"თუ საბანკო სისტემის რეპუტაცია შეირყა, შეირყევა ქართული ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო"
25-05-2015
"თუ საბანკო სისტემის რეპუტაცია  შეირყა, შეირყევა ქართული ეკონომიკის თითქმის  ყველა სფერო"
"ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების ღირებულება 2-2,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს. საუბარია ათწლიან პერიოდზე"

ხელისუფლება მალე დაასახელებს კომპანიას, რომელიც კონკურსის შედეგად შეირჩევა და ანაკლიის პორტის განვითარების პროექტს განახორციელებს. პრეტენდენტთა შორისაა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც აერთიანებს "თიბისი ჰოლდინგსა" და "კონტი ჯგუფს". კონსორციუმის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ინტენსიურ შეხვედრებს მართავს უცხოეთში პორტის პროექტის პოტენციურ პარტნიორებთან. ჩინეთიდან რამდენიმე საათის დაბრუნებული იყო, როცა მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ. საუბარი მის არყოფნაში განვითარებული მოვლენებით დავიწყეთ, რაც ლარის კურსის ვარდნაში კომერციული
ბანკების დადანაშაულებას გულისხმობდა.


მამუკა ხაზარაძე, "თიბისი ჯგუფის" ხელმძღვანელი: "ბოლო ერთ თვეში ქვეყანაში იმპორტი დაახლოებით 19%-ით შემცირდა, რაც ლარის გამყარების ერთ-ერთი ფაქტორია. აღსანიშნავია, რომ ტურისტული სეზონის დაწყებაც ხელს უწყობს ლარის გამყარებას. დიდი დროა საჭირო, რომ დაასაბუთო, რამ განაპირობა ლარის კურსის გამყარება, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით რამ განაპირობა ძირითადი
ცვლილებები.

- თუმცა, მანამდე იყო არასასიამოვნო შეფასებები. მაგალითად, კახა კალაძემ განაცხადა, რომ არა აქვთ ინფორმაცია კომერციული ბანკების ტრანზაქციების შესახებ.
- კომერციული ბანკები საქართველოში არსებული კანონის შესაბამისად მოქმედებენ. კომერციული ბანკი ასრულებს იმ ტრანზაქციებს, რომელთაც მას კლიენტი უკვეთს - იქნება ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი. ასევე
მოვისმინე მოსაზრება, დაკავშირებული ბანკების შეთქმულების თეორიასთან. ლარის კურსის გაუფასურებამ ჩვენი ბანკის ინვესტორებს 250 მილიონი დოლარი დააკარგვინა.

საუბარი მაქვს აქციონერებზე, ვინც შარშან შემოუერთდნენ ლონდონის საფონდო ბირჟაზე "თიბისი ბანკის" აქციების განთავსებას. მეორე მხრივ, ლარის კურსის გაუფასურება პირდაპირ იწვევს საკრედიტო პორტფელის გაფუჭებას და აისახება ბანკის როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან მომგებიანობაზე. ხდება სესხების რესტრუქტურიზაცია, რადგან მოქალაქეები ვერ ახერხებენ იმ სესხის დაფარვას, რომელიც, მაგალითად, დოლარში ჰქონდათ აღებული. ამიტომ ნებისმიერი ასეთი განცხადება საფუძველს მოკლებულია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი თავის მტრები ვართ, მათ შორის ბანკის ყველა აქციონერი და თანამშრომელი. ვფიქრობ, ეს უფრო ვიღაცის გულის მოსაგებად გაკეთებული პოლიტიკური განცხადებებია და საბოლოოდ დარტყმას აყენებს უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ რამეს, რასაც ქართული ეკონომიკა ჰქვია.

თუ საბანკო სისტემა და მისი რეპუტაცია შეირყა, და ამაზე შეიძლება ბევრმა რამემ იმოქმედოს და მით უფრო პოლიტიკოსების განცხადებებმა, შეირყევა ქართული ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო.

