"საქართველო უნდა ამაყობდეს გამართული საბანკო სისტემით"
08-06-2015
"საქართველო უნდა ამაყობდეს გამართული საბანკო სისტემით"
ბრუნო ბალვანერა: "მე ვერ ვხედავ რაიმე ტექნიკურ მიზეზებს, რის გამოც საბანკო ზედამხედველობის მოდელში ცვლილებები უნდა შევიდეს"

"კვირის პალიტრასთან" ექსკლ­უზიურ ინტერვიუში ევროპის რეკონსტრუქციისა­ და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდავეთსა და ბელორუსიაში ბრუნო ბალვანერა­, საქა­რთველოს ევროპულ მომავალზე, ქვეყნის საბანკო სექტორსა და ეროვნული ბანკის­თვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქცი­ის ჩამორთმევის თაობაზე საუბრობს.


- როგორ შეაფასებთ მაისში საქართველოში­ გამართულ  EBRD-ის ყოველწლიურ ფორუმს? რა იყო ფორუმის ყველაზე დიდი მიღწევა და სარგებელი მონაწილეთათვის?
- EBRD-ის ფორუმი
ყოველწლიურად იმართება და თავს ვუყრით ჩვენს აქციონე­რებს. პარალელურად, ვაწყობთ ბიზნესფორუმს. ფორუმის მოსაწყობად თბილისი იმიტომ შევარჩიეთ, რომ გვწამს, საქართველო კარგი მაგალითია EBRD-ის *თემისთვის. ჩვენ მართლაც ძალიან კარგი შედეგები მივიღეთ,­ რამაც მოლოდინს გადააჭარბა. საქართველოსაც შესაძლებლობა მიეცა, რამდენიმე დღის განმავლობაში ბიზნესწრეების ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო. ქართველებმა დაადასტურეს, თუ რამდენად
კარგად­ შეუძლიათ მნიშვნელოვანი და მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზება. ფორუმის პერიოდში ქალაქს უამრავი ვიზი­ტიორი ეწვია, რაც ეკონომიკური სტიმულიც იყო. შეიძლება ითქვას, მაისში თბილისის სასტუმროები და რესტორნები გადაივსო, ბევრი ფორუმის შემდეგაც დარჩა­, ზოგი კი ადრე ჩამოვიდა და ქვეყანაც­ მოინახულეს. დავიქირავეთ ადგილობრივი კონტრაქტორებიც, ამან საქართველოს ეკონომიკას დამატებითი შემოსავალი­ მოუტანა, ასევე ჩავ­დეთ განსაზღვრული ინვესტიცია პარლ­ამენტის შენობაში, სრულად გავარემონტეთ ახალგაზრდობის სასახლე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთგვარი მემკვიდრეობაა, რომელიც საქართველოში დარჩება.

ფორუმზე ხელი ხუთ ახალ გარიგებას მოვაწერეთ, რითაც საქართველოში დადებული შეთანხმებების რაოდენობა გავაორმაგეთ. ასე რომ,  EBRD-ის ფორუმი კარგი იყო საქართველოს გაცნობის თვალსაზრისითაც. ფორუმზე ჩამოსული ბევრი სტუმარი ამბობს, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო, თუ არა ყველაზე უკეთესი, ყოველწლიური შეკრება, რომელსაც დასწრებიან.

- ბრძანეთ, რომ საქართველო კარგი მაგალ­ითია რეგიონში, რომელსაც ძალიან დიდი საინვესტიციო და ბიზნესპოტენციალი აქვს. თქვენი აზრით, რა არის ქვეყნის მთავარი მიღწევა ამ კუთხით და როგორ აისახება ეს რეგიონის­ ფინანსურ მიმზიდველობაზე?
- პირველ ყოვლისა, მინდა გამოვყო კორუფცია - საქართველო თავისუფალია კორუფციისგან, რაც უნიკალური შემთხვევაა რეგიონში. აქ არ გდევნით პოლიცია ან რომელიმე სხვა სტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებსაც გადავავლებთ თვალს, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის, კონკურენტუნარიანობ­ისა და კორუფციის­ რეიტინგებში რეგ­ი­ონში­ მოწი­ნა­ვე­ა. აღსანიშნავია სანდო სასამართლო სისტემაც, გამარ­თული საბანკო სისტემა­ და ფინანსური ინსტიტუციები, რომლებიც ადგილობრივი მენეჯერების ძალისხმევით შეიქმნა. არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა. ეს აღფრთოვანებას იწვევს და იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს შესწევს უნარი, დააკმაყოფილოს ყველაზე მომთხოვნი ინვესტორების­ ინტერესებიც კი. ყოველივე­ ამის უკან გამართული საკანონმდებლო სისტემა, მყარი საბანკო სისტემა და კორპორაც­იული მმართველობა დგას. ეს ყოველივე­ მაგალითია იმისა, რომ საქართველო ძალიან კარგ პოზიციაშია. თუმცა, ეს არ ასახულა ხალხის კეთილდღეობაზე, რაც დროის საკითხია.

