"უკრაინასთან ლეგალურ ბიზნესს შეფერხება არ დაემუქრება" - კვირის პალიტრა

"უკრაინასთან ლეგალურ ბიზნესს შეფერხება არ დაემუქრება"

პრობლემები თუ შეიქმნება, მხოლოდ ჩვენი მიზეზით

ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ, საქართველო-უკრაინის ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდა. რუსული იმპორტის საკმაო ნაწილი უკრაინულმა ჩაანაცვლა, ქართულმა პროდუქტმა კი უკრაინული ბაზრის ათვისება დაიწყო. საბაზრო იდილიას ხელისუფლებების მეგობრული ურთიერთობაც უწყობდა ხელს. გამოითქვა ვარაუდი, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, საქართველოდან ექსპორტი, შესაძლოა, უკრაინულ ბაზარზეც შეფერხდეს.

სოსო ცისკარიშვილი (ეკონომიკის ექსპერტი): "ბიზნესი უკრაინის საკანონმდებლო ველში მოექცევა და თუ რამ ნაკლებად ლეგალური სასაქონლო და ფინანსური ოპერაციები ხორციელდებოდა აქამდე საქართველოდან უკრაინაში, ისინი აუცილებლად შეიზღუდება, სანამ ააწყობდეს ჩვენი ხელისუფლება უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან რამე ახალ სქემას.

ლეგალურ ბიზნესს რეალური საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ პარტიული ნიშნით წარმოებული ბიზნესი შესაძლოა შეფერხდეს. მერწმუნეთ, როგორც არჩევნებამდე უყვარდა ქართული ციტრუსი უკრაინის მოსახლეობას, ასევე ეყვარება არჩევნების შემდეგაც, განურჩევლად იმისა, რა გვარია მათი პრეზიდენტი. ჩუკოტკიდან მანდარინის მიღების ალტერნატივა მათ არ აქვთ.

- ღვინის მიღების ალტერნატივა ხომ აქვთ?

- აქვთ და ვერ მოსთხოვ, მოლდავური ღვინო ქართულით ჩაანაცვლონ. მოლდავეთი იქვეა და უკრაინულ ბაზარზე მოლდავური პროდუქცია კარგად არის ცნობილი. ამდენად, კონკურენცია ქართულ ღვინოს უფრო მოლდავურთან ექნება, ვიდრე ბრაზილიურთან, არგენტინულსა თუ სამხრეთ აფრიკულთან.

- ფქვილისა და ხორბლის ყველაზე დიდი მომწოდებელი საქართველოსთვის უკრაინაა. როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური ურთიერთობების გაცივების შემდეგ, შესაძლოა უკრაინული ფქვილით გამომცხვარი პური გაგვიძვირდეს?

- აქამდე თუ რამე შეღავათები არსებობდა უკრაინის მხრიდან პოლიტიკური სიმპათიების გამო, მათ უნდა დავემშვიდობოთ. ფასები დარეგულირდება მსოფლიო ბაზრის შესაბამისად, მაგრამ შეღავათები ნაკლებად არის მოსალოდნელი. თუმცა ესეც ვაჭრობის საგანია. თუ სხვა სფეროში მოიპოვებს უკრაინა დივიდენდებს საქართველოს მთავრობასთან, პურის ფასში რაღაცას აუცილებლად დათმობს. გააჩნია, რით არის უკრაინის ახალი ხელისუფლებისთვის საინტერესო ქართული ხელისუფლების ბერკეტები.

- როგორ ფიქრობთ, ბიზნესის რომელ სექტორში შეიძლება ჰქონდეს ინტერესი უკრაინის ახალ ხელისუფლებას?

- ღმერთმა დამიფაროს ისეთი ბიზნესის დასახელებისგან, რომელსაც შესაძლოა რამე აკავშირებდეს ახალ უკრაინულ პოლიტიკურ გუნდთან და შემდეგ ამის გამო პრობლემები შემიქმნან. თუმცა დარწმუნებული ვარ, საქართველო თავისი პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემატიკით სულაც არ იმყოფება უკრაინის ახალი ხელისუფლების ინტერესთა პირველ ათეულში. მათი უპირველესი ამოცანა რუსეთია, რომლის მონობის სტატუსს ახალი პოლიტიკური გუნდი სულაც არ ესწრაფვის და ღიზიანდება, როცა ასეთად მოიხსენიებენ. მაგრამ ნათქვამია: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. ვნახოთ".

დემურ გიორხელიძე (ეკონომიკის ექსპერტი): "ჩვენი ურთიერთობები უფრო ღრმა საფუძველს ეყრდნობა, ვიდრე ის პრიმიტიული შეფასებები, რომელიც საქართველოში კეთდება. უკრაინა დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანაა, რომლის მომავალს არაფერი ემუქრება და იმ დონეზე საუბარი, რომ უკრაინაში ვიღაც პოლიტიკოსი პროდასავლური, ვიღაც კი პრორუსი იქნება, პროფანაციაა. უკრაინის ხელისუფლება გააკეთებს იმას, რაც უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელ ხალხს სჭირდება. ჩვენ გვსურს, უკრაინა მეგობარ ქვეყნად დარჩეს, და ის აუცილებლად უნდა დარჩეს ასეთად, პატივი უნდა ვცეთ უკრაინელი ხალხის არჩევანს და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებულ, ცივილიზებულ ნორმებს. ქვეყნებს შორის ურთიერთობებს არაფერი ემუქრება, თუ ჩვენ რამეს არ მოვიგონებთ და თითიდან გამოწოვილი არგუმენტებით არ გავაფუჭებთ იმ დიდი ხნის ურთიერთობას, რომელიც უკრაინელ ხალხთან ჩამოგვიყალიბდა.

- ანუ ფიქრობთ, გამორიცხულია, ერთ მშვენიერ დღეს უკრაინული ბაზარიც ისევე დაიხუროს ქართული პროდუქციისთვის, როგორ ეს რუსეთის მაგალითზე მოხდა?

- ეს რომ მოხდეს, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან უნდა მოინდომოს. თუ საქართველოს ხელისუფლება მოინდომებს, უკრაინულ ბაზარსაც დაგვიხურავენ, ხოლო თუ განაგრძობს უკრაინასთან ცივილიზებულ და საყოველთაოდ ჩამოყალიბებული ნორმების ფარგლებში ურთიერთობას და ჭკუის სწავლებას არავის დაუწყებს, არავის დაუწუნებს ან მოუწონებს არჩევანს, ჩვენს ურთიერთობას უახლოესი ათი წლის განმავლობაში არაფერი ემუქრება".