ახალი მოთამაშე ცემენტის ბაზარზე - კომპანია ,,ლიდერ ცემენტი” ფოთში ლაფარჟთან თანამშრომლობით ქარხანას ხსნის - კვირის პალიტრა

ახალი მოთამაშე ცემენტის ბაზარზე - კომპანია ,,ლიდერ ცემენტი” ფოთში ლაფარჟთან თანამშრომლობით ქარხანას ხსნის

ახალი მოთამაშე ცემენტის  ბაზარზე - კომპანია ,,ლიდერ ცემენტი” ფოთში ლაფარჟთან თანამშრომლობით ქარხანას ხსნის ცემენტის წარმოების ქართულ ბაზარზე ახალი მოთამაშე შემოდის.უახლოეს მომავალში  კომპანია ,,ლიდერ ცემენტი”  ფრანგულ კომპანია ,,ლაფარჟთან” თანამშრომლობით ფოთში  ცემენტის ქარხანას აამუშავებს, რომელიც  პირველ ეტაპზე წელიწადში  250 ათასი ტონა ცემენტის წარმოებას შეძლებს.

მსოფლიო ლიდერი სამშენებლო მასალების წარმოებაში-,,ლაფარჟი ‘’ასაქმებს 63,000 ადამიანს 61 ქვეყანაში ხოლო კომპანიის გაყიდვებმა 2014 წლის მონაცემებით 12.8 მილიარდ ევროს მიაღწია. ,,ლაფარჟი ‘’ ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ცემენტის, ინერტული მასალების და ბეტონის ბიზნესში. მისი პროდუქციით შენდება ქალაქები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

როგორი იქნება ქარხნის წლიური  წარმადობა, რა განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს კომპანია მომხმარებლებს და როგორ აპირებენ ეკოლოგიური ნორმების დაცვას. ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე   ambebi.ge ,,ლიდერ ცემენტის” დამფუძნებელს, მერაბ ჩიხრაძეს ესაუბრა.

-    ასეთი მასშტაბის ცემენტის ქარხნის აშენება და წარმატებით ამოქმედება საკმაოდ ბევრ გამოწვევასა და რისკთან არის დაკავშირებული. როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე?

-    ჩვენ ამ სფეროში 2005 წლიდან  წარმატებით ვმოღვაწეობთ. ეკონომიკური კრიზისიდან სამშენებლო ბუმის ჩათვლით  თითქმის ყველა ტიპის გამოწვევა გვაქვს ჩვენს თავზე გამოცდილი. განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ქართული ინდუსტრია ამ სფეროში შედარებით სუსტად არის განვითარებული. სწორედ ამიტომ გაგვიჩნდა სურვილი, რომ ქართული ცემენტის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ცვლილება შეგვეტანა და საერთაშორისო სტანდარტები დაგვემკვიდრებინა ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენი ამბიცია იყო, რომ პროექტი მსოფლიო მასშტაბის ბრენდთან ერთად განგვეხორციელებინა. აქედან გამომდინარე, შედგა თანამშროლობა ფრანგული გიგანტ კომპანია ,,ლაფარჟთან,” რომელიც ბიზნესის მდგრადი განვითარებით, ინოვაციური პროდუქტებით და უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების წარმოებით გამოირჩევა. ლაფარჟი უპირობო ლიდერია მსოფლიო ბაზარზე.

უშუალოდ პროექტის განხორციელებამდე ჩვენ  პარტნიორებთან ერთად ჩავატარეთ საქართველოს ცემენტის ბაზრის ტექნიკურ-ეკონომიკური  კვლევა, რომელმაც გვაჩვენა, რომ დასავლეთ საქართველოს ბაზრის წილი ძირითადად თურქეთიდან იმპორტირებულ ცემენტს ეჭირა.  ასევე ბაზარზე არსებობდა ნიშა კიდევ ერთი დიდი გლობალური მოთამაშისთვის. გადავწყვიტეთ დაუყოვნებლივ გვემოქმედა და დაგვესწრო პოტენციური კონკურენტებისთვის, რადგან თუ სხვა მოთამაშე დაინტერესდებოდა არსებული ნიშით, აზრი დაეკარგებოდა გაჯერებულ ბაზარზე შესვლას. კომპანიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო დასავლეთ საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების, ახალი ავტომაგისტრალების, პორტებისა და ინფრასტრუქტურული და ტურისტული ცენტრების პროექტების წამოწყება.

