"საქართველო უნდა ამაყობდეს გამართული საბანკო სისტემით" - კვირის პალიტრა

"საქართველო უნდა ამაყობდეს გამართული საბანკო სისტემით"

ბრუნო ბალვანერა: "მე ვერ ვხედავ რაიმე ტექნიკურ მიზეზებს, რის გამოც საბანკო ზედამხედველობის მოდელში ცვლილებები უნდა შევიდეს"

"კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდავეთსა და ბელორუსიაში ბრუნო ბალვანერა, საქართველოს ევროპულ მომავალზე, ქვეყნის საბანკო სექტორსა და ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევის თაობაზე საუბრობს.

- როგორ შეაფასებთ მაისში საქართველოში გამართულ  EBRD-ის ყოველწლიურ ფორუმს? რა იყო ფორუმის ყველაზე დიდი მიღწევა და სარგებელი მონაწილეთათვის?

- EBRD-ის ფორუმი ყოველწლიურად იმართება და თავს ვუყრით ჩვენს აქციონერებს. პარალელურად, ვაწყობთ ბიზნესფორუმს. ფორუმის მოსაწყობად თბილისი იმიტომ შევარჩიეთ, რომ გვწამს, საქართველო კარგი მაგალითია EBRD-ის *თემისთვის. ჩვენ მართლაც ძალიან კარგი შედეგები მივიღეთ, რამაც მოლოდინს გადააჭარბა. საქართველოსაც შესაძლებლობა მიეცა, რამდენიმე დღის განმავლობაში ბიზნესწრეების ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო. ქართველებმა დაადასტურეს, თუ რამდენად კარგად შეუძლიათ მნიშვნელოვანი და მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზება. ფორუმის პერიოდში ქალაქს უამრავი ვიზიტიორი ეწვია, რაც ეკონომიკური სტიმულიც იყო. შეიძლება ითქვას, მაისში თბილისის სასტუმროები და რესტორნები გადაივსო, ბევრი ფორუმის შემდეგაც დარჩა, ზოგი კი ადრე ჩამოვიდა და ქვეყანაც მოინახულეს. დავიქირავეთ ადგილობრივი კონტრაქტორებიც, ამან საქართველოს ეკონომიკას დამატებითი შემოსავალი მოუტანა, ასევე ჩავდეთ განსაზღვრული ინვესტიცია პარლამენტის შენობაში, სრულად გავარემონტეთ ახალგაზრდობის სასახლე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთგვარი მემკვიდრეობაა, რომელიც საქართველოში დარჩება.

ფორუმზე ხელი ხუთ ახალ გარიგებას მოვაწერეთ, რითაც საქართველოში დადებული შეთანხმებების რაოდენობა გავაორმაგეთ. ასე რომ,  EBRD-ის ფორუმი კარგი იყო საქართველოს გაცნობის თვალსაზრისითაც. ფორუმზე ჩამოსული ბევრი სტუმარი ამბობს, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო, თუ არა ყველაზე უკეთესი, ყოველწლიური შეკრება, რომელსაც დასწრებიან.

- ბრძანეთ, რომ საქართველო კარგი მაგალითია რეგიონში, რომელსაც ძალიან დიდი საინვესტიციო და ბიზნესპოტენციალი აქვს. თქვენი აზრით, რა არის ქვეყნის მთავარი მიღწევა ამ კუთხით და როგორ აისახება ეს რეგიონის ფინანსურ მიმზიდველობაზე?

- პირველ ყოვლისა, მინდა გამოვყო კორუფცია - საქართველო თავისუფალია კორუფციისგან, რაც უნიკალური შემთხვევაა რეგიონში. აქ არ გდევნით პოლიცია ან რომელიმე სხვა სტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებსაც გადავავლებთ თვალს, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის, კონკურენტუნარიანობისა და კორუფციის რეიტინგებში რეგიონში მოწინავეა. აღსანიშნავია სანდო სასამართლო სისტემაც, გამართული საბანკო სისტემა და ფინანსური ინსტიტუციები, რომლებიც ადგილობრივი მენეჯერების ძალისხმევით შეიქმნა. არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა. ეს აღფრთოვანებას იწვევს და იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს შესწევს უნარი, დააკმაყოფილოს ყველაზე მომთხოვნი ინვესტორების ინტერესებიც კი. ყოველივე ამის უკან გამართული საკანონმდებლო სისტემა, მყარი საბანკო სისტემა და კორპორაციული მმართველობა დგას. ეს ყოველივე მაგალითია იმისა, რომ საქართველო ძალიან კარგ პოზიციაშია. თუმცა, ეს არ ასახულა ხალხის კეთილდღეობაზე, რაც დროის საკითხია.

- მაინც რა დრო გვჭირდება ამისთვის?

- საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმები, განსაკუთრებით, ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიც, მაგალითად, კაპიტალის ბაზარია. საბანკო სისტემა გამართულია, თუმცა, მას ჯერაც სჭირდება სწორად მოქმედი საფონდო ბირჟა კორპორაციული ობლიგაციებით ადგილობრივ ბაზარზე.

რეფორმებია საჭირო ასევე საპენსიო სფეროში - ჩვენ ქვეყნის დანაზოგების კონსოლიდაცია უნდა მოვახდინოთ,

უნდა გვქონდეს გამართული სისტემა, რათა შევძლოთ მოქალაქეებისთვის პენსიის გადახდა მათი სამსახურიდან წასვლის შემდეგ. ასევე უნდა გატარდეს ანაბრებისა და მანქანების სავალდებულო დაზღვევის რეფორმა.

