ვისოლი პრობაციონერს ასაქმებს - კვირის პალიტრა

ვისოლი პრობაციონერს ასაქმებს

დიდ დიღომში, კომპანია "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურზე ახალი ოპერატორი გამოჩნდა. ქართულ ნავთობსექტორში ყველაზე დიდი დამსაქმებელი კომპანიისთვის კიდევ ერთი კაცის დასაქმება გასაკვირი არ იქნებოდა, რომ არა განსაკუთრებული შემთხვევა. ფასანაურელი, 25 წლის დავით წიკლაური ახლახან გამოვიდა ციხიდან.

თავისუფლების მიღების შემდეგ ერთი დღეც არ დასჭირვებია იმაზე ფიქრი, სად და როგორ ეშოვა სამსახური. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაცია "ცხოვრების ახალი გზის", საპატრიარქოს და რაღა თქმა უნდა, კომპანია "ვისოლის" ძალისხმევით ფაქტობრივად ხელის ერთი მოსმით გადაწყდა დავით წიკლაურის დასაქმების საკითხი.

დავით წიკლაური: - მე ფასანაურელი ვარ, ოჯახში მეუღლე და პატარა, ორწლინახევრის შვილი მყავს. სანამ ციხიდან გამოვიდოდი, სულ იმაზე ვფიქრობდი, რა მეშველება, მერე როგორ ავაწყობ ცხოვრებას, სად ვიმუშაო, რომ ოჯახი ვარჩინო-მეთქი. მოგეხსენებათ დღეს იმათთვისაც კი ჭირს სამსახური, ვისაც ცხოვრებაში ერთი დალაქავებული ფურცელიც კი არ აქვს, მე კი ზურგზე პატიმრობის სასჯელი მქონდა აკიდებული. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვინმე ისურვებდა სამსახურში ჩემს მიღებას. ფაქტობრივად თავისუფლების მიღებისთანავე "ვისოლის" ტრენინგცენტრში მიმიღეს იმისათვის, რომ ოპერატორისთვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები მიმეღო.

ვისწავლე, რომ ვისოლში ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ თითოეულ მომხმარებელს და აუცილებელია ყველა მათგანს მიესალმო და კეთილი მგზავრობა უსურვო. უფროსებმა მითხრეს, ჩვენ შენ გენდობით და შენც უნდა გაგვიმართლო, თუ კარგი მუშაკი იქნები, კიდეც დაგაწინაურებთო. არ ვიცი, კიდევ სადმე თუ ხდება ასე, აქ კვებაც კი უფასო მაქვს. მოვედი თუ არა, სამედიცინო დაზღვევა გამიკეთეს. მოკლედ, სამსახური "ვისოლში" უბრალოდ სამსახური როდია, ეს მომავლის იმედია."

10 თებერვალს, დილით დავითს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა. მისთვის სამსახურის დაწყების მისალოცად ავტოგასამართ სადგურზე პატარა დელეგაცია მივიდა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილე გიორგი მაკასარაშვილმა ყოფილ პატიმარს ვისოლში პირველი სამუშაო დღე მიულოცა და უსურვა, რომ არასოდეს მოხვედრილიყოს იქ, საიდანაც ცოტა ხნის წინ გამოვიდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ცხოვრების ახალი გზის" წარმომადგენელი შუქრი ბურჭულაძე ბიზნესკომპანიაებს მოუწოდებს, რომ "ვისოლის" მაგალითი გაიზიარონ, - "საბედნიეროდ ბევრ პატიმარს სურს თავისუფლების დაბრუნების შემდეგ პატიოსნად იცხოვროს. ეს ჩანს მათ თვალებში, მათ ქცევებში, რასაც გამუდმებით აკვირდება სპეციალური ჯგუფი. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია საპატრიარქოს კურთხევით და სამინისტროს მხარდაჭერით შექმნას საუკეთესო  რესოციალიზაციის სისტემა, ისეთი, როგორიც არის ევროპაში და ზოგადად დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნებში. "ვისოლი" პიონერი აღმოჩნდა მათ შორის, ვისაც ამ საკითხში თანამშრომლობა შევთავაზეთ. ყოფილ პატიმრებს სჭირდებათ გადარჩენა. ამიტომაც მათთვის სამსახურის გამონახვა უბრალოდ დასაქმება არ არის, ეს არის გადარჩენა.."

"ვისოლის" ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, მათი გადაწყვეტილება სულაც არ არის განსაკუთრებული. "საზოგადოებაზე ზრუნვა ვისოლის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კომპანია საზოგადოების ნებისმიერ წევრს აძლევს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების საშუალებას.

ჩვენთან სამსახურის დაწყების შემდეგ კი მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში და პროფესიონალურ ზრდაშიც ვეხმარებით. ვისოლს საკუთარი ტრენინგცენტრი აქვს, რომელიც თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და განვითარებაზე ზრუნავს, რათა უმაღლესი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით. მოხარულები ვართ, რომ დღეს პრობაციონერი დავასაქმეთ. სახელმწიფოს ძალისხმევით და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელშეწყობით კეთილი საქმე გაკეთდა. როდესაც ყოფილი პატიმრის დასაქმების გადაწყვეტილება მივიღეთ, ბევრმა გაიკვირვა, ჩვენი ნდობის გამო.

ეს პროექტი ექსპერიმენტულია და მოხარული ვიქნებით, თუ გაამართლებს, რადგან ერთია, როდესაც ჩვეულებრივ მოქალქეებს იღებ სამსახურში და სხვა საქმეა, როდესაც ასაქმებ ციხიდან ახლად გამოსულ ადამიანს, რომელიც დათრგუნვილია თავისუფლების შეზღუდვით და საზოგადოებასთან ადაპტაციისთვის სერიოზული დახმარება სჭირდება. ის ფიქრობს, როგორ დაიწყოს თავიდან ცხოვრება, რომ ისევ არ მოხვდეს ციხის ზღურბლს მიღმა. გვინდა, რომ ჩვენმა ახალმა თანამშრომელმა იგრძნოს რა მოხდა მის ცხოვრებაში, რომ ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნდობას და მან უნდა გაამართლოს" - განაცხადა ვისოლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.

"ვისოლის" ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დირექტორის, რუსუდან სანიკიძის თქმით, კომპანია პრობაციონერების დასაქმებას სამომავლოდაც გააგრძელებს.

"ვისოლი" მზად არის ხელი შეუწყოს დასაქმების მსურველ პრობაციონერებს. ეს არ იქნება ერთადერთი შემთხვევა და ვეცდებით ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გავაგრძელოთ. როგორც წესი, კომპანიები ერიდებიან ასეთი ადამიანების დასაქმებას, თუმცა ჩვენ ვეცდებით ეს სტერეოტიპი დავამსხვრიოთ და სამინისტროსთან ამ მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლოთ", - ამბობს რუსუდან სანიკიძე.  R