-    რა ეტაპზეა ახლა ქარხნის მშენებლობა და როდიდან ამუშავდება ის სრული დატვირთვით?

-    ქარხნის მშენებლობა 2014 წლის დასაწყისში დაიწყო. ამჟამად ყველა დანადგარის  ფუნდამენტების სამუშაოები დასრულებულია. აშენებულია საცემენტე პროდუქციის საწყობი, დასრულებულია სილოსების ინსტალაცია, დასრულებულია ადმინისტრაციული შენობები და ლაბორატორია.  ადგილზეა  ქარხნის დანადგარები, რომელებიც ჩვენი პროექტის მიხედვით დამზადდა და დაწყებულია საინსტალაციო სამუშაოები. ქარხნის სრული აღჭურვის შემდეგ, საწარმო ლაფარჯის სტანდარტების მიხედვით გაივლის სატესტო პერიოდს და მიენიჭება PAC (Provision Acceptance Certificate) სერტიფიკატი, შედეგად შეგვეძლება ცემენტის რეალიზაციის დაწყება.

-    მას შემდეგ, რაც ქარხანა სრული დატვირთვით ამუშავდება, რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება?

-    ლიდერცემენტის ქარხნის გახსნით უშუალოდ ადგილზე 50-60 ადგილობრივს დავასაქმებთ. არაპირდაპირი შტატი უფრო დიდი იქნება.

-  როგორც ვიცით ცემენტის წარმოება უარყოფითად აისახება გარემოზე რამდენად დაცულია ეკოლოგიური ნორმები თქვენ ქარხანაში?

-    ამ კუთხით ჩვენი ქარხანა იქნება რეგიონში მოქმედ ცემენტის ქარხნებს შორის  ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე. ქარხანაში დამონტაჟებული 11 ერთეული ფილტრის მეშვეობით მოხდება ცემენტის წარმოების შედეგად გამოყოფილი მტვრის დაჭერა. სწორედ ეს ფილტრები უზრუნველყოფენ ჰაერის სიწმინდეს ≤ 30მგ/ნმ3 დონემდე. ეს იმაზე ბევრად უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობა ავალდებულებს ცემენტის მწარმოებლებს. ,,ლიდერ ცემენტი”  განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ეკოლოგიური ნორმების დაცვას კომპანიის მიზანია აწარმოოს მაღალო ხარისხის ცემენტი ეკო-სისტემისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

შემუშავებული გვაქვს გრძელვადიანი განვითარების გეგმა, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს დასაქმებას,  ინფრასტრუქტურის განვითარებას, ინოვაციების და მაღალი სტანდარტების დანერგვას. ცემენტის პარალელურად ვავითარებთ ბეტონის წარმოების მიმართულებას. სტანდარტული ბეტონის პროდუქციის გარდა ვგეგმავთ ბაზარზე ლაფარჟის ინოვაციური პროდუქტების დანერგვას,  რომლებიც ფართო ასპარეზს აძლევს არქიტექტორების კრეატიულობას, რათა შექმნან  მაქსიმალურად ესთეტიური შენობები უნიკალური ფორმების, ფერების და ტექსტურის გამოყენებით. ამავ დროულად ჩვენი პროდუქცია საშუალებას მისცემს მშენებლებს და ინჟინრებს იმუშაონ უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით რომლებიც მორგებული იქნება კონკრეტული პროექტის მოთხოვნებზე და საჭიროებებზე,  რაც მკვეთრად გაზრდის მათი შრომის ეფექტურობას.

ჩვენს ჯგუფს გააჩნია ჯანსაღი ამბიცია, იქცეს ცემენტის და ბეტონის „ლიდერ“ მწარმოებლად რეგიონში და თავისი წვლილი შეიტანოს ახალი საქართველოს მშენებლობის პროცესში.

R