ბრაიან ტრეისის წიგნები ქართულად - კვირის პალიტრა

ბრაიან ტრეისის წიგნები ქართულად

პროექტი "ლურჯი ოკეანე" რჩეული ბიზნესლიტერატურის ქართულად გამოცემას იწყებს!

გამომცემლობა "პალიტრა L" ივნისის თვიდან მკითხველს ცნობილი ამერიკელი ბიზნესკოუჩისა და გაყიდვების გურუს, ბრაიან ტრეისის ქართულ ენაზე ნათარგმნ ორ ბესტსელერს - "შეჭამე ბაყაყი" და "გახდი გაყიდვების სუპერსტარი" - შესთავაზებს. ქართულ ენაზე საკუთარი წიგნებიდან სწორედ ამ ორი წიგნის გამოცემა "პალიტრა L"-ს თავად ბრაიან ტრეისიმ ურჩია.

თინათინ ასათიანი, პროექტის მენეჯერი: "ბრაიან ტრეისისთან ორ წიგნზე ხელშეკრულება უკვე გავაფორმეთ და საქართველოს ბაზრისთვის ორი ყველაზე გამორჩეული წიგნი გვირჩია. "შეჭამე ბაყაყი" დროის მენეჯმენტზეა, როგორ უნდა გადააწყო შენი სამუშაო ისე, რომ მარტივად, სწრაფად და ხარისხიანად შეასრულო დავალებები. მეორე წიგნი - "გახდი გაყიდვების სუპერსტარი", ბრაიან ტრეისის ყველაზე პოპულარული წიგნია. ორივე წიგნის გამოცემის პროცესში ტრეისი თავად აქტიურად არის ჩართული".

ამასთან, "პალიტრა L" მკითხველს ბიზნესლიტერატურის ახალ სერიას შესთავაზებს, რომელიც პირველ ეტაპზე ოთხ წიგნს მოიცავს: ბიზნესის მართვა, მარკეტინგი, გაყიდვები, სამუშაოს ძიება. "პალიტრა L"-ის ბიზნესლიტერატურა პროექტ "ლურჯი ოკეანის" ფარგლებში გამოიცემა. "პალიტრა L"-ს ექსკლუზიური ხელშეკრულება აქვს უმსხვილეს ამერიკულ ბიზნესგამომცემლობა ჟოჰნ ჭილეყ & შონს-ისთან, რომელიც 1807 წლიდან მოქმედებს.

რატომ დაერქვა პროექტს "ლურჯი ოკეანე"? ბიზნესში "ლურჯი ოკეანის" სტრატეგიის იდეა ის არის, რომ ბიზნესსამყარო პირობითად ორ სივრცედ იყოფა - წითელ და ლურჯ ოკეანეებად. წითელი ოკეანეები წარმოადგენენ უკვე ცნობილ და გამოცდილ საბაზრო სივრცეს - აქ შედის ყველა სახის ინდუსტრია, რაც დღეს არსებობს. ლურჯი ოკეანეები კი ჯერაც უცნობი, კონკურენციისგან თავისუფალი სივრცეა, ანუ ჯერაც არარსებული ინდუსტრიები. ლურჯ ოკეანეებში ნიშა კი არ უნდა მოიპოვო, არამედ თავად შექმნა.

თინათინ ასათიანი: "ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც. საქართველოში იყო წიგნის ბაზარი და ეს წითელი ოკეანე გახლდათ. "პალიტრა L" კი რამდენიმე წლის წინ შემოვიდა ახალი მიმართულებით - წიგნები პრესასთან ერთად, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ბაზარი. ამით შევცურეთ ლურჯ ოკეანეში, ვიყავით მარტო ჩვენ, კონკურენტი არ გვყავდა. თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ლურჯი ოკეანე თანდათან "წითლდება". ეს მუდმივი პროცესია. ამიტომაც შევარჩიეთ სახელწოდება "ლურჯი ოკეანე", ბიზნესტერმინია და სიმბოლური დატვირთვაც აქვს".

"პალიტრა L"-ის ახალი ბიზნესლიტერატურა გამოიცემა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ბიზნესუნარების დახვეწა, საქმის წამოწყება და ბიზნესის მარტივ ენაზე გაგება სურთ. მკითხველი გაეცნობა სხვადასხვა ბრენდისა თუ კომპანიის ტოპმენეჯერების, ცნობილი ტრენერებისა და ბიზნესკონსულტანტების გამოცდილებას.

ნინო დეკანოსიძე, პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი: "გამოკითხვებით გაირკვა, რომ ქართველი მკითხველისთვის ბიზნესის ოთხი მიმართულება - მარკეტინგი, მართვა, გაყიდვები და სამუშაოს ძიება - ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ გადაწყდა პირველ ეტაპზე სწორედ ამ ოთხი მიმართულების წიგნების გამოშვება".

ქართულ ენაზე ბიზნესლიტერატურის გამოცემას დადებითად აფასებს ბიზნესტრენერი, კომპანია პსპ-ს მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი თორნიკე გურული:

"პალიტრა L"-ის ეს ინიციატივა მართლაც ინოვაციური პროექტია და ბევრი ადამიანის გულს მოიგებს. ჩვენს ბაზარზე ცოტაა სპეციალიზებული ლიტერატურა, თანაც ქართულ ენაზე. ამ პროექტის წარმატების საწინდარი ის არის, რომ საქართველოში ბიზნესსფეროში დასაქმებული ადამიანები დიდ თანხებს ხარჯავენ ტრენინგებსა და სწავლაზე, შესაბამისად, ეს ლიტერატურა აკადემიურ სფეროსაც დაეხმარება ბიზნესის სფეროში უფრო მეტი ცოდნის შეძენაში.

ბრაიან ტრეისი ცნობილი ტრენერია, რომელსაც საქართველოში ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავს. ბევრი ჩემი ნაცნობი მის წიგნებს საზღვარგარეთ უკვეთს და ახლა,  "პალიტრა L"-ის დახმარებით, თუ ეს წიგნები საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი და თანაც ქართულ ენაზე, ბიზნესით დაინტერესებულ ყველა ადამიანს გამოადგება. ასეთ ლიტერატურაზე მოთხოვნა ძალიან დიდია".

"პალიტრა L"-ის ბიზნესლიტერატურის სერიის პირველი ორი წიგნი - ბრაიან ტრეისის "შეჭამე ბაყაყი" და "სამუშაოს ძიება და ბიზნესის მართვა" ივნისის პირველ რიცხვებში წიგნის მაღაზიებში გაიყიდება.

მარი ჯავახიშვილი