როგორ ვუშველოთ ლარს - კვირის პალიტრა

როგორ ვუშველოთ ლარს

ლარის მცურავმა გაცვლითმა კურსმა გასულ კვირას კიდევ ერთხელ "გაცურა". უფრო სწორად, ჩაყვინთა და კვირის ბოლოს ლარი-დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,3303 ლარის ნიშნულზე შეყოვნდა. ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში დოლარი კიდევ უფრო ძვირად - 2,35 ლარადაც კი იყიდებოდა. ასეთი მაღალი კურსი საქართველოში 1999 წლის თებერვლის შემდეგ არ ყოფილა. მაშინ 1 დოლარის ოფიციალური ფასი 2,4510 ლარი იყო. ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ ლარმა 16 წლის წინანდელი ანტირეკორდი ახლაც გაიმეოროს. მოსახლეობას აინტერესებს, სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეროვნული ვალუტის გაუფასურება და სამომხმარებლო ფასების მატება. მთავრობას კი იმედი აქვს, რომ ლარის კურსი მალე დასტაბილურდება და ყველაფერს კვლავ საგარეო ფაქტორებს აბრალებს, ამასობაში კი სამეზობლოში ვითარება სტაბილურობისკენ მიდის.

ნუცა თოხაძე, "საზოგადოება და ბანკების" ანალიტიკოსი: - ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი დოლარის მიმართ - 4%-ით, თურქული ლირა - 3,3%-ით, აზერბაიჯანული მანათი - 0,3%-ით და სომხური დრამი კი 1,1%-ით გაუფასურდა. რუსული რუბლი კი, პირიქით, 10,2%-ით გამყარდა, ხოლო უკრაინული გრივნა - 9,3%-ით როგორც ვხედავთ, ლარი რეგიონის სხვა ვალუტებზე მეტად უფასურდება.

შეტრიალდა ექსპორტის ზრდის ტენდენციაც. 2014 წლის მაისში ექსპორტის ზრდა 12% იყო, ივნისში - 5%, ივლისში - 3%, ხოლო აგვისტოში კი უკვე 12%-იანი კლება აღირიცხა და მას შემდეგ ექსპორტი სულ იკლებს. წლევანდელ იანვარ-მარტში შარშანდელთან შედარებით კლებამ 28%-ს მიაღწია, ეს კი უცხოური ვალუტის შემოდინებას აფერხებს. იმპორტის კლება, რომელიც უცხოური ვალუტის გადინების წყაროა, წლევანდელი იანვრიდან დაიწყო და პირველი კვარტალის მონაცემებით, სულ 3%-ით შემცირდა. ასეთ დისბალანსს სხვა წყაროებიდან (ტურიზმი, ინვესტიციები, გზავნილები და საგარეო ვალი) სავალუტო შემოდინებები, ჯერჯერობით, ვერ აბალანსებს. შესაბამისად, ეს ლარის გაუფასურებას იწვევს.

მართალია, ეს ვითარება, გარკვეულწილად, გარე ფაქტორებმა გამოიწვია, მაგრამ ამის ნაწილობრივ გასაბათილებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აქამდეც შეიძლებოდა. ლარის გაუფასურება ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი თემაა. რისი გაკეთება შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, ბევრი შეხვედრა იმართება და საუბარიც ბევრია, თუმცა, ფაქტია, რომ შედეგი არ ჩანს.

ეს მიუთითებს, რომ რაღაც ვერ კეთდება სწორად და გაცილებით მეტი უნდა ვიმუშაოთ ინვესტიციების, ექსპორტისა და ტურისტების რაოდენობის გასაზრდელად, რათა სავალუტო შემოდინებები რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს.

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: - ლარის ვარდნის ზღვარი არ არსებობს. თუ პროცესები უკონტროლო გახდა, შესაძლოა, მოსახლეობამ და ეკონომიკამ ძალიან დიდი ზარალი განიცადოს. თუმცა, ზარალი უკვე ისედაც დიდია.

განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა მცირე და საშუალო ბიზნესი, მძიმედ აისახა ლარის გაუფასურება რიგითი მოქალაქის ჯიბეზე.

ლარის ვარდნას იმიტომ არა აქვს ზღვარი, რადგან ძალიან ცუდ შიდა პირობებს დაერთო არასახარბიელო გარე ფაქტორები, ასევე, არასწორი გადაწყვეტილებები და მაკროეკონომიკური პოლიტიკა. მას ერთობლივად უნდა ატარებდნენ ეროვნული ბანკი და მთავრობა. მართალია, ის გაყოფილია: ფულად-საკრედიტო, ანუ მონეტარული პოლიტიკა ეროვნული ბანკის ამოცანაა, ხოლო საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკა კი მთავრობისა, მაგრამ მათი პოლიტიკა ერთიანი უნდა იყოს და მთავარ მიზანს - ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას უნდა ემსახურებოდეს. უკვე ორი წელიწადია, ასე არ არის. ეროვნული ბანკი რაღაც განცხადებებს აკეთებს და რამდენიმე თვის განმავლობაში ისე მოქმედებდა, თითქოს ეს მისი საუფლო იყო, არაფერს ექვემდებარებოდა და აბსოლუტურად არასწორად მიჰყავდა საქმე. შემდეგ ვითარება გართულდა, მთავრობის სისუსტე ჩაერთო საქმეში და ძალიან მძიმე შედეგი მივიღეთ.

დღევანდელი გადასახედიდან ეროვნული ბანკი და მთავრობა თანაბრად არიან დამნაშავენი შექმნილ ვითარებაში.

ქვეყანაში სავალუტო კრიზისია. ჩვენ გვაქვს კატასტროფული ეკონომიკა და კიდევ უფრო კატასტროფული სტრუქტურის ექსპორტი - 20% სხვისი მანქანების გაყიდვა, ანუ რეექსპორტია და ამ ბიზნესსაც დიდი პრობლემები შეექმნა. მეორე ადგილზე თხილია - მთელი ექსპორტის 9% და მესამეზე - ყურძნის ღვინოები 7,5%-ით.  XXI საუკუნეში ასეთი ექსპორტის მქონე სახელმწიფოს, შეუძლებელია, რამე პრობლემის გადაჭრის იმედი ჰქონდეს. შესაბამისად, როგორც კი საექსპორტო ქვეყნებს შეექმნა პრობლემა, მათ შორის რუსეთსა და უკრაინას, პრობლემებიც გაჩნდა. წარმოგიდგენიათ, საქართველოს ფინანსური მდგრადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო ჩვენი ემიგრანტების მიერ ოჯახებისთვის გადმორიცხული ფული. მხოლოდ რუსეთიდან საშუალოდ 1,1 მილიარდი დოლარი იყო გადმორიცხვები. რუსეთში პრობლემების გამო მოცულობა 250 მილიონით შემცირდა და ეს ლარის კურსზე მაშინვე აისახა. რაც შეეხება ყბადაღებულ ტურიზმს.

ტურიზმი კარგი ბიზნესია, ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს, მაგრამ ქვეყნის მომავალი და ფინანსური მდგომარეობის ავკარგიანობა ტურიზმზე არ შეიძლება იყოს დამოკიდებული, ისევე როგორც სხვა რომელიმე კონკრეტულ დარგზე.

და კიდევ, ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ კმარა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად.

- ამ ყველაფრის კომპენსირება დოლარის ინტერვენციებით მოხერხდება?

- მცდარია თქმა, რომ ეროვნული ბანკი "უპრაგონოდ" უნდა ყრიდეს რეზერვებს კრიზისის ჩასაქრობად.

