როგორია ლაშა პაპაშვილის წარმატების ფორმულა და ვინ მიუტანა მილიონი ცემენტის ტომრებით?! - კვირის პალიტრა

როგორია ლაშა პაპაშვილის წარმატების ფორმულა და ვინ მიუტანა მილიონი ცემენტის ტომრებით?!

მართალია, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კერძო სექტორი პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებაზე ალაპარაკდა, მაგრამ ბიზნესის განვითარებისთვის ხელის შემშლელი პრობლემები ჯერ კიდევ რჩება. როგორ კეთდება ბიზნესი დღეს საქართველოში და როგორ ვითარდება, ამ და სხვა საკითხებზე "რედიქს ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა პაპაშვილმა "პალიტრა TV"-ის გადაცემა ბიზნეს-PREშშ-ში ისაუბრა, რომელიც ეთერში 4 მაისს, 20:00-ზე გავა. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს.

- თქვენი ბიზნესის სლოგანია არისტოტელე ონასისის სიტყვები: "იცოდე ის, რაც არავინ იცის". რა იცით ისეთი, რაც არ იცის სხვამ?

- განსაკუთრებული არაფერი. არა მგონია, ონასისსაც რამე ისეთი სცოდნოდა. ამ ადამიანს მიზანდასახულობა და ძალისხმევა ჰქონდა განსაკუთრებული. ეს ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია.

- ანუ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს მიზანდასახულობაშია?

- დიდი წილი ამაშია, მაგრამ წარმატება სხვა ბევრი კომპონენტისგან შედგება.

- როდის გაგიჩნდათ ამბიცია, რომ ბიზნესი თქვენი საქმე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის განათლება არ გქონდათ?

- ისტორიის ფაკულტეტზე 4 წელიწადს ვისწავლე და შემდეგ იურიდიულზე გადავედი. 80-იანი წლების ბოლო იყო, როცა პირველი კომერციული დაწესებულებები გამოჩნდა. მაშინ არ არსებობდა რამე სექტორული არჩევანი, სივრცე ჯერ კიდევ ჩაკეტილი იყო. გაჩნდნენ მცირე კომერციული ორგანიზაციები და იყო ვაჭრობა.

- რით ვაჭრობდით?

- საქართველოდან ვაწვდიდით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს ციმბირში, იქიდან ბარტერით ქვანახშირს ვიღებდით.

- ერთ-ერთი პირველი პროდუქცია, რომელიც გასაყიდად გაიტანეთ, არაყი იყო...

- ბიზნესის კეთება ჩვენთან უფრო ადრე დაიწყო. რუსეთში ჯერ კიდევ სახელმწიფოსი იყო ყველაფერი და ადვილი იყო პროდუქციაზე მაღალი მარჟის დაჭერა. ფოთში გადმოტვირთული ქვანახშირი 3 დოლარი ჯდებოდა, ჩვენ კი მას 30 დოლარად და მეტად ვყიდდით.

ქართული ღვინო და არაყი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში გადიოდა და რიგში მომიწია ჩადგომამ, რომ ნაფარეულის ღვინის ქარხნისგან პროდუქცია მიმეღო. სესხიც ავიღე ბანკიდან. ჩემი ოჯახის წევრებმაც მასესხეს, ორი მესამედი კი ბანკში ვისესხე. სხვათა შორის, ბანკ "რესპუბლიკაში" განუზომლად მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო სესხზე, დაახლოებით 60%. მთელი თანხით ნაფარეულის ღვინის ქარხანას არაყი შევუკვეთე, ფული წინასწარ გადავიხადე, მაგრამ პროდუქციის მოწოდებას არ დაადგა საშველი. ქარხნის ხელმძღვანელი ტიპური კახელი იყო. ვეკითხები, რას აპირებთ, უკვე გადააცილეთ ერთ თვეს, ბანკში სესხი მაქვს-მეთქი. არც მისმენს და მპასუხობს, შენა, ბიჭო, აქ ამერიკა ხომ არა გგონიაო? არ დავნებდი, ჯერ კვირაში ერთხელ ჩავდიოდი თელავში, შემდეგ ორჯერ, სამჯერ და ბოლოს იქ გადავედი და სასტუმროში დავბინავდი. დირექტორმა მითხრა: ვერ მოგიშორე და ერეკლეს ძეგლთან მოვალ ამა და ამ დროს, თანხას დაგიბრუნებო. რას ჰქვია, თანხას დამიბრუნებ, ამდენი ვალი მრჩება-მეთქი. მითხრა: ისე დაგიბრუნებ, არ წააგებო. ცემენტის ტომრები იყო მაშინ, ქაღალდის და იმით მოიტანა ფული. ტომარაში წითელი ათმანეთიანები და მუქი შინდისფერი 25-იანები ეწყო. თბილისში ჩამოსვლამდე არ დამითვლია. დარწმუნებული ვიყავი, იმდენივე თანხა იქნებოდა, რაც პროდუქციისთვის გადავუხადე, ან ნაკლები...

- რამდენი დაგიბრუნათ?

- მილიონ-ნახევარი...

- რატომ?

- დღესაც არ ვიცი. 1993 წლიდან მოსკოვში გადავედი და იქ 5 წელიწადი ვიცხოვრე.

- საქართველოში ნამდვილ მილიონერად დაბრუნდით - 3 მილიონი დოლარით.

- იმ დროს ბანკ "რესპუბლიკის" დამფუძნებლებს შორის ჩემი ძმისა და მშობლების მეგობრები იყვნენ. პროცენტების ყიდვა შემომთავაზეს. პირველი წილი ვიყიდე, სამეთვალყურეო საბჭოშიც მიმიწვიეს.

- კაპიტალი მხოლოდ ფინანსურ სექტორში დააბანდეთ თუ გადაანაწილეთ?

- გადავანაწილე და რამდენიმე უძრავი ქონება შევიძინე ქალაქის ცენტრში. საზღვარგარეთაც ვიყიდეთ უძრავი ქონება. ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ლონდონში შეიძლება უძრავ ქონებაში ამდენი ფული დააგროვო პატარა პროექტიდან.

- ბანკში აღარ გაქვთ აქციები?

- შარშან, იანვარში, დავტოვე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია და ყველა აქცია გავყიდე.

- დღეს ბევრ ბიზნესში ხართ: სამშენებლო სექტორი, უძრავი ქონების ბაზარი, სასტუმროების სექტორი, რესტორნები. ორი წლის წინ თქვით, რომ საქართველოში ბიზნესისთვის რენესანსის ხანა დადგა.

- პირველი ნიშანი, რამაც ეგ მათქმევინა, ხელისუფლების ცვლასთან ერთად იყო ბიზნესის წნეხისგან გათავისუფლება.

სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ განვითარების დაბალ ეტაპზე ვართ. ბევრი კაპიტალი გვჭირდება ეკონომიკის ამა თუ იმ დარგის განსავითარებლად. უმნიშვნელოვანესია პირდაპირი ინვესტიციები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და ვერც ერთი პოლიტიკოსი შიშისა და წნეხის ფონზე ამას ვერ მოიზიდავს... ბიზნესი დღეს გახსნილია, თუმცა, ბიუროკრატიული აპარატი ჯერ კიდევ ძალიან ღრმაა.

- დღეს ბიზნესი ეკონომიკური აქტივობის შენელებაზე, სტაგნაციაზე ჩივის.

- ვერ ვიტყოდი, რომ სტაგნაციაა. უბრალოდ, მთავრობა ვერ ახერხებს  გაკეთებული საქმის პიარს. მართლა ბევრი საწარმო იხსნება.

ძროხების უმსხვილესი ფერმა ავაშენე - ერთ-ერთი წარმატებული არა მარტო კავკასიის რეგიონში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაშიც კი. შარშან გაიხსნა, ზუსტად ამ მთავრობის პირობებში.