აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - აჭარაში პოლონელი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება
04-05-2015
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - აჭარაში პოლონელი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პოლონეთში გამართული სარეკლამო კამპანიის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, აჭარაში პოლონელი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

"2015 წელს პოლონეთი კვლავ მნიშვნელოვან სამიზნე ტურისტულ ბაზრად რჩება რეგიონისათვის. აპრილის თვიდან სარეკლამო კამპანიის ფარგლებში აჭარა-ბათუმის პოპოულარიზაცია ერთდროულად პოლონეთის რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს - ვარშავაში, კატოვიცეში, პოზნანში, ჩესტოხოვაში, გლივიცეში. რეკლამების გეოგრაფიული არეალი მოიცავს ასევე სილეზიის რეგიონის ქალაქებს (ზაბჟე, ტიხი, ჩელადზ, მისლოვიცე და სხვა)", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა გარე რეკლამებისა, აღნიშნულ
ქალაქებში მოხდა ავტობუსების ბრენდირება ბათუმის ფოტოებით (60 ავტობუსი), განთავსდა სარეკლამო რგოლები ქალაქების ფიტნეს ცენტრებში (61 ფიტნეს ცენტრი, 152 ეკრანი). 10 მარტიდან 18 აგვისტომდე კი ხორციელდება ინტერნეტ რეკლამა პოპულარულ პოლონურ საიტზე - interia.pl-ზე.
"აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პოლონეთში სარეკლამო კამპანიის ფარგლებში მოლაპარაკებები გამართა ერთ-ერთ უმსხვილეს პოლონურ ტუროპერატორთან
"Rainbow Tours"-თან, რომლის შედეგადაც 2015 წლის სეზონისათვის კომპანია პოლონეთის სამი ქალაქიდან ჩარტერულ ფრენებს კვლავ განაახლებს. "Rainbow Tours"-ის ორგანიზებით, ბათუმში ჩარტერული ფრენები ვარშავიდან, კატოვიცედან და პოზნანიდან განხორციელდება. ფრენები ივნისიდან ოქტომბრის დასაწყისამდე კვირაში ორჯერაა დაგეგმილი", - ნათქვამია განცხადებაში.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აპრილის თვეში ორგანიზება გაუწია ასევე მედიატურს, რომლის ფარგლებშიც, აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო პოლონეთის წამყვანი რადიოების (Polskie Radio, Radio Czwórka), სამოგზაურო ონლაინ პორტალების (podroze.wp.pl, podroze.onet.pl, Fly4Free.pl) პოპულარული ჟურნალების (Gala,Voyage) წარმომადგენლები. მედიატურის ფარგლებში მოწვეული იყო ასევე პოლონეთის ცენტრალური ტელევიზიის TVP-ს გადამღები ჯგუფი. ზაფხულის სეზონამდე აღნიშნულ მედია საშუალებებში აჭარა-ბათუმის შესახებ სარეკლამო ხასიათის სტატიები და სიუჟეტები მომზადდება.

"აღსანიშნავია, რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით რეგიონის სასტუმროებში 29,1%-ით მეტი პოლონელი ტურისტი იმყოფებოდა. 2015 წლის სეზონზე "Rainbow Tours" ავიაფრენების ფარგლებში მგზავრთა რაოდენობის 30%-ით გაზრდას ვარაუდობს", - ნათქვამია განცხადებაში.

R
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით