"მწვანილის ბიზნესს საქართველოში მძიმე დრო უდგას"
01-06-2015
"მწვანილის ბიზნესს საქართველოში მძიმე დრო უდგას"
"ბევრ მწარმოებელს მოსავალი არც გაუკრეფია და მოწეული მწვანილი გადახნა"

ერთ დროს მომგებიან მწვანილის ბიზნესს საქართველოში მძიმე დრო უდგას. მართალია, რამდენიმე თვის წინ ქართული მწვანილისთვის ოფიციალურად რუსეთის ბაზარიც გაიხსნა, თუმცა, მწარმოებლები იქ პროდუქციის შეტანას მაინც ვერ ახერხებენ. მთავარი პრობლემა კი 2008 წლის შემდეგ ბაზარზე დაკარგული პოზიციების აღუდგენლობაა. ამ ხნის განმავლობაში ქართული მწვანილის წილი რუსეთის ბაზარზე აზერბაიჯანულმა და ირანულმა მწვანილმა ჩაანაცვლა, მიუხედავად იმისა, რომ ხარისხით ქართულზე გაცილებით ნაკლებია. ცნობილი მოვლენების გამო, ქართული
მწვანილის ექსპორტი შემცირდა უკრაინაშიც, ხოლო ის, რაც გასაყიდად შედის, გრივნის დევალვაციის გამო, მნიშვნელოვნად გაუფასურდა. მძიმე დღეში ჩავარდნილი მწვანილის მწარმოებლები ხელისუფლებისგან შველას ითხოვენ, მთავრობა კი გამოსავალს ევროკავშირის ბაზარზე გასვლაში ხედავს.

მხოლოდ იმერეთის რეგიონში ათასამდე სასათბურე მეურნეობაა, სადაც 5 500 მცირე და საშუალო ფერმერს წელიწადში დაახლოებით 25
000 ტონა მწვანილი მოჰყავს. ბოლო წლების მონაცემებით, ქართული მწვანილის 40%-ზე მეტი უკრაინაში გადის. შედარებით მცირე რაოდენობით გადის ბელორუსიაში, აზერბაიჯანში, ლატვიაში, ბულგარეთში, მოლდავეთში, ესტონეთში, რუმინეთსა და ლიტვაში. შედარებისთვის, თუ 2013 წელს საქართველოდან ჯამში 2 200 ტონა მწვანილი გავიდა, 2014 წელს ექსპორტირებული მწვანილის მოცულობა 1 900 ტონამდე შემცირდა.
არჩილ ლომიძე, მწვანილის მწარმოებელი: "საქართველოდან მწვანილის ექსპორტი სეზონურია და საექსპორტო პროდუქცია სათბურებში ნოემბრიდან მაისის ჩათვლით მოგვყავს. ახლა ის პერიოდია, როცა ჩვენს საექსპორტო ბაზრებზე იქაური მწვანილი შედის, ჩვენ ვწყვეტთ ექსპორტს და განვაგრძობთ თუ არა მწვანილის მიწოდებას ნოემბრიდან, საკითხავია.

მარტივად აგიხსნით, 1 ტრაილერში 13 ტონა მწვანილი ეტევა. შარშან საქართველოში 1 კგ მწვანილში 2 დოლარს იძლეოდნენ, წლეულს კი 70 ცენტსაც არავინ იხდიდა. თავადაც ხედავთ, 1 ტრაილერის შემთხვევაში სხვაობა რამდენად დიდია. უკრაინაში საქართველოდან ჩატანილი მწვანილი 1 კგ 30 გრივნად იყიდებოდა, რაც გასულ წელს დაახლოებით 4 დოლარი გამოდიოდა, წლეულს კი ეს 30 გრივნა 1 დოლარამდე გაუფასურდა. ასეთი დაბალი ფასი მწვანილს საქართველოშიც კი არ ჰქონია. როცა 1 დოლარი 1,70 ლარი ღირდა, მწვანილის ადგილობრივი ფასი 3,5-4 ლარის ფარგლებში ყოველთვის იყო. ახლა კურსიც გაფუჭდა და მწვანილის ფასიც თვითღირებულებაზე დაბლა დაეცა.

ბევრ მწარმოებელს მოსავალი არც გაუ­კრეფია და მოწეული მწვანილი გადახნა. რუსეთის ბაზარზე დაბრუნება ვერ ხერხდება და არის თუ არა ამის პერსპექტივა, არავინ იცის. რუსეთში სანელებლები ინდოეთიდან შეაქვთ, ხოლო მწვანილი, ირანისა და აზერბაიჯანის გარდა, ჩრდილოეთ ოსეთიდანაც შედის. როდის გამოსწორდება ვითარება უკრაინაში, არავინ იცის, ევროპის ბაზარზე გასვლა კი შორი ოცნებაა.

ევროპის ქვეყნების უმეტესობას მწვანილის სტაბილური მომწოდებლები ჰყავს ისრაელის, ესპანეთის, თურქეთისა და ირანის სახით. ჩვენ კი პროდუქციის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფაც კი არ შეგვიძლია, ხარისხზე აღარაფერს ვამბობ. ახლა რომ დაგჭირდეთ, ერთნაირი ხარისხის 100 კილოგრამ მწვანილს ვერ იშოვით. ერთადერთი გამოსავალი, ალბათ, წვრილი მეწარმეების გაერთიანება და დიდი ორგანიზაციების შექმნაა, რომლებიც­ ევროპულ­ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ როგორც ხარისხის, ისე მიწოდების სტაბილურობისა და მოცულობის თვალსაზრისით. ამას კი სახელმწიფოს დახმარების გარეშე ვერ შევძლებთ". 