- ამასთან დაკავშირებით ბევრმა ამერიკული ბანკების მაგალითი მოიყვანა, როცა ცნობილი ფინანსური ინსტიტუტები სავალუტო სპეკულაციაში ამხილეს და სოლიდური თანხებითაც დააჯარიმეს. თეორიულად რამდენად არსებობდა ჩვენთან შანსი იმისა, რომ მსგავსი რამ მომხდარიყო?
- 24 წელია ამ სფეროში ვარ და სიმართლე გითხრათ, ბანკებზე ასეთი განცხადებებიც პირველად მესმის. ამერიკაში რომ რაღაც მოხდა, არ ნიშნავს, რომ ამას აუცილებლად გადმოიღებდნენ საქართველოში. ეს სერიოზული ბრალდებაა და, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელიც.

- ეკონომიკის ექსპერტებიც ხშირად ლარის გაუფასურებაში ეროვნულ ბანკთან ერთად კომერციულ ბანკებს ადანაშაულებენ...
- ყველაფერს სჭირდება საფუძველი და კონკრეტული არგუმენტაცია. პოპულისტური განცხადება, რომელიც ემსახურება ხალხის ემოციაზე მოქმედებას, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია.

- ფიქრობთ, რომ ვინმეს შეიძლება ხელს აძლევდეს კომერციული ბანკებისთვის რეპუტაციის შელახვა?

- ვფიქრობ, ეს უფრო ჰგავს შეუსრულებელი საქმის გამო პასუხისმგებლობის გადატანას ისეთ სფეროზე, რომელიც ყველა ჩვენგანთან არის დაკავშირებული.

- აქტიურად საუბრობენ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში კომერციული ბანკების ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას გამოითხოვს ეროვნული ბანკისგან...
- საქართველოში არსებობს კანონმდებლობა და თუ თითოეული მოქალაქის საბანკო საიდუმლოება არ იქნება დაცული, ისე როგორც დღეს არის, საქართველოში საბანკო სისტემა ჩამოიშლება.
საბანკო ტრანზაქციების საიდუმლოება არის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი საბანკო სისტემის მდგრადობისა. თუ, რა თქმა უნდა, საქმე არ ეხება დანაშაულებრივ ქმედებას, როცა სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ასეთი ინფორმაციის საჭიროების თაობაზე. კKომერციულ ბანკებს ჰყავს მარეგულირებელი და ეს მარეგულირებელმა უნდა გააკეთოს.

- თქვენ, როგორც ბიზნესმენი, როგორ აფასებთ ეროვნული ბანკის მუშაობას?

- აზერბაიჯანში ვიყავი და დეტალურად ვიცი, რა მოხდა იქ.
ეროვნული ვალუტის გასამყარებლად აზერბაიჯანმა დიდი ინტერვენცია მოახდინა, 3 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც მთლიანად ჩვენი სავალუტო რეზერვების ტოლია და შედეგი მაინც ვერ მიიღო. 3 მილიარდი დოლარი, ფაქტობრივად, ერთ დღეში დაიკარგა.
ამიტომ, როცა რომელიმე ექსპერტი ამბობს, რომ ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვები უნდა დაეხარჯა და ამით შეეჩერებინა ლარის კურსის ვარდნა, ეს უბრალოდ საკითხის არცოდნაა. ლარისა და ნებისმიერი ვალუტის კურსი კომპლექსური გარემოებების შედეგია.

კურსის დადგენა არ ხდება მხოლოდ დოლარის გაყიდვითა და ლარის შესყიდვით, ან პირიქით. მასზე­ გავლენას ახდენს ეკონომიკაში დაბანდებული­ ინვესტიციები, გარე ფაქტორები, სხვა ვალუტები, ექსპორტის დონე, ფულადი გზავნილები, ტურიზმი და კიდევ ბევრი სხვა რამ.
შესაბამისად, როცა რაღაცის ანალიზს ვაკეთებთ, პოპულისტობა უნდა მოვაშოროთ, რადგან ფაქიზ თემას ვეხებით. მივესალმები ყველას, ვინც კანონდარღვევას აღმოაჩენს და პირველი დავდგები მათ გვერდში, ვისაც სიმართლის გარკვევა სურს. მაგრამ ვერ გავიგე, რას ვეძებთ, როცა გარშემო ასეთი მაგალითები გვაქვს.