- მაინც რა დრო გვჭირდება ამისთვის?
- საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმები, განსაკუთრებით, ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიც, მაგალითად, კაპიტალის ბაზარია. საბანკო სისტემა გამა­რთულია, თუმცა, მას ჯერაც სჭირდება სწორად მოქმედი საფონდო ბირჟა კორპორაციული ობლიგაციებით ადგილობრივ ბაზა­რზე.
რეფორმებია საჭირო ასევე საპენსიო სფეროში - ჩვენ ქვეყნის დანაზოგების კონსოლიდაცია უნდა მოვახდინოთ,
უნდა გვქონდეს გამართული სისტემა, რათა შევძლოთ მოქალაქეებისთვის პენსიის გადახდა მათი სამსახურიდან წასვლის შემდეგ. ასევე უნდა გატარდეს ანაბრებისა და მანქანების სავალდებულო დაზღვევის რეფორმა.

- რა პერსპექტივა აქვს ქართულ პროდ­უქტს ევროპულ ბაზარზე და რა სექტორებს აქვთ პოტენციალი ევროპაში?
- ერთ-ერთი მთავარი სფე­­­რო სოფლის მეურნეობაა­ - საქართველო დალოცვი­ლია ნაყოფიერი მიწით, შესანიშნავი ამინდითა და წყლით, თუმცა ჯერაც სოფლის მეურნ­ეობის პროდუქტების 50% იმპორტირებულია.
საქართველომ უნდა შემოი­ტანოს ტექნოლოგიები და უფ­რო­ მნიშვნელოვანია­ სა­სოფლო მიწების გაზრდა...
კიდევ­ ერთი პერსპექტიული სფერო ტურიზმია - საოცარი ქვეყანაა, მაგრამ მეტი საერთაშორისო კამპანია უნდა წარმართოთ მეტი ადამიანის­ მოსაზიდად, უნდა მოიცვათ სხვადასხვა სეგმენტი, მაგალითად, მთის კურორტები, ლაშქრობები, მონასტრების მონახულება, საზღვაო კურორტები. ქვეყანაში ყველამ უნდა შეძლოს ინგლისურად საუბარი. თუ ქვეყანას განვითარება უნდა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა აუცილებელია.

- მაისში EBRD-მა საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან­ 2,3%-მდე შეამცირა, რა იყო ამის მიზეზები?
- რეგიონის ქვეყნებთან - სომ­ხეთთან, აზერბაიჯანთან, უკრაინასთან, რუსეთსა და თურქეთთან შედარებით, საქართველოს კვლავაც ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს.

ძირითადი ფაქტორი რუსული რუბლის დევალვაცია იყო. რუსეთი რეგიონისთვის მთავარი მოთამაშეა და როგორც ვიცით, რუსეთში ექსპორტი და რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები შემცირდა, რაც უარყოფითად აისახა რეგიონის ქვეყნების ვალუტაზე. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ნეგატიურია, რადგან, ყველა ძალისხმევის მიუხედ­ავად, ქვეყანაში კვლავაც ძალიან მაღალია დოლარიზაცია და მცირეა უცხოური ინვესტიციები. იმედია, ეს დროებითია. სწრაფი ზრდისთვის აუცილებელი ყველა ინგრედიენტი გაქვთ, ახლა საჭიროა ინვესტიციებისა და ახალი ტექნოლოგიების მოზიდვა.

- ბოლო დროს საქართველოში ორად­ არის გახლეჩილი აზრი საბანკო ზედამხედველობის­ საკითხზე. ერთი მხარე, კერძოდ, მთავრობა და ეკონომიკის ზოგიერთი სპეციალისტი­ მიიჩნევენ, რომ ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის­ ფუნქცია უნდა ჩამოერთვას, მეორე მხარე კი, კერძოდ, ბანკები და ბიზნესსექტორის ნაწილი, ამის წინა­ა­ღმდეგი არიან. რამდენად გამართლებული­ა ერ­ო­ვნული ბანკისთვის ამ ფუნქციის ჩამორთმევა?

- მსოფლიოში ბანკების ზედამხედველობას ან ეროვნული ბანკი ახორციელ­ე­ბს,­ ან ფინანსური და საზედამხედველო ორგანოები. საბანკო ზედამხედველ­ობის მოდე­ლში ცვლილებები უნდა შევიდეს მაშინ, თუ ამისთვის არსებობს ტექნიკური და სწორი­ მიზეზები. თუ ცვლილების მიზეზი არ არის სწორად ჩამოყალიბებული, ჩნდება კითხვა: რა საჭიროა ცვლილებები? საინტერესოა, რატომ უნდა შეიცვალოს რაღაც, რაც ბევ­რის, მათ შორის EBRD-ის, IMF-ის, ლონდონის ინვესტორებისა და ფინანსური თემის აზრით, გამართულად მუშაობს. მოდი, მოვ­იწვიოთ საერთაშორისო სპეციალისტები, რათა გავიგოთ, იყო თუ არა რამე სისუსტე საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობაში, ან გავითვალისწინოთ სხვა ეროვნული ბანკების, საკონსულტაციო კომპანიების გამოცდილება და განვიხილოთ, რა პრობლემა დგას. თუ პრობლემა არსებობს და ის ტექ­ნიკურია, მივიღოთ ტექნიკური გადაწყვეტილება. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გადა­წყვეტილება არ იყოს პოლიტიკური. საბანკო ზედამხედველობის ორგანო დამოუკიდებელი უნდა იყოს და არა პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი.

