”გამადიდებელი შუშის” ქვეშ... - კვირის პალიტრა

”გამადიდებელი შუშის” ქვეშ...

ხელისუფლებამ მოულოდნელად გადაწყვიტა, ანტიმონოპოლიური სამსახური აღადგინოს. ინიციატივა პრეზიდენტს ეკუთვნის, რომელმაც მიიჩნია, რომ ადგილობრივი ბაზარი არასაკმარისად არის რეგულირებული და კომპანიებს შორის კონკურენციას გაზრდა სჭირდება.

ახალი სამსახური, რომელმაც კონკურენტული გარემოს შექმნაზე, ხელოვნური მონოპოლიების შეზღუდვასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე უნდა იზრუნოს, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს ნაცვლად უნდა შეიქმნას, რომელიც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ექვემდებარება. ახალი სამსახური საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება, პრემიერს დაექვემდებარება და წინამორბედზე მეტი უფლებები ექნება.

ანტიმონოპოლიური სამსახური კახა ბენდუქიძის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მისივე ინიციატივით გაუქმდა. წლების შემდეგ სამსახურის აღდგენას ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია აპირებდა, თუმცა მხარი არ დაუჭირეს. ბენდუქიძე, რომლის აზრს მთავრობაში ისევ ითვალისწინებენ და რჩევებსაც ეკითხებიან, კვლავაც იმ აზრისაა, რომ "ყველაფერი ბაზარმა უნდა დაარეგულიროს". ახალი ინიციატივა მის პოზიციას ეწინააღმდეგება, ამიტომ ლიბერალური ეკონომიკის მხარდამჭერი ამ საკითხზე საუბრისგან დღესდღეობით თავის შეკავებას ამჯობინებს.

ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ ურჩია ევროკომისიამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. ევროკომისიამ დასკვნაში ჩაწერა, რომ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის საააგენტოს არაფრის გაკეთება ძალუძს და არც ბიზნესსექტორში კონკურენციის ხელშეწყობისთვის გამოდგება. ევროპელებს ისიც უკვირდათ, სხვა ქვეყნების ანალოგიური სამსახურებისგან განსხვავებით, ჩვენთან სააგენტოს გამოძიებისა და აღსრულების უფლებამოსილება რომ არ ჰქონდა. ეს ორგანიზაციები აცხადებდნენ, თუ საქართველოს ევროსტრუქტურებთან ინტეგრაცია სურს, სადაც თავისუფალი კონკურენციის არსებობას დიდ ყურადღებას აქცევენ, ანტიმონოპოლიურის შექმნაზე უნდა იფიქროს.

მაგრამ ევროპელი სპეციალისტები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ სამსახური, რომელიც კორუფციის წყარო იყო, სწორად უნდა დაკომპლექტდეს, რადგან პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც მოხელეები სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრებას იყვნენ მიჩვეული, კორუფციის საფრთხე ახლაც დიდია. არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარ კვლევებში ყველაზე ხშირად მონოპოლიური ბარიერების არსებობაზე ფარმაციის, ავიაციის, იმპორტის სეგმენტებში მიანიშნებდნენ. თუმცა ბევრ სხვა, უფრო "ბნელ" სფეროებშიც მსგავსი მდგომარეობაა, მაგალითად, ხორცის, შაქრის იმპორტში.

კომპანიების შერწყმასა და დომინანტის პოზიციის ბოროტად გამოყენებაზე კონტროლი საბანკო, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სფეროში ოფიციალურად მარეგულირებლებს ევალებათ. თუმცა მარეგულირებლის არსებობა ინტერნეტის ან მობილური კომუნიკაციების ბაზარზე მონოპოლისტების არსებობას სულაც არ ზღუდავს. კვლავაც არაჯანსაღია კონკურენცია ინტერნეტპროვაიდერებს შორის. 2006 წლიდან ამ ბაზარზე დომინანტის ფუნქცია უკავია "კავკაზუს ონლაინს", რომლის წილი წლების განმავლობაში 90%-ს აღწევდა. ბოლო დროს მის შეზღუდვას ხშირად არაჯანსაღი მეთოდებით ცდილობს კონკურენტი "გაერთიანებული ტელეკომი", რომელიც მიწისქვეშა სადენების ინფრასტრუქტურის ერთპიროვნული მფლობელია და ამ მონოპოლიურ მდგომარეობას ბოროტად იყენებს.

"ტელეკომმა" "კავკაზუს ონლაინის" სადენების გადაჭრით ბევრი მომხმარებლის თავისკენ გადაბირებაც მოახერხა... შეუზღუდავი მონოპოლიების არსებობა პროდუქტსაც აძვირებს. კომპანიები, რომლებიც მონოპოლიური მდგომარეობით სარგებლობენ, მომხმარებელს სერვისსა თუ პროდუქტში ევროპულ ფასს ახდევინებენ. კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღიარებს, რომ მას სრულად არ შეუძლია ხელი შეუშალოს ამ სფეროში მონოპოლიის წარმოქმნას. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შარშან გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ ჯანსაღ კონკურენციას ხელს ასეთ მონოპოლიურ ბიზნესსა და მთავრობას შორის კავშირიც უშლის. ეს "ელიტური კორუფციით" ან პარტიის დაფინანსებით გამოიხატება. ფარმაცევტული ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის ხელმძღვანელს არ უარუყვია, რომ საგადასახადო თუ სხვა შეღავათების სანაცვლო მადლიერების ნიშნად, საარჩევნო ყულაბაში 100 ათასი ლარი აქვს შეტანილი...

