ახალი ტურისტული მარშრუტები აჭარაში
29-05-2015
ახალი ტურისტული მარშრუტები აჭარაში
საქართველოში ტურისტული პოტენციალით გამორჩეული რეგიონი აჭარა უმრავლესობისთვის ზღვაზე დასვენებასთან ასოცირდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების განვითარებასა და ახალი პროდუქტების შექმნაზე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს როგორც ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას, ისე რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას. მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი მართლაც რომ დიდია : აჭარის ფლორისა და ფაუნის სიმდიდრე საუკეთესო საშუალებაა  ეკოტურიზმისა და სათაგადასავლო ტურიზმის მოყვარული ტურისტების მოსაზიდად, მითუმეტეს მსოფლიო ტურიზმის დღევანდელი ტენდენციების პირობებში, როცა აღნიშნული ტურიზმის
სახეობები ყველაზე მზარდი მოთხოვნით გამოირჩევა. განსაკუთრებული ყურადღება აჭარაში სოფლად ტურიზმს, ღვინის ტურიზმსა და ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმს ენიჭება, რა მიმართულებითაც უკვე გატარებულია რიგი ღონისძიებები: შემუშავებული და მარკირებულია ეკოტურისტული მარშრუტები, შექმნილია სოფლად არსებული სასტურო სახლებისა და მეურნეობების ბაზები, სისტემატურად ხორციელდება სოფლად არსებული სასტუმრო სახლების პერსონალის გადამზადება. ტურიზმის
დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით რეგიონში დამკვიდრდა ფრინველების საერთაშორისო ფესტივალი, რომელზედაც ყოველწლიურად იზრდება უცხოელი ბერდვოჩერების დასწრება. ახალი ტურისტული პროდუქტების მიმართ ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით დეპარტამენტი ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებით შექმნილ მრავალენოვან სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს აქტიურად ავრცელებს როგორც საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე, ისე შიდა ბაზარზე და ინტერნეტ სივრცეში.

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი სისტემატურად ეცნობა აჭარაში არსებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების მონაცემებს, სადაც წლის განმავლობაში თავს იყრის ტურისტების მოთხოვნების და ინტერესების შესახებ მიღებული ინფორმაცია, რომლის გაანალიზების შედეგად ხდება რიგი საკითხების გამოკვეთა და სამუშაოების დაგეგმვა. სწორედ ასეთ საკითხს წარმოადგენს ტურისტული მარშრუტების თემა, რომელიც ბოლო წლებია ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა რეგიონის ტურიზმის უმაღლესი ორგანოსთვის.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისის განყოფილებაში 2014 წელს შემუშავდა 14 ახალი მარშრუტი, რომელთაგან 5 მარშრუტის მარკირება წლის ბოლომდე დასრულდა, ხოლო 2015 წლისათვის დაგეგმილია დარჩენილი 9 მარშრუტის მარკირება.

ახალი მარშრუტების ძირითადი მიზანი სოფლად ტურიზმის განვითარებაა, შესაბამისად, ტურიზმის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული ყველა მარშრუტი აჭარის სოფლებში არსებული ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ემსახურება. თემატურად მარშრუტები სხვადასხვა სპეციფიკისაა, გვხვდება როგორც კულტურული, ასევე ღვინის მარშრუტები, ფრინველებზე დაკვირვების თუ სათავგადასავლო მარშრუტები. ტურისტული მარშრუტები მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მაგალითად, სათავგადასავლო მარშრუტებზე შესაძლებელია მოაწყო როგორც 4x4 ტური (ჯიპ ტური) ასევე იმოგზაურო სამთო ველოსიპედით და საცალფეხო ბილიკებით.

მარშრუტების შემუშავების პროცესში ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენდა სოფლად არსებული საოჯახო სასტუმრო სახლებისა და ღვინის მარნების ჩართვა, რადგანაც ტურისტებს მარშრუტებზე გადაადგილების დროს არ შეჰქმნოდათ პრობლემა კვებასა და ღამისთევაზე. შესაბამისად, აღნიშნულ პროექტში სოფლად მაცხოვრებლების დაინტერესება და ჩართულობა იყო საკმაოდ დიდი, რაც სამომავლოდ ამ სოფლებში ფინანსური კეთილდღეობის და  ტურიზმის განვითარებაში კერძო სექტორის მონაწილეობის გაზრდის პერსპექტივებს ქმნის.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების მიერ 2014 წელს შემუშავებული მარშრუტების ჩამონათვალი ფოტომასალებითა და გადაადგილების აღწერით განთავსებულია დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტებისათვის: http://gobatumi.com/ge/what-to-do/tours-and-routes, მარშრუტების პოპულარიზაცია ხდება ასევე დეპარტამენტის სოციალურ ვებ-გვერდებზე.

მარშრუტებთან ერთად ტურისტული პროდუქტებისა და სერვისის განყოფილების მიერ მომზადდა ორენოვანი (ქართული და ინგლისური) სპეციალური  ეკო ტურისტული რუქა როგორც ბეჭდური, ისე ონლაინ ვერსიით http://gobatumi.com/ge/travel-information/free-maps-and-brochures.

თითოეულ მარშრუტისთვის ცალ-ცალკე შეიქმნა სპეციალური რუქა მარშრუტის დეტალური აღწერილობით და საჭირო კოორდინატების მითითებით. მათგან ხუთი უკვე დაბეჭდილია და აქტიურად ვრცელდება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში. გასული წლის მონაცემებით, ყველაზე მოთხოვნადი მარშრუტი მთიანი აჭარის ღვინის მარშრუტი იყო.

აღსანიშნავია, რომ ახლადშექმნილ ეკოტურისტულ რუქაზე მარშრუტების ირგვლივ განთავსებულია 35 საოჯახო სასტუმრო, 4 საოჯახო ღვინის მარანი და აჭარული ღვინის სახლი. მნშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ რეგიონის მოსახლეობაში  უკვე აქტიურად განიხილება საოჯახო სასტუმრო სახლების მოწყობის საკითხი და პერსპექტივაში საოჯახო სასტუმრო სახლების რაოდენობა შესაძლებელია ახალი მარშრუტების დამატებასთან ერთად გაიზარდოს.

2015  წლის სეოზონის აქტიურ ფაზაში შესვლამდე,  მაისის თვეში ტურისტული პროდუქტის და სერვისის განყოფილების წარმომადგენლები, ბათუმის ტურიზმის სააგენტოსთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად უკვე იმყოფებოდა ახალი ტურისტული მარშრუტების მონიტორინგზე, რომლის დროსაც გადამოწმდა ნიშნულების და ზოგადად მარშრუტებზე დატანებული ტურისტული და ისტორიულ-კულტურული ობიექტების საერთო მდგომარეობა. მიმდინარე წელს სოფლად ტურიზმის განვითარების მიზნით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აჭარაში ტურისტული პროდუქტების განვითარებასა და მომსახურების სფეროს ხარისხის გაუმჯობესებაში.

სტატია მომზადებულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით