"უცხოელები ფოტოებზე სულ სხვა საქართველოს ხედავენ"
11-05-2015
"უცხოელები ფოტოებზე სულ სხვა საქართველოს ხედავენ"
"რომელ ღირსშესანიშნაობებსა და ეკოლოგიაზე ვესაუბროთ ტურისტებს, როცა დასუფთავებაც კი ჩვენთვის პრობლემა გახდა?!"

მართალია, ტურიზმი ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ძირითად მამოძრავებელ ძალად ვერ გამოდგება, თუმცა, მას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია. ტურისტული სფეროს გრძელვადიანი წარმატება, პირველ რიგში, სახელმწიფოზეა დამოკიდებული, სწორედ მან უნდა შეუქმნას ამ სფეროში დასაქმებულ კერძო ბიზნესს განვითარებისთვის აუცილებელი მინიმალური პირობები, თუმცა როგორც ჩანს, სახელმწიფო ამ ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს - საზაფხულო სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ერთი თვით ადრე ექსპერტები საზღვაო
თუ მთის კურორტებში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე საუბრობენ.


ია თაბაგარი, ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე: - საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, რომ საკუთარი ტურისტული გამოცდილება კარგად შეფუთოს და აქცენტები ისეთ მიმზიდველ სფეროზე გააკეთოს, როგორიცაა კულტურა, აქტიური დასვენება, კურორტები, სპა ტურიზმი, ღვინო და მდიდარი სამზარეულო. მთავარია ამ რესურსების სწორად
გამოყენება შევძლოთ და მხოლოდ პოტენციალის დონეზე არ დავრჩეთ.  მაგალითად, ბახმარო ტურისტებისთვის როგორც ზამთარში, ისე ზაფხულშიც საკმაოდ მიმზიდველ ადგილად ითვლება. აქ ხარობს ისეთი სახეობის ფიჭვი, რომლის ანალოგი არა მარტო საქართველოში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არსადაა გაშენებული. საქართველოს ამ ნაწილში ზღვისა და მთის ჰავა ერთმანეთს ერწყმის, რასაც თან ერთვის ფიჭვნარიც. ბახმაროს ჰაერი ოზონს შეიცავს, რომელიც ფილტვების საუკეთესო გამწმენდია. მაგრამ ბახმარო დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ხეები მასობრივად იჭრება და ამ პროცესს არავინ აკონტროლებს­. საცალფეხო ბილიკები, რომლებიც ბახმაროს განსაკუთრებულ ხიბლს მატებდა, განადგურებულია. მოშლილია ინფრასტრუქტურა, დანგრეულია გზები.

ტურისტებთან ყოფნა ხშირად მიწევს, ამიტომ კარგად ვიცი, რა ტიპის პრობლემებს აწყდებიან ისინი საქართველოში. სამწუხაროდ, კურორტებზე გაგანია სეზონის დროს ხშირად დენი და წყალი წყდება. პრაქტიკულად, ინფრასტრუქტურა ტურისტების ნაკადების მისაღებად მოუმზადებელია, რაც ტურისტებს ყოველ ნაბიჯზე დისკომფორტს უქმნის. მაგალითად, ქუთაისი-გელათის მონაკვეთზე, რომელიც ერთ-ერთ პრიორიტეტულ ტურისტულ მარშრუტად ითვლება, გზა იმდენად გაფუჭებულია, რომ გადაადგილება შეუძლებელი გახდა.
დანაგვიანებულია მესტიაც, რომელიც ბევრ ტურისტს იზიდავს. კატ­ასტროფული მდგომარეობაა გუდაური-ყაზბეგის მონაკვეთზეც, სადაც ტონობით ნაგავი პირდაპირ გზებზე ყრია.
რომელ ღირსშესანიშნაობებსა და ეკოლოგიაზე ვესაუბროთ ტურისტებს, როცა დასუფთავებაც კი ჩვენთვის პრობლემა გახდა?! ანანურიდან დარიალის ხეობამდე ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნაგავი ყრია, არადა, მოგეხსენებათ, სამთო კურორტები ტურისტებს­ განსაკუთრებით იზიდავს.
ბაკურიანიც გადათხრილია და გზების მოწესრიგება თვეობით ჭიანურდება.

