"ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციეს" - საკრედიტო ტერორი გრძელდება - კვირის პალიტრა

"ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციეს" - საკრედიტო ტერორი გრძელდება

"შემოსავლის მისაღებად "სესხის ამომღები" ფირმები ყველა შესაძლო ხერხს მიმართავენ, მუქარისა და დაშინების ჩათვლით"

ხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში კომერციული ბანკების ვადაგადაცილებული სესხები 10,9 მლნ ლარით გაიზარდა და მარტის მონაცემებით, 305,6 მლნ ლარს გაუტოლდა. პრობლემური სესხების პორტფელის ზრდა, სხვა გარემოებებთან ერთად, ლარის გაუფასურებამაც განაპირობა, რამაც დოლარში აღებული სესხების დაფარვა გაართულა.

რაც უფრო იზრდება ბანკების პრობლემური სესხების პორტფელი, მით უფრო აქტიურდებიან კომპანიები, რომელთა დახმარებით ბანკები ურჩი კლიენტებისგან დავალიანების ამოღებას ცდილობენ. ეს ძველი ხერხია - სანამ წყლის ან დასუფთავების გადაუხდელობისთვის აბონენტისთვის დენის გათიშვა არ შემოიღეს, საშუამავლო ფირმებს "შემშინებლად" კომუნალური მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებიც იყენებდნენ. მაგალითად, ურჩ აბონენტებს შპს "საფინანსო-საკრედიტო ბიუროდან" ურეკავდნენ და დავალიანების დაფარვას მკაცრად სთხოვდნენ. ეს კომპანია, რომელსაც, სხვათა შორის, შევარდნაძის დროინდელი პოლიციელი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა, ბანკებისა და კერძო პირების დავალიანებების ამოღებაზეც მუშაობდა.

წლების წინ თუ ასეთი კომპანიები თითზე ჩამოსათვლელი იყო, ბოლო დროს ისინი ძალიან მომრავლდა, რაც მოთხოვნის ზრდას ადასტურებს. მათი შემოსავალი თანამშრომლების მარიფათსა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული - რაც მეტ ადამიანს აიძულებენ დავალიანების გადახდას, მით მეტ შემოსავალს მიიღებენ.

შესაბამისად, შემოსავლის მისაღებად "სესხის ამომღები" ფირმები ყველა შესაძლო ხერხს მიმართავენ, მუქარისა და დაშინების ჩათვლით.

მარინა ლობჟანიძე: "ჩემი შვილი ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მუშაობდა, 450 ლარი ჰქონდა ხელფასი და ბანკმა მას საკრედიტო ბარათი მისცა, იმდენივე თანხის ლიმიტით. ყოველთვიურ შენატანს დროულად იხდიდა და ბანკმა საკრედიტო ბარათის ლიმიტი 2 ათას ლარამდე გაზარდა. ეს თანხა გახარჯა, ხოლო ხელფასის სიმცირის გამო ყოველთვიურად გაზრდილი ძირისა და პროცენტის გადახდა ვეღარ შეძლო. დაგროვდა ჯარიმები, საურავები და 2-ათასლარიანმა დავალიანებამ 5 ათასს გადააჭარბა. 2 ათასს ვერ ვიხდიდით და 5 ათასს როგორ გადავიხდიდით?! ჯერ ბანკიდან გვირეკავდნენ და ითხოვდნენ დავალიანების სასწრაფოდ დაფარვას, შემდეგ კი საქმეში საშუამავლო კომპანია ჩაერთო. ჩემს შვილს რომ ვერ უკავშირდებოდნენ, მე და ჩემს მეუღლეს გვირეკავდნენ და გვემუქრებოდნენ, რომ თუ ჩემი შვილის ვალს არ გადავიხდიდით, ყველაფერს გაგვიყიდდნენ. ცხოვრება ჯოჯოხეთად გვიქციეს. ამ მდგომარეობისგან თავის დასაღწევად ბანკს შევთავაზეთ, რომ თვეში 100 ლარს შევიტანდით, მაგრამ არ დაგვთანხმდა: აზრი არა აქვს, ასე დარიცხულ პროცენტსაც ვერ დაფარავთო. ისიც კი შევთავაზეთ, რომ სასამართლოსთვის მიემართათ, ოღონდ კი ეს შუამავალი კომპანია შეგვშვებოდა, მაგრამ არც ამაზე დაგვთანხმდნენ. მოკლედ, 4 წელია, ამ მდგომარეობაში ვართ. ზოგჯერ დღეში 2 ლარი გვაქვს თავის გასატანად და ძალიანაც რომ გვინდოდეს, ჩვენი შვილის ვალს ვერ გადავიხდით. ფსიქოლოგიური წნეხი კი გრძელდება".

რევაზ გიგიშვილი: "ცოტა ხნის წინ ჩემი მანქანის საქარე მინაზე ფურცელი დამხვდა, სადაც ტელეფონის ნომერი იყო მითითებული და მთხოვდნენ, დამერეკა. სამარშრუტო ტაქსი მყავს და მსგავსი რამ ხშირად ხდება, როცა მთხოვენ რაღაცის გადაზიდვას ან მგზავრების გადაყვანას. მეც მორიგი კლიენტი მეგონა და დავრეკე. საშუამავლო კომპანია აღმოჩნდა, რომელიც ჩემი შვილის საბანკო კრედიტის ამოღებაზე მუშაობდა. შვილი ჩემთან არ ცხოვრობს, არც ვიცოდი, თუ ბანკის ვალი ჰქონდა და არ იხდიდა. სამომხმარებლო სესხია, არ არის ქონებით უზრუნველყოფილი და მიუხედავად ამისა, კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ყოველდღე მირეკავს, მეუბნება, რომ სესხის სანაცვლოდ სახლს დამიყადაღებს. არადა, ბინა ჩემს სახელზეა. ვიცი, რომ ამის უფლება არა აქვთ, მაგრამ მაინც მეშინია, რადგან ერთი ნაცნობის ნაქირავები ბინიდან ცოტა ხნის წინ ტელევიზორი წაიღეს ვალში და ამას "სესხის უზრუნველყოფის" ღონისძიებებს ეძახიან".

გიორგი კეპულაძე, ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი: "ბევრი ვადაგადაცილებული სესხი ბანკს პრობლემას უქმნის და ურჩევნია, პრობლემური ვალდებულებები იურიდიულ კომპანიებს გადასცეს, რომლებიც ბაზარზე სხვადასხვა სახელით მოქმედებენ. პრინციპში, მსოფლიო პრაქტიკაც ასეთია, თუმცა, ჩვენთან დამახინჯებული ფორმით დაინერგა. მაგალითად, სხვა ქვეყნებში ასეთი კომპანიები მომხმარებელთან ერთად განიხილავენ ყველა შესაძლო ვარიანტს, როგორ შეიძლება გადაიხადოს დავალიანება კლიენტმა ისე, რომ შეძლოს ამ ვალის ტვირთის ზიდვა. ჩვენთან რა ხდება? ჩვენი ორგანიზაციის ცხელ ხაზზე უამრავი მოქალაქე რეკავს და მოდიან კიდეც და ჩივიან, რომ ასეთი კომპანიების თანამშრომლები ემუქრებიან, აშინებენ. ბანკის კლიენტებს ყოველთვის ვთხოვთ ხელშეკრულების წაკითხვას, სადაც წერია, რომ ბანკს სრული უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მსესხებლის პირადი მონაცემები მესამე პირს გადასცეს.

როცა კლიენტი ამ პირობას თანხმდება, ვერ ექნება პრეტენზია მისი მონაცემების ბანკის მიერ სხვა კომპანიისთვის გადაცემაზე, რომელიც, ფაქტობრივად, ძველბიჭური მეთოდებით "აკაჩავებს" ურჩ კლიენტებს.

აშინებენ, რომ დაუყადაღებენ ქონებას არა მხოლოდ დავალიანების მქონე კლიენტს, არამედ მისი ოჯახის წევრებსაც. ეს კი შეუძლებელია, თუ ეს უკანასკნელნი თავმდებ პირებს არ წარმოადგენენ. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. იურიდიული კომპანიები ატყუებენ პრობლემურ გადამხდელებს, მათ ახლობლებს და ვისთანაც გასდით, მიზანსაც აღწევენ.

ამ კომპანიების შესახებ ინფორმაცია დახურულია, ვებგვერდები, ფაქტობრივად, არა აქვთ და მათი მიგნება არცთუ ადვილია, თუმცა, თავად მშვენივრად პოულობენ, ვინც სჭირდებათ. მათ საქმიანობას მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არეგულირებს და ეროვნული ბანკის რეგულირებას არ ექვემდებარებიან. როგორც ვიცი,

ამ კომპანიებში დასაქმებულია ბევრი ყოფილი სამართალდამცავი, მათ შორის არიან ჯანღონიანი სპორტსმენები და იურისტები. მათ მიმართავენ არა მხოლოდ ბანკები, არამედ სხვა საფინანსო ორგანიზაციები: ონლაინსესხების გამცემი კომპანიები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ა.შ.

მომხმარებელს ვურჩევთ, როცა ზეწოლა კანონის ფარგლებს გასცდება, სამართალდამცავ უწყებებს მიმართონ. თუმცა, უმრავლესობა ვითარების უფრო დაძაბვას ერიდება და პოლიციას არ მიმართავს. როგორც წესი, სასამართლომდე საქმე არც მიდის, რადგან ჯერ ერთი, ბაჟის გადახდა ხარჯია, აგრეთვე, სასამართლომ შესაძლოა, მსესხებელს ჯარიმა-საურავები ჩამოაწეროს და მხოლოდ სესხის ძირის გადახდა დააკისროს. ამიტომ თანხის ნაწილის ამოღებაც ამ კომპანიებისთვის უკვე სარფიანი საქმეა".

შორენა ლოლაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატი: "უიმედო ვალი", როგორც სამართლებრივი ტერმინი, არ არსებობს. პრაქტიკაში ასეთად მიიჩნევა კრედიტი, რომელსაც მსესხებელი გრაფიკის მიხედვით ვერ ან არ იხდის. ასეთ შემთხვევაში, დღის წესრიგში დგება იძულებითი ღონისძიებების გამოყენების აუცილებლობა. თუმცა, ის არ გულისხმობს სხვადასხვა ძალისმიერ ქმედებას. ერთადერთი სახელმწიფო დაწესებულება, რომელსაც თანხის ამოღების დაწყების უფლება აქვს, აღსრულების ეროვნული ბიუროა. თუმცა, საქმეში ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ერთვება, როცა არსებობს მოსამართლის გადაწყვეტილება მოვალისთვის თანხის დაკისრების თაობაზე.

აღმასრულებელს უფლება აქვს, ყადაღა დაადოს მსესხებლის კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებას და აუქციონზე გაყიდოს. მიღებული თანხა ბანკს ან საკრედიტო კომპანიას გადაეცემა. თუ სესხი ქონებით არის უზრუნველყოფილი, აღმასრულებელი სწორედ დატვირთულ ქონებას გაყიდის, ხოლო თუ სესხი არაუზრუნველყოფილია, მაშინ აღმასრულებელმა ჯერ უნდა მოიძიოს, ფლობს თუ არა მოვალე ოფიციალურად რაიმე ქონებას და ამის შემდეგ დააყადაღოს.

თუ მოვალეს პირადად რაიმე ქონება არა აქვს, ბუნებრივია, თანხას ვერ ამოიღებენ. მეორე მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილებას თანხის დაკისრების შესახებ აღსრულების ათწლიანი ვადა აქვს. ეს ნიშნავს, რომ თუ ამ 10 წელიწადში მოვალე ქონებას შეიძენს, აღმასრულებელს უფლევა აქვს, დააყადაღოს.

დღეს ბანკები და საკრედიტო კომპანიები ხელშეკრულებებს კერძო კომპანიებთან დებენ, რომლებიც ბანკებს თანხების ამოღებაში ეხმარებიან. თუმცა, საყურადღებოა, კანონით, ამ კომპანიებს მხოლოდ იმის ბერკეტი აქვთ, რომ დაუკავშირდნენ მოვალეებს, აცნობონ შესასრულებელი ვალდებულების ოდენობა და ვადა; ასევე, განუმარტონ, რომ ბანკს აქვს უფლება, დაიწყოს სასამართლოში დავა.

საყურადღებო საკითხია სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. მსგავსი ტიპის ურთიერთობებზე სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება. ეს ნიშნავს, რომ გრაფიკის მიხედვით, თითოეული ვალდებულების შესრულების ვადა აითვლება იმ დღის მომდევნო დღიდან, როცა პირს თანხა უნდა გადაეხადა, არ გადაიხადა და ამ თარიღიდან 3 წელიწადს შეადგენს.

თუ ამ 3 წლის განმავლობაში ბანკმა არ მოითხოვა თანხის გადახდა სასამართლოსთვის მიმართვის გზით და თავის მხრივ, მოვალესაც არაფერი გადაუხდია, შემდგომში ბანკი ამ უფლებას კარგავს".