როგორია ლაშა პაპაშვილის წარმატების ფორმულა და ვინ მიუტანა მილიონი ცემენტის ტომრებით?!
04-05-2015
როგორია ლაშა პაპაშვილის წარმატების ფორმულა და ვინ მიუტანა მილიონი ცემენტის ტომრებით?!
მართალია, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კერძო სექტორი პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებაზე ალაპარაკდა, მაგრამ ბიზნესის განვითარებისთვის ხელის შემშლელი პრობლემები ჯერ კიდევ რჩება. როგორ კეთდება ბიზნესი დღეს საქართველოში და როგორ ვითარდება, ამ და სხვა საკითხებზე "რედიქს­ ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა პაპაშვილმა "პალიტრა TV"-ის გადაცემა ბიზნეს-PREშშ-ში­ ისაუბრა, რომელიც ეთერში 4 მაისს, 20:00-ზე გავა. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს.

- თქვენი ბიზნესის სლოგანია არისტოტელე ონასისის სიტყვები: "იცოდე ის, რაც არავინ იცის". რა იცით ისეთი, რაც არ იცის
სხვამ?

- განსაკუთრებული არაფერი. არა მგონია, ონასისსაც რამე ისეთი სცოდნოდა. ამ ადამიანს მიზანდასახულობა და ძალისხმევა ჰქონდა განსაკუთრებული. ეს ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია.

- ანუ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს მიზანდასახულობაშია?

- დიდი წილი ამაშია, მაგრამ წარმატება სხვა ბევრი კომპონენტისგან შედგება.

- როდის გაგიჩნდათ ამბიცია, რომ ბიზნესი თქვენი
საქმე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის განათლება არ გქონდათ?

- ისტორიის ფაკულტეტზე 4 წელიწადს ვისწავლე და შემდეგ იურიდიულზე გადავედი. 80-იანი წლების ბოლო იყო, როცა პირველი კომერციული დაწესებულებები გამოჩნდა. მაშინ არ არსებობდა რამე სექტორული არჩევანი, სივრცე ჯერ კიდევ ჩაკეტილი იყო. გაჩნდნენ მცირე კომერციული ორგანიზაციები და იყო ვაჭრობა.

- რით ვაჭრობდით?
- საქართველოდან ვაწვდიდით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს ციმბირში, იქიდან ბარტერით ქვანახშირს ვიღებდით.

- ერთ-ერთი პირველი პროდუქცია, რომელიც გასაყიდად გაიტანეთ, არაყი იყო...
- ბიზნესის კეთება ჩვენთან უფრო ადრე დაიწყო. რუსეთში ჯერ კიდევ სახელმწიფოსი იყო ყველაფერი და ადვილი იყო პროდუქციაზე მაღალი მარჟის დაჭერა. ფოთში გადმოტვირთული ქვანახშირი 3 დოლარი ჯდებოდა, ჩვენ კი მას 30 დოლარად და მეტად ვყიდდით.

ქართული ღვინო და არაყი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში გადიოდა და რიგში მომიწია ჩადგომამ, რომ ნაფარეულის ღვინის ქარხნისგან პროდუქცია მიმეღო. სესხიც ავიღე ბანკიდან. ჩემი ოჯახის წევრებმაც მასესხეს, ორი მესამედი კი ბანკში ვისესხე. სხვათა შორის, ბანკ "რესპუბლიკაში" განუზომლად მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო სესხზე, დაახლოებით 60%. მთელი თანხით ნაფარეულის ღვინის ქარხანას არაყი შევუკვეთე, ფული წინასწარ გადავიხადე, მაგრამ პროდუქციის მოწოდებას არ დაადგა საშველი. ქარხნის ხელმძღვანელი ტიპური კახელი იყო. ვეკითხები, რას აპირებთ, უკვე გადააცილეთ ერთ თვეს, ბანკში სესხი მაქვს-მეთქი. არც მისმენს და მპასუხობს, შენა, ბიჭო, აქ ამერიკა ხომ არა გგონიაო? არ დავნებდი, ჯერ კვირაში ერთხელ ჩავდიოდი თელავში, შემდეგ ორჯერ, სამჯერ და ბოლოს იქ გადავედი და სასტუმროში დავბინავდი. დირექტორმა მითხრა: ვერ მოგიშორე და ერეკლეს ძეგლთან მოვალ ამა და ამ დროს, თანხას დაგიბრუნებო. რას ჰქვია, თანხას დამიბრუნებ, ამდენი ვალი მრჩება-მეთქი. მითხრა: ისე დაგიბრუნებ, არ წააგებო. ცემენტის ტომრები იყო მაშინ, ქაღალდის და იმით მოიტანა ფული. ტომარაში წითელი ათმანეთიანები და მუქი შინდისფერი 25-იანები ეწყო. თბილისში ჩამოსვლამდე არ დამითვლია. დარწმუნებული ვიყავი, იმდენივე თანხა იქნებოდა, რაც პროდუქციისთვის გადავუხადე, ან ნაკლები...