როგორ და რა ფორმით იმუშავებს ახალი სააგენტო, ბოლომდე ჯერ არც მთავრობაში გარკვეულან. ერთს დანამდვილებით აცხადებენ, რომ ახალ "ანტიმონოპოლიურს" საგამოძიებო და სადამსჯელო ფუნქციები არ აღუდგება, რომლითაც ძველი ანტიმონოპოლიური სარგებლობდა. მთავრობა ამბობს, რომ ეს ანალიტიკური სამსახური უფრო იქნება, ვიდრე სადამსჯელო. კონკურენციის წესების დამრღვევს კი განაჩენს სასამართლო გამოუტანს, ის განსაზღვრავს დასჯის ზომასა და სანქციებსაც. სამსახურის შექმნა სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. ახალი სამსახურის "გამადიდებელი შუშის" ქვეშ ის სფეროებიც მოექცევა, რომელთაც საკუთარი მარეგულირებელი კომისიები უკვე ჰყავთ.

ანტიმონოპოლიური სამსახურის ყოფილი უფროსი, ამჟამად კი ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე მიიჩნევს, რომ ახალი ანტიმონპოლიურის შექმნის სურვილი ხელისუფლებისგან ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვაზე მიანიშნებს.

გიორგი ისაკაძე (ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი): "ეს მიანიშნებს, რომ მთავრობამ პოზიცია შეცვალა, ხელისუფლებას ხომ არაერთხელ მიუთითა ევროკავშირმაც და სავალუტო ფონდმაც. როგორც ჩანს, მათი შენიშვნის გათვალისწინება მოუხდათ.

- როგორც ამბობენ, სამსახურს მხოლოდ ანალიზის ფუნქცია ექნება, შეძლებს კი ამ ფორმით მონოპოლიების შეზღუდვას ან კონკურენციის ხელშეწყობას?

- ახალი სამსახურის მუშაობა დამოკიდებული იქნება იმაზე, რა გუნდი შეიკვრება, როგორ დაკომპლექტდება. ბევრ ქვეყანაში თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოები სწორედ კონტროლის უფლებით არიან აღჭურვილი. აშშ-ის ანტიმონოპოლიური ორგანო იუსტიციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. თუ ვქმნით, სრულყოფილი სამსახური უნდა შევქმნათ და ნახევრად მშობიარე მდგომარეობაში ნუ დავტოვებთ. ნუ აღვადგენთ, როგორც ანალიტიკურ ბიუროს. ასეთი ეკონომიკის სამინისტროშიც იყო, სხვა ანალიტიკური სამსახურებიც არსებობს და მათ თავისუფლად შეეძლოთ ამ საქმის გაკეთება, ან იუსტიციის თუ ფინანსთა სამინისტროში შექმნა.

კონტროლის ფუნქციას გვერდს ვერც ეს ახალი სამსახური აუვლის. თუ ანალიტიკოსია, კონკურენცია ვინ უნდა დააბალანსოს? ძალა უნდა ჰქონდეს მის საქმიანობას. შექმნამდე უნდა დაფიქრდნენ, რომ მხოლოდ მოსე მწერლებად არ იქცნენ. გარდა ამისა, თავიდანვე ერთმანეთისგან თუ არ გამიჯნეს ანტიმონოპოლიურისა და მარეგულირებლის ფუნქციები, მეწარმეებს პრობლემები შეექმნებათ.

- თქვენ ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი იყავით, რომლიც მისამართით უამრავი ბრალდება ისმის. როგორ ფიქრობთ, რა იყო ცუდი იმ სამსახურში და ძველისგან ახალს რა ფუნქციები უნდა დარჩეს?

- რეკლამის მონიტორინგის ფუნქცია (სარეკლამო დროის კონტროლი, სატელევიზიო რეკლამა არ გაგრძელდეს განსაზღვრულ დროზე მეტხანს და სხვ.), რაც ანტიმონოპოლიურის საქმიანობის ძირითადად მიმართულებას და სოლიდური შემოსავალის წყაროსაც წარმოადგენდა, ვფიქრობ, ზედმეტი იყო და ახალ სამსახურსაც არ სჭირდება... მით უფრო, ახლა ამ ფუნქციას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ასრულებს. ძველისგან უნდა დარჩეს მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ასევე ფასების კონტროლიც თუ შევა მის ფუნქციაში, მნიშვნელოვანი იქნება.

ნონა ქვლივიძე