"ალდაგი ბისიაიმ" 2009 წლის შედეგები წარმოადგინა - კვირის პალიტრა

"ალდაგი ბისიაიმ" 2009 წლის შედეგები წარმოადგინა

გასული წელი კვლავ წარმატებული იყო სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაისათვის". პირველად თავისი არსებობის ისტორიის მანძილზე კომპანიამ მედიისათვის განვლილი წელი შეაჯამა. როგორც "ალდაგი ბისიაის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გამყრელიძემ გვითხრა, მსგავსი ღონისძიება ამიერიდან ყოველწლიურად ჩატარდება, რადგან გრძნობენ დიდ სოციალურ ვალდებულებას როგორც დაზღვეულთა, ასევე მთელი საზოგადოების წინაშეც.

- 2009 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ მოზიდულმა პრემიამ 68 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ანაზღაურებულმა ზარალმა - 48 მილიონი, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ბატონმა ნიკამ, - კომპანიის პორტფელის დიდი ნაწილი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის. ამ მიმართულებით მოზიდული პრემია 35 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო ანაზღაურებული ზარალი - 30 მილიონს. პოპულარობით ჯანმრთელობის დაზღვევას ავტომანქანის დაზღვევა მოსდევს. აქ მოზიდული პრემია 12 მილიონი ლარია, ხოლო ანაზღაურებული ზარალი - 10 მილიონი. ქონების დაზღვევაში მოზიდული პრემია 5,5 მილიონი ლარია, ხოლო ანაზღაურებული ზარალი 5 მილიონი.

კომპანია უკვე 20 წელია სადაზღვევო ბაზარზეა. გამოცდილებითა და მომსახურების ხარისხით "ალდაგი ბისიაიმ" შეძლო და მომხმარებელთა უდიდესი ნდობა მოიპოვა.

ნიკა გამყრელიძე: - ჩვენ ყოველწლიურად ახალ მომსახურებასა და ინოვაციურ სადაზღვევო პროდუქტებს ვთავაზობთ მომხმარებელს. ფართოვდება ჩვენი ქსელიც. მაგალითად, შარშან უკვე მეოთხე წარმომადგენლობა გავხსენით ოზურგეთში. იგეგმება ფილიალების გახსნა ახალციხესა და ზუგდიდში. განზრახული გვაქვს "ჩემი ოჯახის კლინიკის" ბათუმის ფილიალის გაფართოება, მას დაემატება ქირურგიული და ტრავმატოლოგიური განყოფილებები. "ალდაგი ბისიაი" ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც საქართველოს მასშტაბით საკუთარი კლინიკების ქსელს ფლობს. ეს კურსი არ შეიცვლება და სერვისის გაუმჯობესებისა და ფილიალების გაფართოების შედეგად, იმედია, 2010 წელსაც ლიდერები დავრჩებით...

- როგორც ცნობილია, თქვენი კომპანია ახალი სადაზღვევო პროდუქტებით ანებივრებს საზოგადოებას, წელსაც იქნება წარმოდგენილი რაიმე ახალი პროდუქტი?

- შარშან მართლაც შევთავაზეთ ახალი და უალტერნატივო პროდუქტი მომხამარებელს: იურიდიული მომსახურებისა და პროცესის ხარჯების დაზღვევის პროდუქტი. წელსაც ვმუშაობთ ინოვაციაზე, თუმცა ჯერჯერობით ამაზე ვერაფერს გეტყვით... სამაგიეროდ შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულ ბენეფიციარებს კვლავ საუკეთესო პირობებს შევთავაზებთ. ყველა დაზღვეული "პე-ეს-პეს" სააფთიაქო ქსელში 50%-იანი ულიმიტო ფასდაკლებით ისარგებლებს.

"ალდაგი ბისიაი" სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში მისი ამოქმედების დღიდან მონაწილეობს. პროგრამით დაზღვეულებს საქართველოს მასშტაბით 400 სამედიცინო პროვაიდერი დაწესებულება ემსახურება.

2007 წლიდან დღემდე "ალდაგი ბისიაიმ" სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ 50000-მდე ბენეფიციარს დაახლოებით 15 მილიონი ლარის ოდენობის მომსახურება გაუწია.

რაც შეეხება კომპანიის გეგმებს, 2010 წელს კომპანიისთვის, როგორც ყოველთვის, სტრატეგიული იქნება სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნვა...  R