- რამდენი დაგიბრუნათ?

- მილიონ-ნახევარი...

- რატომ?

- დღესაც არ ვიცი. 1993 წლიდან მოსკოვში გადავედი და იქ 5 წელიწადი ვიცხოვრე.

- საქართველოში ნამდვილ მილიონერად დაბრუნდით - 3 მილიონი დოლარით.
- იმ დროს ბანკ "რესპუბლიკის" დამფუძნებლებს შორის ჩემი ძმისა და მშობლების მეგობრები იყვნენ. პროცენტების ყიდვა შემომთავაზეს. პირველი წილი ვიყიდე, სამეთვალყურეო საბჭოშიც მიმიწვიეს.

- კაპიტალი მხოლოდ ფინანსურ სექტორში დააბანდეთ თუ გადაანაწილეთ?

- გადავანაწილე და რამდენიმე უძრავი ქონება შევიძინე ქალაქის ცენტრში. საზღვარგარეთაც ვიყიდეთ უძრავი ქონება. ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ლონდონში შეიძლება უძრავ ქონებაში ამდენი ფული დააგროვო პატარა პროექტიდან.

- ბანკში აღარ გაქვთ აქციები?
- შარშან, იანვარში, დავტოვე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია და ყველა აქცია გავყიდე.

- დღეს ბევრ ბიზნესში ხართ: სამშენებლო სექტორი, უძრავი ქონების ბაზარი, სასტუმროების სექტორი, რესტორნები. ორი წლის წინ თქვით, რომ საქართველოში ბიზნესისთვის რენესანსის ხანა დადგა.
- პირველი ნიშანი, რამაც ეგ მათქმევინა, ხელისუფლების ცვლასთან ერთად იყო ბიზნესის წნეხისგან გათავისუფლება.
სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ განვითარების დაბალ ეტაპზე ვართ. ბევრი კაპიტალი გვჭირდება ეკონომიკის ამა თუ იმ დარგის განსავითარებლად. უმნიშვნელოვანესია პირდაპირი ინვესტიციები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და ვერც ერთი პოლიტიკოსი შიშისა და წნეხის ფონზე ამას ვერ მოიზიდავს... ბიზნესი დღეს გახსნილია, თუმცა, ბიუროკრატიული აპარატი ჯერ კიდევ ძალიან ღრმაა.

- დღეს ბიზნესი ეკონომიკური აქტივობის შენელებაზე, სტაგნაციაზე ჩივის.

- ვერ ვიტყოდი, რომ სტაგნაციაა. უბრალოდ, მთავრობა ვერ ახერხებს  გაკეთებული საქმის პიარს. მართლა ბევრი საწარმო იხსნება.

ძროხების უმსხვილესი ფერმა ავაშენე - ერთ-ერთი წარმატებული არა მარტო კავკასიის რეგიონში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაშიც კი. შარშან გაიხსნა, ზუსტად ამ მთავრობის პირობებში.
ალექს
05 მაისი 2015 12:26
ბიზნესის განვითარების დონე კონკრეტულ ქვეუყანაში მისი მოქალაქის, ადამიანის თავისუფლების ხარისხის პირდაპირპროპორციულია. ხელისუფლებისგან დატერორებული ბიზნესმენი დიდ დოვლათს ვერ შექმნის,ბიზნესს ფანტაზია,შემოქმედებითი მიდგომა ,აზროვნება ,ანალიზი სჭირდება,ღირებულ ბიზნესს ვამბობ თორემ ფადი ასლი რომ ჩამოიტანს ლილოს საბაჟოზე და ქათმის ბარკალს დეზერტირებში მე გავყიდი,მაგას არ ვგულისხმობ. ეგ ბიზნესი არაა,მე მაგ შემთხვევაში ფადის ნოქარი გამოვალ,აი მე თუ მილიონობით ფრთა ქართულ დედლებს მოვამრავლებ და ფადის ქართული ბაზრიდან გუდანაბადს ავუკრავ,ავკიდებ ჩემი დედლების გაყინულ ბარკლებს,თეთრ ხორცს ქართველებს მივართმევ,და ვაყიდინებ მეზობელ ქვეყნებში,მაშინ ვიქნები ბიზნესმენი,ფადი გახდება ჩემი ნოქარი. ტერორს ვუბრუნდები,პატარკაციშვილი (ნათელი დაადგეს ) და ივანიშვილი არ დაეტერორებინა სააკაშვილს,ახლაც ეპყრობოდა ხელთ კვერთხი,რადგან სწორედ ამ ორმა დააფინანსა მიშას ვარდები,ამიტომ უნდა იცოდე პოლიტიკოსო ვის უვარდები. დაუტერორებელი ბიზნესმენი ქმნის მოგებას,სამუშაო ადგილს,გადასახადს და საყოველთაო კეთილდღეობას,წარმოიდგინეთ მშვიდობასაც და დემოკრატიასაც,ეს მისი გარემოა ,ბიზნესმენის. ასეთი ბიზნესმენი ლოიალურია მოქმედი ხელისუფლების მიმართ და ოპოზიციას ისე არ დააფინანსებს ,რომ ბალანსი მოქმედის საწინააღმდეგოდ დაირღვეს,ამასთან არ გაიხედავს პოლიტიკური სარბიელისაკენ,მის აგურს აგურზე დაადებს,აზარტია ამაში,ჯენტლემენ უდაჩი!

