ლარმა კვლავ დაიწყო გაუფასურება - ეკონომიკური "გაზაფხული" იგვიანებს
20-04-2015
ლარმა კვლავ დაიწყო გაუფასურება - ეკონომიკური "გაზაფხული"  იგვიანებს
რამდენიმედღიანი სტაბილურობის შემდეგ, ლარმა კვლავ დაიწყო გაუფასურება. 1 დოლარის ღირებულება 2,2432 ლარიდან 2,2535 ლარამდე გაიზარდა. არადა, გაზაფხულიდან ხელისუფლება ეროვნული ვალუტის გამყარებას ელოდა, რისთვისაც ხელი ტურისტების ნაკადის ზრდას უნდა შეეწყო. ტურისტების გარდა, ქვეყანაში დოლარის შემოდინება ბევრ სხვა გარემოებაზეც არის დამოკიდებული, სადაც ბოლო თვეებში არასახარბიელო სტატისტიკა აღინიშნება.

გასული წლიდან მოყოლებული, იკლებს ფულადი გზავნილების მოცულობა. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, წლეულს მარტში, შარშანდელ მარტთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 28,4 მლნ აშშ დოლარით (23,5%-ით)
შემცირდა. შემცირება განსაკუთრებით თვალში საცემია რუსეთიდან და უკრაინიდან. მაგალითად, 2014 წლის მარტში რუსეთიდან დაახლოებით 59 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, მიმდინარე წლის მარტში კი - 34 მილიონი. უკრაინიდან გზავნილების მოცულობა, ფაქტობრივად, განახევრებულია.
ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა ბოლო სამ თვეში საქართველოში. "საქსტატში" ამბობენ, რომ წინასწარი
მონაცემები 9 ივნისს გამოქვეყნდება, თუმცა, სეზონურობის ფაქტორისა და ეკონომიკური აქტივობის ტემპის გათვალისწინებით, არასახარბიელო პროგნოზები კეთდება. ამასვე მოწმობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რომელმაც საქართველოს მაჩვენებელი  5%-დან 2%-მდე შეამცირა.


გიორგი ღაღანიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი:
"ქვეყანაში დოლარზე მოთხოვნას იმპორტის ოპერაციები აყალიბებს - მისი განხორციელებისთვის სწორედ დოლარია აუცილებელი. მცირე რაოდენობით დოლარი ასევე სჭირდებათ იმ ადამიანებს, ვისაც ამ ვალუტაში ფულის შენახვა სურს, ხოლო დოლარის მიწოდებას კი განაპირობებს ექსპორტი, ფულადი გადმორიცხვები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.
ექსპორტზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ როგორც საქონლის, ასევე მომსახურების ექსპორტი. ტრადიციულად, ჩვენ საქონლის ექსპორტი იმპორტზე ნაკლები გვქონდა, ხოლო მომსახურების ექსპორტ-იმპორტის სალდო, იმის ხარჯზე, რომ სატრანზიტო ქვეყანა ვართ და ტურისტების შემოსვლა გასვლას აღემატებოდა, დადებითი. ახლა სასაქონლო ექსპორტი მკვეთრად შემცირდა და
ასეთი უარყოფითი სალდო 2010 წლის შემდეგ არ გვქონია. აქედან გამომდინარე, ყველა ის პარამეტრი, რასაც დოლარის მიწოდება უნდა გაეზარდა, მნიშვნელოვნად შემცირდა.

ზოგადად, მთელ მსოფლიოში დოლარი ყველა ვალუტის მიმართ გამყარდა, მაგრამ ჩვენ კიდევ ბევრი სხვა პრობლემა გვაქვს. არავითარი ღონისძიება არ გაატარეს თავის დროზე უკრაინის ბაზრის ჩასანაცვლებლად და აცხადებდნენ, რომ რუსეთის ბაზარზე დაბრუნება უდიდესი მიღწევაა. არადა, ეს ბაზარი ყოველთვის იქნება პოლიტიკურად არასტაბილური.