- რა პერსპექტივა აქვს ქართულ პროდუქტს ევროპულ ბაზარზე და რა სექტორებს აქვთ პოტენციალი ევროპაში?

- ერთ-ერთი მთავარი სფერო სოფლის მეურნეობაა - საქართველო დალოცვილია ნაყოფიერი მიწით, შესანიშნავი ამინდითა და წყლით, თუმცა ჯერაც სოფლის მეურნეობის პროდუქტების 50% იმპორტირებულია.

საქართველომ უნდა შემოიტანოს ტექნოლოგიები და უფრო მნიშვნელოვანია სასოფლო მიწების გაზრდა...

კიდევ ერთი პერსპექტიული სფერო ტურიზმია - საოცარი ქვეყანაა, მაგრამ მეტი საერთაშორისო კამპანია უნდა წარმართოთ მეტი ადამიანის მოსაზიდად, უნდა მოიცვათ სხვადასხვა სეგმენტი, მაგალითად, მთის კურორტები, ლაშქრობები, მონასტრების მონახულება, საზღვაო კურორტები. ქვეყანაში ყველამ უნდა შეძლოს ინგლისურად საუბარი. თუ ქვეყანას განვითარება უნდა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა აუცილებელია.

- მაისში EBRD-მა საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 2,3%-მდე შეამცირა, რა იყო ამის მიზეზები?

- რეგიონის ქვეყნებთან - სომხეთთან, აზერბაიჯანთან, უკრაინასთან, რუსეთსა და თურქეთთან შედარებით, საქართველოს კვლავაც ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს.

ძირითადი ფაქტორი რუსული რუბლის დევალვაცია იყო. რუსეთი რეგიონისთვის მთავარი მოთამაშეა და როგორც ვიცით, რუსეთში ექსპორტი და რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები შემცირდა, რაც უარყოფითად აისახა რეგიონის ქვეყნების ვალუტაზე. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ნეგატიურია, რადგან, ყველა ძალისხმევის მიუხედავად, ქვეყანაში კვლავაც ძალიან მაღალია დოლარიზაცია და მცირეა უცხოური ინვესტიციები. იმედია, ეს დროებითია. სწრაფი ზრდისთვის აუცილებელი ყველა ინგრედიენტი გაქვთ, ახლა საჭიროა ინვესტიციებისა და ახალი ტექნოლოგიების მოზიდვა.

- ბოლო დროს საქართველოში ორად არის გახლეჩილი აზრი საბანკო ზედამხედველობის საკითხზე. ერთი მხარე, კერძოდ, მთავრობა და ეკონომიკის ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევენ, რომ ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია უნდა ჩამოერთვას, მეორე მხარე კი, კერძოდ, ბანკები და ბიზნესსექტორის ნაწილი, ამის წინააღმდეგი არიან. რამდენად გამართლებულია ეროვნული ბანკისთვის ამ ფუნქციის ჩამორთმევა?

- მსოფლიოში ბანკების ზედამხედველობას ან ეროვნული ბანკი ახორციელებს, ან ფინანსური და საზედამხედველო ორგანოები. საბანკო ზედამხედველობის მოდელში ცვლილებები უნდა შევიდეს მაშინ, თუ ამისთვის არსებობს ტექნიკური და სწორი მიზეზები. თუ ცვლილების მიზეზი არ არის სწორად ჩამოყალიბებული, ჩნდება კითხვა: რა საჭიროა ცვლილებები? საინტერესოა, რატომ უნდა შეიცვალოს რაღაც, რაც ბევრის, მათ შორის EBRD-ის, IMF-ის, ლონდონის ინვესტორებისა და ფინანსური თემის აზრით, გამართულად მუშაობს. მოდი, მოვიწვიოთ საერთაშორისო სპეციალისტები, რათა გავიგოთ, იყო თუ არა რამე სისუსტე საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობაში, ან გავითვალისწინოთ სხვა ეროვნული ბანკების, საკონსულტაციო კომპანიების გამოცდილება და განვიხილოთ, რა პრობლემა დგას. თუ პრობლემა არსებობს და ის ტექნიკურია, მივიღოთ ტექნიკური გადაწყვეტილება. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყოს პოლიტიკური. საბანკო ზედამხედველობის ორგანო დამოუკიდებელი უნდა იყოს და არა პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი.

- თქვენი აზრით, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა?

- მე ვერ ვხედავ რაიმე ტექნიკურ მიზეზებს, რის გამოც საბანკო ზედამხედველობის მოდელში ცვლილებები უნდა შევიდეს.

- როგორ შეაფასებთ საბანკო სისტემას საქართველოში?

- გულწრფელად გითხრათ, საბანკო სისტემა ის სფეროა, რომელიც EBRD-მა საქართველოსთან ერთად შექმნა. ჩვენ განვაგრძობთ ქვეყანაში არსებული ბანკების უმრავლესობის მხარდაჭერას. როგორც გითხარით, საბანკო სისტემა საქართველოში გამოირჩევა პროფესიონალიზმით, გამჭვირვალობითა და კარგი მმართველობით. ამიტომ ვერ ვხედავ მისი გაკრიტიკების საფუძველს. მეტიც, საქართველო უნდა ამაყობდეს გამართული საბანკო სისტემით.

მარი ჯავახიშვილი