ევროპის ბაზარზე მწვანილის ექსპორტის ხელშეწყობის პროექტს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი ახორციელებს­. ამისთვის მათ საქართველოში მოიწვიეს ჰოლანდიური კომპანია, რომელმაც ვითარება შეისწავლა და მოამზადა პირველადი სამოქმედო გეგმა. ამის შემდეგ მეწარმეებსა და ინდუსტრიული განვითარების ჯგუფს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, მეწარმეებმა აიღეს კოოპერატივების დაფუძნების ვალდებულება სიმძლავრეების გასაზრდელად, რაც წარმადობას 50%-ით გაზრდის. ამავე დროს, კოოპერატივი უზრუნველყოფს ევროპული სერტიფიკატის მოპოვებას. ეს არის სასოფლო-სამეურნეო წარმოების სტანდარტი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვან ბოსტნეულის მწარმოებლებმა. სტანდარტი მოიცავს სასოფლო-სამეურნეო წარმოების სრულ ციკლს (ადგილის შერჩევა და ნიადაგის დამუშავება, პროდუქტის დამზადება, დაფასოება და შეფუთვა). ევროპელი მომხმარებლისთვის ეს სტანდარტი ნიშნავს, რომ კვების პროდუქტების წარმოება წესების მკაცრი დაცვით ხდება, საზიანო ეკოლოგიური გავლენა და ქიმიკატების გამოყენება კი მინიმუმამდეა დაყვანილი. სტანდარტი 234 მოთხოვნას მოიცავს. თავის მხრივ ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი დაეხმარება კოოპერატივებს დაფინანსებისა და სპეციალისტების მოზიდვაში, ასევე ჰოლანდიურ სავაჭრო სახლებთან კონტაქტის დამყარებაში, რათა ქართული მწვანილი ევროპის ბაზარზე სტაბილურად გავიდეს წლის განმავლობაში.

პაატა ჭარაქაშვილი, "ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის" ხელმძღვანელი:
"საქართველოდან საექსპორტო ბაზრებზე, ძირითადად, კამა, ოხრახუში და ქინძი გადის. მეწარმეები ახლა იწყებენ ახალი კულტურების ათვისებას, მაგალითად, ისეთის, როგორიც არის ბროკოლი, სალათის ფოთოლი და ორეგანო.
ბოლო პერიოდმა გვიჩვენა, რომ აუცილებელია ბაზრების დივერსიფიცირება, მაგრამ ევროპის ბაზარზე შესაღწევად მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებაა საჭირო. საქართველოში კი მხოლოდ ერთი კომპანია ფლობს ზემოაღნიშნულ სტანდარტს, მაგრამ პროდუქციის მოცულობა აქვს დაბალი, ეს კი ევროპის ბაზრისთვის ცოტაა. ევროპაში მწვანილის მოხმარების ზრდის ტენდენციაა. ამ შემთხვევაში საქართველოს შეუძლია, მზარდი ბაზრის პატარა სეგმენტი დაიკავოს, რაც იმერეთის რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ევროპაში საბოლოო მომხმარებელს  პრო­დუქცია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დიდი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების დიდი ქსელების მეშვეობით მიეწოდება. ასეთი ქსელი ევროპაში სულ ოთხი-ხუთია და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზრის 90%-ს ითვისებენ. სუპერმარკეტები და ჰიპერმარკეტები პროდუქციას სავაჭრო სახლებისგან, ტრეიდერებისგან ყიდულობენ, ისინი კი პროდუქციას პირველადი მწარმოებლისგან ყიდულობენ.
ჩვენს შემთხვევაში ეს პრობლემაა:L ერთგვაროვანი ხარისხისა და საჭირო რაოდენობის პროდუქციის შეკრება წვრილ მეწარმეებში ძნელია. ამიტომაც შევკრიბეთ შედარებით მსხვილი მეწარმეები და მათ კოოპერატივში გაერთიანების მზადყოფნა გამოთქვეს ევროპული სტანდარტის დასაკმაყოფილებლად. ჩვენ ჰოლანდიელი ექსპერტები დავიქირავეთ.
ვფიქრობთ, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან მწვანილს ხმელეთით, სპეციალური მანქანა-რეფრიჟერატორებით გავიტანთ.

ევროპის ბაზარზე დადგენილი თამაშის წესები მოქმედებს. შეთანხმება იდება განსაზღვრულ ფასზე და ის კონტრაქტის მოქმედების პერიოდში არ იცვლება. ვფიქრობთ, ევროპის ბაზრებზე ქართული მწვანილის ფასი 1კგ-ზე 4-5 ევროს ფარგლებში იქნება. მწვანილის მწარმოებლების ეს გაერთიანება მაგალითს მისცემს სხვა მეწარმეებს. ამ შემთხვევაში გამსხვილება იქნება გადამწყვეტი, რადგან მცირე მასშტაბებით დიდ ბაზრებზე ვერ გავალთ - იქნება ეს ევროპა თუ ჩინეთი, სადაც ასევე იგეგმება ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გატანა".
ბონდო ქურდაძე
03 ივნისი 2015 17:18
დიდებული საქმე კეთდება, ბრავო!... მაგარია, პარიზში, რომ იმერეთის მწვანილს შეიძენ..

რედაქტორის რჩევით