"პაშა ბანკი" "ფინკა ბანკი საქართველოს" მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს - კვირის პალიტრა

"პაშა ბანკი" "ფინკა ბანკი საქართველოს" მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს

დეტალებთან დაკავშირებით "პაშა ბანკისა" და "ფინკა ბანკი საქართველოს" წარმომადგენლებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს, რომლის მთავარი თემა "ფინკა ბანკის" მიერ დაგეგმილი 20,000,000 (20 მილიონი) ლარის ღირებულების 3-წლიანი ობლიგაციების ემისია იყო. უფრო კონკრეტულად კი სს "ფინკა ბანკი საქართველო" 100,000 (ასი ათასი) ლარის ნომინალური ღირებულების 200 ცალი ობლიგაციის გამოშვებას გეგმავს. ობლიგაციებს წლიურად ფიქსირებული 10,1% სარგებელი დაერიცხება, რომლის გადახდაც ნახევარ წელიწადში ერთხელ მოხდება.

როგორც ფინკა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვუსალ ვერდიევმა განმარტა, ობლიგაციების გამოშვების შედეგად მიღებულ თანხას ემიტენტი - "ფინკა ბანკი საქართველო", მიკრო და მცირე ბიზნესის ეროვნული ვალუტით დაფინანსებისა და შესაბამისი საკრედიტო ოპერაციების გაფართოების მიზნით გამოიყენებს, რაც თავის მხრივ, მომხმარებლებს თავიდან აცილებს სავალუტო რისკებს.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ორი კუთხითაა მნიშვნელოვანი - პირველი ის, რომ სესხების გაცემა მოხდება ადგილობრივ ვალუტაში და ასევე ეს ყველაფერი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს.

როგორც "პაშა ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, შაჰინ მამმადოვმა აღნიშნა, "პაშა ბანკი" აზერბაიჯანში ფასიანი ქაღალდების გამოშვების კუთხით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ფინანსური ინსტიტუტია და საქართველოშიც ამ მიმართულებით ბაზრის განსავითარებლად აქტიურ მუშაობას გეგმავს.

აღნიშნული გარიგება გამოირჩევა შემდეგი მნიშვნელოვანი მახასიათებლებით - ობლიგაციების განთავსება ხდება ეროვნულ ვალუტაში; ობლიგაციების განთავსება ხდება ორი non-IFI (არა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის) კომპანიების მხრიდან და ასევე ობლიგაციების მოცულობა 20,000,000 ლარს შეადგენს.

"ობლიგაციების გამოშვების შედეგად ეროვნულ ვალუტაში მიღებული სახსრები "ფინკა ბანკ საქართველოს" შესაძლებლობას მისცემს, უპასუხოს ბაზრის მიმდინარე გამოწვევებს და მომხმარებლებისათვის ლარში დაკრედიტების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ემისია ასევე დადებით წვლილს შეიტანს ადგილობრივი ობლიგაციების ბაზრის განვითარებაში. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 20 000 000 ლარის ობლიგაციების გამოშვება, ისტორიულად ლარში დენომინირებული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისია, რომელშიც არ მონაწილეობდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი,"- განაცხადა ფინკა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვუსალ ვერდიევმა.

"ობლიგაციების განთავსების კუთხით ეს ჩვენი პირველი გარიგებაა საქართველოში და აღნიშნული მიმართულებით უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა დაინტერესებულ მხარეებთანაც. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. შევეცდებით ჩვენი გამოცდილების გამოყენებით ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების განვითარებას," - განაცხადა პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, შაჰინ მამმადოვმა.

თავის მხრივ, "ფაშა ბანკის" კომერციულმა დირექტორმა გოგა ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი გაზრდის ბიზნესსექტორისთვის კაპიტალზე ხელმისწვდომობას და ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება უშუალოდ "პაშა ბანკს", აღნიშნულ ფინანსურ ინსტიტუტს სათაო ოფისი ბაქოში აქვს და ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. "პაშა ბანკი" მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. "პაშა ბანკი" არის პაშა ჯგუფის ნაწილი, რომელიც, თავის მხრივ, აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს წარმოადგენს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა - დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალი 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 3 მილიარდ ევროს.

"პაშა ბანკმა" საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო. მისი სააქციო კაპიტალი 103 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება სააქციო საზოგადოება "ფინკა ბანკი საქართველოს", ის 15 წელია საფინანსო მომსახურებას უწევს ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, წარმოადგენს რა მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილს. "ფინკა ბანკს" ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა - FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe - გერმანიის განვითარების ბანკი, FMO - ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump.

როგორც "ფინკა ბანკში" აცხადებენ, ბანკი თავის საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორებთან ერთად ორიენტირებულია, რომ კლიენტებს მათ საჭიროებაზე მორგებული, ახალი პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს.

R