ახლა ჩვენთვის რუსეთს ბაზარი არ დაუკეტავს, მაგრამ სანქციებმა, რომლებიც რუსეთს დაუწესდა, ბიზნესაქტივობის შემცირება გამოიწვია, რამაც ჩვენი ექსპორტი შეამცირა.
რუსეთი პოლიტიკურად არასტაბილურია, თუ თვითონ არ გერჩის, ისეთ რამეს გააკეთებს, რომ თვით მას შეიძლება შეექმნას პრობლემები. ეს შეიძლება შეფასდეს როგორც გლობალური პრობლემა? არ ვიცოდით, რა ქვეყანაა და ვისთან გვქონდა საქმე?

- შეგვიძლია თქმა, რომ ახლა ლარი-დოლარის საბაზრო კურსი გვაქვს?
- ეს ყველა შემთხვევაში საბაზრო კურსია, რადგან ლარი-დოლარის თანაფარდობას მოთხოვნა-მიწოდება განაპირობებს. ახლა ბუნებრივად ხდება დოლარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება.

- ხომ არის შესაძლებელი დოლარის მიწოდების ხელოვნურად გაზრდა?
- გულისხმობთ იმას, რომ ეროვნულმა ბანკმა დაიწყოს დოლარის გაყიდვა?

- ეს ერთადერთი გამოსავალია ამ შემთხვევაში?
- სხვა შემთხვევაში, ხელოვნურად უნდა შევზღუდოთ ლარის მასა, რაც გააძვირებს კრედიტებს და ბიზნესის აქტივობა კიდევ უფრო შემცირდება. აქედან გამომდინარე,
ერთადერთი, რაზეც მთავრობას ჯერ კიდევ 2014 წლის თებერვალში უნდა ეფიქრა, ექსპორტის რეალური, გონივრული წახალისება იყო.

და არა ის, რაღაც წარმოუდგენელი ფანტასმაგორიული პროექტები რომ წამოიწყეს და ხალხს თვალში ნაცარი შეაყარეს, რომ 100 მაღალტექნოლოგიური საწარმო გახსნილა თურმე საქართველოში. ამ ტიპის განცხადებები კიდევ უფრო მეტ უნდობლობას იწვევს. რეალურად უნდა მოეფიქრებინათ, როგორ დაეწყოთ სასწრაფოდ ექსპორტის ხელშეწყობა. არასოდეს არ არის გვიან და აქამდე თუ არ გაუკეთებიათ, ახლა უნდა დაიწყონ ეფექტურად მოქმედება. განსაზღვრული ნაბიჯები გადაიდგა, ჩინეთთან გაიმართა მოლაპარაკებები და სხვ.
არა მგონია, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებამ რამე მნიშვნელოვანი მოგვცეს, რადგან ჩინური ბაზრისთვის მისაწოდებელი ბევრი არაფერი გვაქვს, მაგრამ ამ მიმართულებით მაინც უნდა დავიწყოთ მოქმედება. გარდა ამისა, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რასაც სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი ითვალისწინებს. ერთადერთი ბაზარი, სადაც ექსპორტი გაგვეზარდა 2014 წელსა და 2015 წლის დასაწყისში, არის ევროკავშირი.

სულზე მოგვისწრო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერამ.
აუცილებლად უნდა დავიწყოთ მუშაობა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან თანამშრომლობასა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე. საფუძვლიანად უნდა გადაიხედოს საგადასახადო სისტემა და ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები გადავიყვანოთ მოგების რეგრესული მექანიზმით დაბეგვრაზე (პრინციპი, რომლის დროსაც მაღალშემოსავლიანი გადამხდელი უფრო დაბალი განაკვეთით იბეგრება, ვიდრე დაბალშემოსავლიანი. - ე.ტ.). ასევე მნიშვნელოვანია, შეიქმნას ინვესტიციების დამატებითი ხელშემწყობი მექანიზმები.
maicat maicat
21 აპრილი 2015 04:08
საპხული შემოვიდესს ხელოვნურად გაამყარებენ როგორც ამყარებდნენ 2004 წლიდან ზამტარში ადგილობრივებსს გამოუცარიელოსს ჯიბე და ზაპხულში ჩამოსულებსს.

რედაქტორის რჩევით