თუმცა, დასანანია, რომ ეროვნული ბანკი უკვე დიდი ხანია არ ასრულებს რეგულატორის ფუნქციებს. ის მთავარი კომერციული ბანკების გავლენაში მოექცა და მათ მომსახურე ბროკერად გადაიქცა. შედეგმაც არ დააყოვნა. პარლამენტმა არ შეასრულა მაკონტროლებლის ფუნქცია და ანგარიშვალდებულება ფორმალური გახადა ყალბი გუნდურობის მოსაზრებებიდან გამომდინარე.

კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე მოსმენები უნდა დაწყებულიყო, სულ ცოტა, 2014 წლის გაზაფხულიდან, როცა კრიზისის ნიშნები არსებობდა. სექტემბერში კი აშკარად გამოიკვეთა, რომ სავალუტო კრიზისი გარდაუვალი იყო.

- გამოითქვა მოსაზრება, რომ საქართველოდან ბოლო დროს დიდი მოცულობით დოლარი გავიდა.

- თუ ხელისუფლებას არ ესმის, როგორ ფუნქციონირებს ფინანსური ბაზრები, მძიმე მდგომარეობაში ყოფილა. დიახ, არ არის გასაკვირი საქართველოდან დოლარის მასის გასვლა. ბანკებმა ფანტასტიკურად მაღალი მოგება მიიღეს 2014 წელს, წინა წელიწადზე 1,5-ჯერ მეტი, მაშინ, როცა ეკონომიკა ამ წელს მხოლოდ 3%-ით გაიზარდა. ეს არის სახელისუფლებო პოლიტიკის ნაკლი და ეროვნული ბანკიც ამ ხელისუფლების ნაწილია.

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: - ნებისმიერი ვალუტის მდგომარეობის დახასიათებისთვის გაუფასურების მასშტაბი არ არის გადამწყვეტი. იყო დრო, 1 დოლარი 1.600 იტალიური ლირა ღირდა, იაპონიაშიც 1 დოლარი დაახლოებით 100 იაპონური იენი ღირს. ლარი-დოლარის თანაფარდობით არ უნდა განვსაზღვროთ, ვითარება უმჯობესდება თუ უარესდება. ჩვენ უნდა განვიხილოთ ვალუტის კურსის ცვლილების პარალელურად, როგორ იცვლება მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი ცალკეული პერიოდების მიხედვით. ყურადღება ნაკლებად ექცევა იმას, რომ ლარის დაცემის მსგავსად ფასები ისე არ გაზრდილა. დოლარი დაახლოებით 30%-ით გაძვირდა, ხოლო ინფლაციამ იმავე პერიოდში 3,6-4% შეადგინა. რა არის ამის მიზეზი, ან სადღაც სტატისტიკა ხომ არ "ქიმიკოსობს"? საქმე ის არის, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებსაც, საიდანაც იმპორტს ვახდენთ, დოლარის მიმართ მკვეთრი დევალვაცია შეეხო, აგრეთვე, გაიაფდა პროდუქცია, მაგალითად, მცირდებოდა ნავთობპროდუქტების ფასები, რამაც ჩვენს სამომხმარებლო ბაზარზე დიდი გავლენა მოახდინა და ფასების საერთო მატება შეანელა. ერთ წელიწადში დაახლოებით სამჯერ გაძვირდა დოლარი უკრაინული გრივნის მიმართ, საიდანაც შემოდის  ხორცპროდუქტები, რომლის ფასიც ასევე არ გაზრდილა.

- კარგია, რომ აქამდე ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით მოვედით, მაგრამ თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდა და მეზობელმა ქვეყნებმა თავიანთი ვალუტების გამყარება მოახერხეს, სამომხმარებლო ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება...

- ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრულ უსაფრთხოების ბალიშს გვიქმნიდა, თანდათან ამოიწურება. მაგალითად, დაიწყო ზრდა ნავთობპროდუქტების ფასებმა. მოსალოდნელია პურზე ფასის მასობრივი ზრდაც, თუ სხვა ფაქტორებმა ეს არ შეანელა, რადგან ფქვილი იმპორტირებულია. მნიშვნელოვანი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს.