"ოქროს რეზერვი" ქართული ეკონომიკისთვის?! - კვირის პალიტრა

"ოქროს რეზერვი" ქართული ეკონომიკისთვის?!

მთავრობა ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურებას 2-3 კვირის შემდეგ ელოდება, მას შემდეგ, რაც გარდაბნის თბოელექტროსადგური გაიყიდება 300 მილიონ დოლარად და საქართველოს ტურისტები მოაწყდებიან. დაზუსტებით ვერავინ იტყვის, რამდენ ხანს ეყოფა ლარს სტაბილურობისთვის სამი ასეული მილიონი დოლარი ან გვექნება თუ არა ქვეყანაში წლეულს ტურისტული ბუმი.

2014 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. საზღვაო პორტის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებაში არსებობდა და მეტიც - სააკაშვილი შავი ზღვის სანაპიროზე ქალაქის გაშენებაზეც კი ლაპარაკობდა. მოქმედმა ხელისუფლებამ ჯერ იჭოჭმანა, შემდეგ კი კვლევა მოაწყო და პორტის აგება გადაწყვიტა. პროექტით თორმეტი კომპანია დაინტერესდა, სამთავრობო კომისიამ კი ე.წ. მოკლე სიაში მხოლოდ 7 კომპანია შეიყვანა. შვიდეულს მიმდინარე წლის 16 აპრილს უნდა წარედგინა ტექნიკური და ფინანსური წინადადებები. საბოლოოდ, პირობები ორმა კომპანიამ დააკმაყოფილა. მხოლოდ სექტემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი, ვინ ააშენებს პორტს ანაკლიაში - ქართულ-ჩინური Anaklia Port and Industrial Eco Park-ი თუ "კონტი ჯგუფისა" და "თიბისი ჰოლდინგის" გაერთიანება. პორტის გარდა, ანაკლიაში დაგეგმილია ლოჯისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა. ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება, ის 7 ფაზად იქნება დაყოფილი. საბოლოოდ, პორტმა 100 მილიონ ტონა გამტარუნარიანობას უნდა მიაღწიოს. მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 5-6 მილიარდი დოლარია.

კიდევ 800 მილიონი დოლარი შემოვა ქვეყანაში წყალტუბოს სპაკურორტის რეაბილიტაციისა და განვითარებისთვის. ეს პროექტი წინა ხელისუფლებამ დაიწყო და მოქმედი განაგრძობს. უკვე დასრულებულია ავსტრიული კომპანია Kოჰლ&Pარტნერს-თან კურორტის ზონირება და ამჟამად, საპარტნიორო ფონდთან ერთად, ფრანგული კომპანია "ვიშის" მეშვეობით მიმდინარეობს წყალტუბოს კურორტის, მისი წყლის საერთაშორისო სერტიფიცირება. ზაფხულში უნდა დაიწყოს ნენსკრაჰესის მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება 1,1 მილიარდი დოლარია.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა ისეთ მასშტაბურ პროექტებს, როგორიც ხუდონჰესი და თბილისის შემოვლითი რკინიგზაა, საიდანაც ქვეყანას კიდევ რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა მიეღო.

ლევან კალანდაძე, საზოგადოების "ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა" ხელმძღვანელი: "ყველა ეს პროექტი მნიშვნელოვანია. მათგან ზოგი მიმდინარეობს, ზოგი კი შეფერხებულია. მაგალითად, ანაკლიის პორტისა და ნენსკრაჰესის პროექტი თითქოს დაიძრა, ხუდონჰესის პროექტი და შემოვლითი  რკინიგზა კი შეჩერებულია.

იმაზე საუბარი, რომ ყველა ამ პროექტის ერთად ამოქმედებას შეეძლო თავიდან აეცილებინა სავალუტო კრიზისი, არასწორი იქნება, მაგრამ ლარის გაუფასურებას ნაწილობრივ შეარბილებდა - ლარის დაახლოებით 30%-იანი დევალვაციის ნაცვლად შესაძლებელია, გვქონოდა 15-16%-იანი მაჩვენებელი.

როცა ასეთ მასშტაბურ პროექტებსა და მათ საინვესტიციო ღირებულებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის ერთჯერადი სავალუტო ინიექციები. ანაკლიის პორტი არის 10-წლიანი პროექტი, ხუდონი - 6-7-წლიანი, 4 წელიწადზეა გათვლილი ნენსკრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი. შესაბამისად, ეს თანხების ეტაპობრივი სავალუტო შემოდინების პირობა იქნებოდა. რისკ-ფაქტორები, რამაც ლარს პრობლემა შეუქმნა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის მოხსნილი.

ვითარება მძიმეა, თუმცა, გვაქვს განსაზღვრული, ე.წ. ოქროს რეზერვი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში - საინვესტიციო პროექტები, რომელთა სწორად და დროულად განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ, შევამსუბუქოთ ის რისკ-ფაქტორები, რაც ლარზე ზეწოლას ახდენს".