- "თიბისი ჯგუფი" ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობს. თქვენ რამდენიმე საათის წინ დაბრუნდით ჩინეთიდან (ინტერვიუ ჩაწერილია 22 მაისს. - ავტ.). რა შეხვედრები გამართეთ ჩინეთში?
- ჩინეთში შევხვდი ორ მულტინაციონალურ კომპანიას, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით მეორე-მესამე სიდიდის კომპანიებია თავის სფეროში. შევხვდით ჩინეთის რკინიგზის ხელმძღვანელობას, კომპანია "კოსკო პასიფიკს", რომელიც პირველ სამეულში შედის მსოფლიოში გადაზიდვების ოდენობით. ასევე შევხვდით ჩინეთის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს. ამ ბანკს 300-მილიარდიანი საინვესტიციო რეზერვები აქვს. ჩინეთის მთავრობას აქვს სტრატეგია, რომელიც გულისხმობს აბრეშუმის გზის აღდგენას. ამას ემსახურება ანაკლიის პორტის მშენებლობა, რომ იმ ნაკადმა, რომელიც დღეს მიდის შანხაიდან როტერდამში რუსეთის ან სხვა გზების გავლით ევროპაში, გაიაროს საქართველოზე.

ჩვენ შევხვდით ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თავისუფალი სავაჭრო და ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელობასაც და ისინიც დაინტერესდნენ ამ პროექტით. საუბარია ანაკლიის პორტის მიმდებარედ ინდუსტრიული ზონის გაკეთებაზე და არა მარტო ჩინური, არამედ სხვა ქვეყნის კომპანიების ჩამოყვანაზე, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები. შევთანხმდით ჩვენს პარტნიორებთან, რომ ორივე ეს პროექტი უნდა დაიწყოს ერთდროულად, რადგან არც ერთი პორტი არ მუშაობს, თუ მას ადგილობრივი წარმოებისა და მრეწველობის მხარდაჭერა არა აქვს. ერთია, იყო ტრანზიტული ქვეყანა და მეორე, იყო მწარმოებელი ქვეყანა. ამიტომ, ჩვენი მიდგომაა, ვიყოთ მწარმოებელი ქვეყანა ტრანზიტის საკმაოდ დიდი ფუნქციით. ჩვენ არ გვინდა ვიყოთ მთლიანად დამოკიდებული რომელიმე ერთ ქვეყანაზე და ამიტომაც ამერიკის წამყვანი ფინანსური სააგენტოსა და ბანკებისგან, როგორებიც არიან OPIC, US Exim Bank-ი და ევროპული ფინანსური ინსტიტუტებისგან, მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა გვაქვს. ჩვენი საინვესტიციო ბანკირები არიან "გოლდმან საქსი" და "ბერკლი", რომლებიც ფინანსურ ნაწილს უზრუნველყოფენ. ჩინეთის მხარე ამ დიდი კონსორციუმის ერთ-ერთი კომპონენტი იქნება. თუ ეს პროექტი განხორციელდება, ის დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე, აღარაფერს ვამბობ რეგიონის განვითარებასა და იქ მცხოვრებ მოქალაქეთა დასაქმებაზე. პირველი პროექტი, რომელსაც განახორციელებს კონსორციუმი, იქნება დიდი საკვალიფიკაციო ცენტრის აშენება, სადაც გადაამზადებენ მოქალაქეებს მთელი რეგიონიდან, რათა მოვამზადოთ კვალიფიციური კადრები სამუშაო ადგილებისთვის.

- თქვენ და თქვენი პარტნიორები რა თან­ხის ჩადებას აპირებთ ანაკლიის განვითა­რების­ პროექტში და რამდენი წლის განმავლობაში?

