მოვალეებს აღმართში "მოვალეთა რეესტრი" დაეწია - კვირის პალიტრა

მოვალეებს აღმართში "მოვალეთა რეესტრი" დაეწია

ქვეყანაში კრიზისმა და ვალებმა ხალხის დიდი გამოსახლება გამოიწვია

ორი წლის წინ აღმასრულებლის არსებობის შესახებ არავინ იცოდა. ბოლო დროს, ვალებში ჩავარდნილი მოქალაქეებისა თუ საწარმობის დასაყადაღებლად ქალაქში გასულ აღმასრულებლებს სულ უფრო ხშირად ხედავენ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები დღეში, სულ ცოტა, 100-მდე მისამართზე მიდიან უძრავ-მოძრავი ქონების დასაყადაღებლად. მათი გამოჩენა იმის მაუწყებელია, რომ კრედიტორებმა სასამართლოში იჩივლეს და ვალს თუ არ გადაიხდიან, დაყადაღებული ქონება აუქციონზე გაიყიდება. აღმასრულებელი მოვალეს მხოლოდ 4 კვირის სამყოფ საკვებსა და საწვავს უტოვებს. ყადაღა არ ედება წვრილფეხა საქონელს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს საიტზე www.nbe.gov.ge-ზე უამრავი განცხადება დევს აუქციონზე გამოტანილი ბინების, მიწის ნაკვეთების, ავტომანქანების, მაცივრების, ავეჯისა და სხვა საოჯახო ნივთების შესახებ, რომლებიც მოვალეს დაუყადაღეს. ამ აუქციონებზე ჩამორთმეულ ქონებას საბაზროზე დაბალ ფასად შეიძლება გადააწყდეთ. შეძენის მსურველი ბევრია. მაგრამ როცა ადგილზე მიდის, ბევრი ამ ქონების შეძენისგან თავს იკავებს, რადგან ბინებიდან ძველი მფლობელების გამოსახლება პრობლემა ხდება. აღმასრულებელი ამას ხშირად ვერ ახერხებს და ბინების დაცლა კრედიტორს ან იმას უწევს, ვინც ქონება აუქციონზე შეიძინა. მასვე უწევს საპატრულო პოლიციის გამოძახება და მათი მომსახურების ანაზღაურებაც.

ციური მ. (მოვალე): "რამდენიმე თვის წინ ფული ჩემმა შვილმა ისესხა და ვეღარ გაისტუმრა. მევალემ სასამართლოში იჩივლა და თანხის ამოღება აღმასრულებელს გადაეცა. რამდენიმე დღის წინ მოვიდნენ აღსრულების ბიუროდან და აღმიწერეს, რაც ბინაში ღირებული მქონდა, პიანინო, სარეცხი მანქანა და დამიყადაღეს. ახლა თუ არ გადავიხდი 3 ათას ლარს, ამ ნივთებს გაიტანენ და აუქციონზე გაყიდიან.

მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს ნივთები ჩემმა ლტოლვილმა ნათესავმა მომაბარა შესანახად და რა პასუხი გავცე, აღარ ვიცი. როგორც მითხრეს, ნივთები ჩემი რომ არ არის, მე უნდა ვამტკიცო. პედაგოგი ვარ. სკოლაში ვმუშაობ და რადგან ხელფასი მაქვს, მითხრეს, რომ პირდაპირ საბანკო ანგარიშიდან ჩამომაჭრიან. არ ვიცი, რა მეშველება, ჩემი ხელფასი კომუნალურ ხარჯებსაც ვერ სწვდება და სულ უსასხსროდ ვრჩები".

ნათელა კ. (მოვალე): "ჩემმა ძმისშვილმა სესხი აიღო და სანაცვლოდ გირაოში ჩემი ბინა ჩადო. ვერ გადაიხადა და ოთხი მოვალის მიმართ დავალიანება 45 ათას დოლარამდე ავიდა. ახლა აღსრულების ბიურომ აუქციონზე გამოიტანა და 1-ოთახიანი ბინა გლდანში 19.500 ლარად აქვს შეფასებული. სიმსივნის მესამე სტადია მაქვს და ვინ უნდა გამომასახლოს ბინიდან ან როგორ უნდა წავიდე, სიარული არ შემიძლია და არც წასასვლელი მაქვს".

თენგიზ ქ. (ქუთაისელი მემწვანილე): "რამდენიმე წლის წინ ვისესხე ფული კერძო კრედიტორისგან და მწვანილის ბიზნესი დავიწყე. აგვისტოს ომის დროს გზები ჩაიკეტა და მწვანილი ვეღარ გავიტანე. ამას ფინანსური კრიზისიც დაემატა, რამაც გაყიდვა ძალიან შეამცირა. სესხს ყოველთვიურად, დაგვიანების გარეშე ვიხდიდი, მაგრამ ბოლო თვეებში სრულად დაფარვა გამიჭირდა. თანხის გადანაწილება ვთხოვე, მაგრამ შეღავათი არ გამიწია და სასამართლოში მიჩივლა. აღამასრულებლები მოვიდნენ და ტრაქტორი და ავეჯი უკვე წაიღეს, ძველი მანქანაც დამიყადაღეს. სულ უსახსროდ ვრჩები, მიწის დამუშავებასაც ვეღარ მოვახერხებ. ჩემ გარშემო უამრავი ადამიანია ასეთ დღეში. ზოგისგან მანქანა გაჰყავთ, ზოგისგან "სტენკა" და მაცივარი გააქვთ. ხან ერთი ოჯახიდან ისმის წივილ-კივილი, ხან მეორიდან".

კრიზისის გამო ვალებში იმდენი ჩაეფლო, რომ ეროვნული ბიურო აღსრულებას ვეღარ აუდის. ამიტომ სახელმწიფო სამსახურის გარდა, ბაზარზე აღსრულების კერძო ბიუროებიც გაჩნდნენ. კრიზისი აღსრულების ბიზნესის სასარგებლოდ მუშაობს (აღსრულების ვადებიც შემჭიდროვდა, აღმასრულებლებს ხელფასები გაეზარდათ და აღსრულებულ საქმეებზე ბონუსებსაც იღებენ).

ამ დროს მოსახლეობისა თუ კომპანიების შემოსავლები და გადახდისუნარიანობა მცირდება და მოვალეთა რიცხვიც თანდათან იმატებს. კრედიტორი აღსრულების სამსახურს თანხის 7%-ს უხდის. კრედიტორს ფულის ამოღება რომ გაუადვილოს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ "მოვალეთა რეესტრი" შექმნა და ამ "შავი სიაში" ყველა მოვალე შეჰყავს, რომელმაც სესხი სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებიდან 7-დღიან ვადაში არ დაფარა. რეესტრში ის იმ დრომდე დარჩება, სანამ კრედიტორს ვალს არ გადაუხდის. მოვალეთა რეესტრში უკვე 500-ზე მეტი პირია და საკუთარი გვარის ნახვა ნებისმიერს შეუძლია.

ოფიციალური ცნობის აღება კი 10 ლარი ჯდება. მარტიდან რეესტრში ბანკის მოვალეებსაც შეიყვანენ. ამის შემდეგ რეესტრს ბევრი მომხმარებელი გაუჩნდება, რადგან სანამ პირს ბანკი კრედიტს მისცემდეს, რეესტრიდან ცნობას მოსთხოვს, რომ ვალი არ გააჩნია. თუ მოვალე ერთი თვის ვადაში ვალს დაფარავს, მის ქონებას ყადაღა მოხსნიან და რეესტრიდანაც ამოშლიან.

ნონა ქვლივიძე