ბათუმში ქუჩის მუსიკის ფესტივალი გაიმართება - კვირის პალიტრა

ბათუმში ქუჩის მუსიკის ფესტივალი გაიმართება

ბათუმში, პირველად, 31 მაისს, ქუჩის მუსიკის ფესტივალი გაიმართება. პროექტი - "იგრძენი ბათუმის გულისცემა" ევროპის კომისიის "ერასმუს+"-ის და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, "იგრძენი ბათუმის გულის ცემა" (Feel the Beat of Batumi) ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამაა, რომელიც ევროპის კომისიის "ერასმუს+"-ის პროგრამის ფარგლებში იმართება და მასში საქართველოსთან ერთად 36 უცხოელი მუსიკოსი მონაწილეობს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტში ჩართულია: ჩეხეთი, ესტონეთი, ლიტვა, უკრაინა, სომხეთი და საქართველო. უცხოელ მონაწილეებს საქართველოდან 160 მუსიკოსი შეუერთდება, რომლებიც წინასწარი რეგისტრაციის მეშვეობით შეირჩნენ.

პროექტის მიზანია: ქუჩის მუსიკის პოპულარიზაცია, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდა არტისტების დამეგობრება, საქართველოსა და მოწვეულ ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და საერთო კულტურული პროგრამების ორგანიზება.

ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას და ფესტივალს ორგანიზებას უწევს ახალგაზრდული ასოციაცია "დრონი" და კომპანია EREDELI's Art. კონცერტების გასამართად ბათუმში მოეწყობა ხუთი სცენა: ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში, პიაცაზე, ევროპის მოედანზე, მემედ აბაშიძის გამზირზე კინოთეატრ "აპოლოსთან", საჯარო ბიბლიოთეკის სკვერში. კონცერტები ღია ცის ქვეშ გაიმართება. დასწრება თავისუფალია.