- თქვენი აზრით, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა?

- მე ვერ ვხედავ რაიმე ტექნიკურ მიზეზებს, რის გამოც საბანკო ზედამხედველობის მოდელში ცვლილებები უნდა შევიდეს.

- როგორ შეაფასებთ საბანკო სისტემას საქართველოში?

- გულწრფელად გითხრათ, საბანკო სისტემა ის სფეროა, რომელიც EBRD-მა საქართველოსთან ერთად შექმნა. ჩვენ განვა­გრძობთ ქვეყანაში არსებული ბანკების უმრა­ვლესობის მხარდაჭერას. როგორც გითხარით, საბანკო სისტემა საქართველოში გამოირჩევა პროფესიონალიზმით, გამჭვირვალობითა და კარგი მმართველობით. ამიტომ ვერ ვხედავ მისი გაკრიტიკების საფუძველს. მეტიც, საქართველო უნდა ამაყობდეს გამართული საბანკო სისტემით.

მარი ჯავახიშვილი
nino
17 ივნისი 2015 22:16
კომენტარები ვერ ბრწყინავს ეკონომიკის ცოდნით და სახელმწიფო რეგულირების აუცილებელ ფუნქციას (ამ ეტაპზე მაინც ) და ბანკების საკუთარ პრეროგატივებს საბანკო სისტემაში ნამდვილად ვერ ანსხვავებს.
თუმცა ჩვენთან ხომ ყველამ ყველაფერი იცის , მაგალითად ექიმმა პოლიტიკა და ვექილმა სამედიცინო სფერო.
ანაბრები და პროცენტები - ხალხის ინტერესები - მიიღოს განუვითარებელ ეკონომიკაში სარგებელი და ეკონომიკის განვითარების კანონზომიერებები სამწუხაროდ ერთმანეთს არ ემთხვევა - ზოგს ავიწყდება კაპიტალისტური სინამდვილე სოციალურ უზრუნვეყოფაზე მუშაობს მაღალ ეტაპზე ყოფნის დროს და ხანდახან მაშინაც არა.
ბირთვისელი
16 ივნისი 2015 01:18
ბანკებში დანერგილია მოსახლეობის ყვლეფის გამართული სისტემა რასაც ხელისუფლების კორუმპირებული ჩინოვნიკებიც უწყობენ ხელს. მაგალითად ნებისმიერი სწრაფი სესხი ვთქვათ გინდათ ათასი ლარი გაძლევენ ერთი თვით მგრამ გაძლევენ ოცი და მეტი პროცენტით თვეში თუ გადავადება გინდა დამატებით თანხა გიჯდება და ფაქტიურად ათასი ლარის მაგიერ თუ დროზე გადაიხდი ერთ თვეში იხდი ათასორას და მეტ ლარს ფაქტიურად გამოდის წლიური ორასორმოცი პროცენტი მითხარით არ არის გამართული საყვლეფი სისტემა მათ იციან რომ ამ თანხას იმ ვადებში ბევრი ვერ გადაიხდის და სარგებლობენ. ხოლო ხელისუფლება რომელიც ვალდებულია რომ ჩვენს მიერ მათთვის სამართავად გადაცემული ქონება ხალხის სასიკეთოდ გამოიყენოს ისევ ხალხის საწინააღმდეგოდ იყენებენ ის აძლევს ჩვენს ფულს კერძო ბანკებს და არა მოსახლეობას სესხად ჩვენს საყვლეფად და ეს მიჩენს ეჭვის საფუძველს რომ ისინი ბანკების წილში არიან. თუ არადა სახელმწიფო ბანკმა რატომ არ უნდა გასცეს მოქალაქეებზე სესხი და რატომ აძლევს სესხს მხოლოდ ამ მუქთამჭამელებს. თუ სესხი გაიცემა სახელმწიფო ბანკიდან მოსახლეობაზე იქ შესული მოგება ხომ ბიუჯეტს მოხმარდება და შეავსებს ისევე როგორც მუქთად გაცემული საბადოებიდნა შედის მიზერული თანხები ასევე ბანკებიდანაც შედის მინიმალური თანხები. აქედან დასკვნა სახელმწიფოს არ ყავს ჭკვიანი ხალხი ხელისუფლებაში
grigori
12 ივნისი 2015 11:15
უცოდინრობის ზეიმია საქართველოში.ახალმა ხელისუფლებამ ლამისაა გადააჭარბოს ნაცების უტვინო ქმედებებს.თუ ქადაგიძე სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს არსებობს მექანიზმი მის მოსაშორებლად.ხელისუფლების ქმედება ძალიან ჰგავს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.

რედაქტორის რჩევით