვების მაჩვენებელმა განსაკუთრებით მოიმატა, ციფრები რომ გაჩვენოთ, გაგიკვირდებათ. "ყაზბეგს" ვერაფერს დააკლებენ... ზოგადად, დღეს ბიზნესმენს საქმის კეთების მეტი შესაძლებლობა მიეცა.

ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენელს, რომლებიც რეალობას არაობიექტურად აშუქებენ, ვეპატიჟებოდი, ახალშექმნილი საწარმოები ერთად დავათვალიეროთ-მეთქი. მე და ზურა ტყემალაძემ მოვიარეთ მთელი საქართველო და უამრავი გაკეთებული საქმე საკუთარი თვალით ვნახე.

სოფელმა ამოისუნთქა, საქართველოდან წასულები სამშობლოში ბრუნდებიან.

- ციფრები და სტატისტიკა განსხვავებულ პროცესზე მიანიშნებენ, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა ლარის გაუფასურებაც. "ევრონიუსზეც" მომზადდა სიუჟეტი, რომ ქართულ ეკონომიკაში სტაგნაციაა.

- დოლარის გამყარება გლობალური პროცესია. საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში სტაგნაციაა, ნახეთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებსა და ევროპულ სახელმწიფოებში. ევროც დოლარს თითქმის გაუტოლდა.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი ეკონომიკა მაინც წინ მიდის...

ბიზნესმენს არავინ აყაჩაღებს, რაც ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი სტიმულია. ინვესტორების რაოდენობაც მატულობს, რომელთაც პირადადაც ვხვდები. მაგალითად, დაღესტნელ და გერმანელ ბიზნესმენებს შევხვდი, რომლებსაც საქართველოში ფულის ჩადების სურვილი აქვთ. ეს დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.

ეკონომიკა ორ წელიწადში არ შენდება, ამას რუტინული შრომა სჭირდება, ამ მიმართულებით ხელისუფლების გეგმებზე ვიცი და დარწმუნებული ვარ, წინსვლას მალე თითოეული მოსახლე იგრძნობს. ერთი ქვეყანა მითხარით, სადაც მოსახლეობა საკუთარი ხელისუფლებით კმაყოფილია, ობამასა და მერკელსაც ლანძღავენ და ეს ბუნებრივი პროცესია. ერთბაშად ყველას სურვილის დაკმაყოფილება რთულია...

რუსუდან შელია