იპოთეკური და ავტოსესხები ლარში "საქართველოს ბანკისგან" - კვირის პალიტრა

იპოთეკური და ავტოსესხები ლარში "საქართველოს ბანკისგან"

პირველი 100 მომხმარებელი სესხს 15%-ში მიიღებს

"საქართველოს ბანკმა" მომხმარებელს რამდენიმე სიახლე შესთავაზა. მიმდინარე წლის 9 თებერვლიდან, "საქართველოს ბანკში" იპოთეკური და ავტოსესხების გაცემა ლარში მოხდება. ბანკში ამბობენ, რომ ლარში გაცემული სესხით სარგებლობა საშუალებას მისცემს მომხმარებელს, რომელსაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვს, თავიდან აიცილოს ვალუტის კურსთა სხვაობით გამოწვეული რისკი.

"საქართველოს ბანკის" ახალი შეთავაზების თანახმად, პირველი 100 მომხმარებელი, რომელიც იპოთეკური სესხით ისარგებლებს, კრედიტს 15%-ში მიიღებს. სესხის აღება შესაძლებელია როგორც უძრავი ქონების შეძენის მიზნით, ასევე ასაშენებლად ან რემონტისთვის. აღნიშნული სესხის ვადა 10 წელია.

მომხმარებელს, რომელიც 1-ელ იგი მარტამდე ისარგებლებს ავტოსესხით, "საქართველოს ბანკი" სთავაზობს კრედიტის აღებას ლარში და 16%-იანი განაკვეთით. სასესხო პირობების თანახმად, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს როგორც ახალი, ასევე მეორადი ავტომობილი. ავტოსესხის ვადა 5 წლით განისაზღვრება.

ირაკლი გილაური ("საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი): "ამ ეტაპზე კიდევ რამდენიმე მოქნილ პროდუქტს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს. მათ შორის 10-წლიანი იპოთეკური სესხები ლარში. მოგეხსენებათ, რომ აქამდე იპოთეკური სესი გაიცემოდა მხოლოდ დოლარში და შესაბამისად სავალუტო რისკი ჩვენი მომხმარებლისთვის კურსის ცვლილების გამო მაღალი იყო. მომხმარებელს ყოველთვიურად სესხის დასაფარად ლარში სხვადასხვა თანხის გადახდა უწევდა.

ახლა კი ყოველთვიური გადასახადი ლარში განისაზღვრება და ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, უმეტესობა კი ხელფასს ეროვნულ ვალუტაში იღებს, სავალუტო რისკისგან იქნება დაზღვეული. 10-წლიან იპოთეკურ სესხებს მომხმარებელს 15%-ში ვთავაზობთ, რაც საკმაოდ დაბალი პროცენტია ლარის თვალსაზრისით. ჩვენს მომხმარებელს ასევე ვთავაზობთ ავტოსესხებს 5-წლიანი ვადით და 16%-იანი საპროცენტო განაკვეთით. გარდა ამისა, საკრედიტო ბარათების გაცემა მხოლოდ ლარში მოხდება.

მაგალითად, თუ აქამდე ორინჯბარათის, ან American Express ბარათები ჩვენს მომხმარებელს შეეძლო დოლარშიც აეღო, ამიერიდან მხოლოდ ლარში შევთავაზებთ. მას ვისაც დოლარში აქვს აღებული საკრედიტო ბარათი, მისი ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც მომხმარებელი მის გასაახლებლად მოვა, საკრედიტო თანხას ლარში მიიღებს. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია ახლავე შეცვალოს საკრედიტო ბარათი და ლარში გადაიყვანოს. ვფიქრობთ, რომ მოთხოვნა ლარში სესხებზე მაღალია, ამიტომაც ვთავაზობთ მომხმარებელს ლარში დაკრედიტებას. ყველა ეს საბანკო პროდუქტი მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იპოთეკური სესხი გაიცემა არა 15%-დან, არამედ მხოლოდ და მხოლოდ 15%-ში.

ვფიქრობთ, რომ ასეთი მიდგომა გაზრდის მომხმარებლის მოტივაციას აიღონ სესხი ლარში. მართალია, მოთხოვნა იპოთეკურ სესხებზე ისეთი არ არის, როგორიც კრიზისამდე იყო, მაგრამ დინამიკა პოზიტიურია. მაგალითად იპოთეკური სესხების პორტფელი "საქართველოს ბანკში" გაიზარდა როგორც გასული წლის დეკემბერში, ასევე მიმდინარე წლის იანვარში, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტისთვის ვისწრაფვით".  R