- ეს იმხელა პროექტია, რომ მისი განხორციელებისთვის საკმარისი თანხა არავის აქვს, რაც უნდა დიდი ფონდი იყოს. თანხების მოზიდვა ხდება კონსორციუმის საშუალებით, როგორც კაპიტალში, ისე საკრედიტო რესურსების სახით. ორი წელია ვმუშაობთ ამ პროექტზე და რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია გავიღეთ მოსამზადებელი პერიოდისთვის. ალბათ, კიდევ რამდენიმე მილიონი დაიხარჯება, სანამ პროექტისთვის საჭირო მთლიანი თანხა შეიკვრება.

პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება დაახლოებით 800 მილიონი დოლარია, რაც გულისხმობს თავისუფალი სავაჭრო სივრცისა და ინდუსტრიული პარკის მშენებლობას.
მთლიანობაში კი ამ პროექტის ღირებულება 2-2,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ლაპარაკია ათწლიან პერიოდზე. თუ გარემოებებმა ხელი შეგვიწყო და ამ სქემამ იმუშავა, და თუ საქართველოში წარმოებული პროდუქცია წარმატებით შევა ევროპის ბაზარზე, მაშინ შესაძლოა, პროექტის მოცულობა და საინვესტიციო თანხებიც გაიზარდოს. ბევრი მონაწილე, ბევრი აქციონერი იქნება ამ პროექტში და არ გამოვრიცხავთ მომავალში ამ პროექტის საფონდო ბირჟაზე გატანას. ეს უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცენტრი რეგიონში, სადაც მოხდება ფინანსური, საწარმოო და ლოგისტიკური სიმძლავრეების გაერთიანება.

- მას შემდეგ, რაც ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, კონკურსში მონაწილეობის სურვილი 12-მა კომპანიამ გამოთქვა, შემდეგ მათგან მხოლოდ 7 შეირჩა და საბოლოოდ ორი კომპანია დარჩით. თქვენი კონკურენტი ქართულ-ჩინური Anaklia­ Port and Industrial Eco Park-ია. რა უპირატესობა გაქვთ კონკურენტთან შედარებით?

- ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ერთ მნიშვნელოვან რამეშია, ეს არის ინვესტორთა დივერსიფიკაცია. პროექტში მონაწილეობს არა მხოლოდ ქართული ან ჩინური, არამედ ინტერნაციონალური კომპანიების ერთობლიობა, მათ შორის ამერიკიდან და ევროპიდან. ეს იქნება დიდი ინდუსტრიული ზონა, თავისუფალი სავაჭრო სივრცე. ასევე მნიშვნელოვანია, იმ მაღალი რეპუტაციის მქონე ბანკების წერილობითი დადასტურება ჩვენს კონსორციუმში თანამშრომლობის შესახებ, რომელზეც უკვე გესაუბრეთ. ჩვენ გამარჯვების დიდი შანსი გვაქვს და ამის შემდეგ ჩვენს გეგმებს უფრო დეტალურად გავაცნობთ საზოგადოებას.

იხილეთ ვიდეო
li
01 ივნისი 2015 10:56
რა კეთილსინდისიერიც არიან ბანკები, ისე მოახმაროს უფალმა მათ მეპატრონეებს და მათ შვილებს მიღებული მოგება!
elene2
31 მაისი 2015 16:28
შტერები რომ დასვით მთავრობაში იმის ბრალია, ხაზარაძე რა შუაშია, მიხედეთ ხადურა-ბანდურას
მაშა
28 მაისი 2015 18:36
ხალხმა რა ქნას? ეს უსუსური მთავრობა ბანკებს აბრალებს ყველაფერს. ვიხდიდით ბანკებში კრედიტებს, ლარი ასე რომ არ გაუფასურებულიყო. ახლა იმპორტის შემცირების ხარჯზე გაამყარეს დოლარი, ეს ერთი ორი თვე დოლარს გაამყარებს მერე რას იზავს მთავრობა.ჰაერს მოგვყიდის? . შტერები რომ დასვით მთავრობაში იმის ბრალია, ხაზარაძე რა შუაშია, მიხედეთ ხადურა-ბანდურას

რედაქტორის რჩევით