უნგრელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ სტატიებს აქვეყნებენ - კვირის პალიტრა

უნგრელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ სტატიებს აქვეყნებენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, უნგრელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ სტატიებს აქვეყნებენ.როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით, მარტის თვეში, საქართველოში უნგრული მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

"უნგრეთის ტურისტულმა ბაზარმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც 2014 წლის ოქტომბრის თვიდან გაიხსნა ფრენები ქუთაისი-ბუდაპეშტის მიმართულებით. შესაბამისად, საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებები უნგრეთის მიმართულებით გააქტიურებულია", - აცხადებენ დეპარტამენტში.

მათივე თქმით, უნგრელი ჟურნალისტებისათვის ჩატარებული საინფორმაციო ტური მეტად შედეგიანი აღმოჩნდა.

"ეტაპობრივად, ზაფხულის სეზონის მოახლოებამდე, უნგრეთის ბეჭდურ და ონლაინ საშუალებებში საქართველოს, ისევე როგორც მისი ულამაზესი ზღვისპირა რეგიონის - აჭარის შესახებ მრავალი სარეკლამო ხასიათის სტატია დაიბეჭდა. წამყვანი მედიის 8 სხვადასხვა პორტალსა და ჟურნალში 10-ზე მეტი სტატია მიეძღვნა შავი ზღვის ულამაზეს ქალაქს - ბათუმს, მის ღირშესანიშნაობებს, აჭარული სამზარეულოს ტრადიციებსა და ღვინოს", - განაცხადეს დეპარტამენტში.