- საზღვაო კურორტებზეც იგივე პრობლემებია?
- შავი ზღვის კურორტებზე დენისა და წყლის პრობლემები აქვთ. კონკრეტულად ბათუმში მსგავსი პრობლემები ნაკლებადაა, მაგრამ მის შემოგარენში დენი საკმაოდ ხშირად ქრება, წყალიც, ლამისაა, გრაფიკით მიაწოდონ მოსახლეობას. მთავრობა ვალდებულია ნებისმიერი მსგავსი ლოკალური პრობლემები აღმოფხვრას, მით უმეტეს, როცა ტურიზმზე საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებს და ეკონომიკის განვითარების მთავარ ბერკეტად წარმოუდგენია. ბუნებრივია, ამ ყველაფრის შემხედვარე ტურისტები იმედგაცრუებული არიან - ფოტოებზე სხვა საქართველოს ხედავენ, ადგილზე კი მკვეთრად განსხვავებული რეალობა ხვდებათ. მაგალითად, ზამთარში მესტიაში საბაგირო თითქმის ერთი კვირა არ მუშაობდა, ტურისტები იძულებული გახდნენ, გუდაურში წასულიყვნენ, რაც ორმაგი ხარჯია. არადა, თითოეული ტურისტი მნიშვნელოვანია. ტურისტებს ვუმტკიცებთ, რომ თუშეთში ეკოლოგიურად სუფთა გარემოა, მაგრამ იქ სამედიცინო პუნქტიც კი არ მოქმედებს. ტურიზმის განსავითარებლად სხვადასხვა ტიპის ფესტივალებიც მნიშვნელოვანია, მსგავსი ღონისძიებები დამსვენებელს იზიდავს, მაგრამ რატომღაც ამ დროისთვის მინიმალური პროგრამებია წარმოდგენილი.

- ისევ ინფრასტრუქტურის პრობლემას ვაწყდებით, მაგალითად, ზედაზნობაზე დასწრების მსურველები ადგილზე მისვლას მოშლილი ინფრასტრუქტურის გამო ვერ ახერხებენ.

- რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებში სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია.
თბილისშიც მძიმე ვითარებაა. მიწისქვეშა გადასასვლელები დაბინძურებულია, ქუჩებს სახელწოდებები არ აწერია, რის გამოც ტურისტები გზის გაკვლევას ვერ ახერხებენ. სამწუხაროდ, მხოლოდ ნეგატივზე ვსაუბრობ, მაგრამ ასეთია დღეს ჩვენი რეალობა...
gavazeli
18 მაისი 2015 11:35
რა ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა. ტურიზმში ვმუშაობ და მთელი სეზონი წნევა მაქვს აწეული. მთელს თბილისში და სხვა ქალაქებშიც ტურისტულ ავტობუსს ვერსად გააჩერებ, პატრული პირდაპირ ნადირობს მათზე, ყველა ტურში ჯარიმას უწერენ მძღოლებს არასწორ გაჩერებაზე, თითქმის არცერთ სასტუმროს, მუზეუმს პარკირების ადგილი არ გააჩნია. ნებისმიერ სასტუმროს შეუძლია ტურისტები გამოგიყაროს იმ მიზეზით, რომ სამთავრობო შეკვეთა აქვს. რომელ ძეგლს როდის მიაკეტავენ სარემონტოდ და რამდენ ხანს იქნება მიკეტილი, კაციშვილი ვერ გაიგებს. უფრო გლობალური პრობლემები სხვაა კიდევ.
ვენერა
15 მაისი 2015 15:25
ვეტანხმები აჰდრის ისეგადაგვარდა ხალხი ნაგავსხოისვრიან პანჯრებიდან ახლა ცემოიგობეს კორპუსებისგვერდიტ პატარამიცები ვიტომბაგებად რამდენიმემ ცემსმეზობლად ვიპიქრე კარგია მოუვლიან რაგაცასდარგავენ გაალამაზებენ ნურასუკაცრავად მაკვლების და ნაგვისბუდედ აქციეს მალეგველებიცეგვცამენ როვსაკვედურობტ ახლოსარგვაკარებენ ვინგეკიტხებატო ერტი ნორმალური კანონივერმიიგეს რო კორპუსტან ცემოგობვა ანაიკრზალოს ან როგობავენ სუპტადქონდეტ ესარიან ქარტველები მეცქარტველივარ მაგრამ მზულს ესეტი გორიქარტველები მტავარია მიიტვისონრამე ნაგვისბუნკერებადაქცევენ იმისია რასაცუნდა იმასიზამს რატქმაუნდა კველაზეარმაქვსლაპარაკი მაგრამ უმეტესობა ასეტებია და უცხოელებისტვის ტვალცისაცემია
nika
13 მაისი 2015 11:07
ჩვენთან ხალხია ძალიან უკულტურო და აღნიშნულ პრობლემას მარტო სახელმწიფო ვერ მოაგვარებს. ერთ-ერთი მოქმედი პარლამენტარის აგარაკის ჭიშკრის წინ, პირდაპირ გზაში, ერთი წელია ტომრებით ყრია სახლიდან გამოტანილი ნაგავი და ვერ გადაუყრია. თქვენ კიდევ ამბობთ, რომ სახელმწიფომ მოაგვაროსო?

რედაქტორის რჩევით