სისტემური ცვლილების გარეშე მინისტრთა პერსონალური ცვლა წყლის ნაყვაა,საქმე არ არ გამოსწორდება,ჩვენი სახელმწიფო მოწყობა ამას გამორიცხავს,ჩვენი ამჟამინდელი სახელმწიფო მოწყობის პოლიტიკურ ეკონომიკური ფაზა არის საბჭოთა სოციალისტურის (ბრეჟნევის დროს "განვითარებულის")დამამთავრებელი ფაზა და რაც მალე დავამთავრებთ მით უკეთესია.
ამერიკის საგადასახადო კოდექსის მთავარი პრინციპი პირველ გვერდზე რომ სწერია,შემდეგია: "ეს კოდექსი კია სწორია , სამართლიანია,იმპერატიულია,მაგრამ გადამხდელია ყოველთვის მართალი და სახელმწიფომ უნდა ამტკიცოს საპირისპირო" ,ჩვენსაში კი ყოველ გვერდზე, ,გვერდის უკანაც,პწკართა შუა, ხილული და უხილავი ასოებითაც, სწერია :
"ნულოვანი ტოლერანტობა გადასახადის გადამხდელის მიმართ";"დაიჭი არ გაუშვა ქურდი მამაძაღლი"; "მე ვაბრალებ და გადასახადის გადამხდელმა ამტკიცოს ,რომ არ არის აქლემის ქურდი " ;"სახელმწიფო ყოველთვის მართალია" და ყველაზე მთავარი ,უმთავრესი,თავი და თავი პრინციპების :
"სახელმწიფო, ეს საგადასახადო ინსპექტორია" ;
"სახელმწიფო მოხელეა უზენაესი სამართლის დამდგენი ".
ჭკვიანი ხალხი ბრძანდებით ,ვერ გაფრინდებით ამეებით,გაფრენას "შერეკილობა " სჭირდება,თქვენ კი უბრალოდ ჭკვინები ხართ,ამ დროს "რიცკია ყველაფერი, რიცკი",გარიცკეთ თქვენც!
გაბედეთ და ამერიკულიდან გადაწერეთ საგადასახადო კოდექსი,რას იწერთ რუსულიდან,რა ინგლისური არ იცით ? თუ "ჩოთქი" არ იცის ხადურმა ,25 წელია ამ საქმეში ტრიალებს?!
ვიმეორებ ეს ცვლილებები კოსმეტიკაა,მთვარი მიზეზი ეკონომიკის დავარდნის მისი საგადასახადო სისტემაა ,ის რეპრესიულია,ხოლო ადმინისტრირება არის მიკერძოებული ვითომ სახელმწიფოს მიერ, სინამდვილეში საშუალო ,არაუმაღლესი მოხელე პირთა ჯგუფის მიერ,რომლებიც გაბნეული არიან სხდვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში საშუალო დონის თანამდებობებზე ,ხშირად ინაცვლებენ ერთიდან მეორე სტრუქტურაში, და კოლექტიურად საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე ლობირებენ საკუთარ ოლიგოპოლიას ან არალეგალურ გადასახადს კრეფენ.
გადასახადის გადამხდელი აბსოლუტურად დაუცავია,წინასწარ განწირულია თუ დავაში შევიდა ან ვიღაცის ბიზნესინტერესი გადაკვეთა,მას ლეგალურად გააკოტრებენ,დააპატიმრებენ,ბლეფია ხადურის "რეფორმები" და კოდექსის გაკეთილშობილების ღონისძიებები,საქმე გაცილებით სერიოზულ თემასთან გვაქვს,ვიდრე კორუფციაა,საქმე ხელისუფლების მითვისებას და მის გაფანტვასთან გვაქვს,ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული,ეს არის სისტემური პოლიტიკური დანაშაული და ის 25 წელია მიმდინარეობს სხვადასახვა სახით ,მრავალნაირი ფორმით,პერმანენტულად იხვეწება და ხელოვნურად იფუთება ბიუროკრატიული ლაბირინთით,რთული ადმინისტრირების წესებით,კამპანიურობით-უჭკვიანესი ხალხი მონაწილეობს ამაში,იქმნება ობიექტურობის სურათი,სინამდვილეში აბსოლუტურად მართვადი პროცესია. რომ იყოს პოლიტიკური ნება 6 წინადადებით მოეღება ამ ვაკხანალიას ბოლო,არ არის პოლიტიკური ნება,რადგან ხელისუფალი ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებულია ამ პროცესთან,პირველ რიგში ეს არჩევნების დროს დაუმსახურებელი ხმების მითვისების ,გაყალბების საფასურია სწორედ.

რედაქტორის რჩევით