ბათუმში ქართველი ტურ-ოპერატორების ჯგუფი იმყოფება - კვირის პალიტრა

ბათუმში ქართველი ტურ-ოპერატორების ჯგუფი იმყოფება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით, ბათუმში ქართველი ტურ-ოპერატორების ჯგუფი იმყოფება.

ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლები რეგიონის ღირშესანიშნაობებს, ტურისტულ მარშრუტებსა და იმ ახალ შესაძლებლობებს ეცნობიან, რომელიც რეგიონში ჩამოსულ უცხოელ თუ ქართველ ტურისტებს შეიძლება შესთავაზონ.

ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით, ურთიერთთანამშრომლობის დამყარების მიზნით, ქართველი ტურ-ოპერატორები ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. ქართველი ტურ-ოპერატორები მთიან აჭარასთან ერთად მტირალას ნაციონალურ პარკს დაათვალიერებენ.

"საინფორმაციო ტურის შედეგად, ტურიზმის სფეროს პროფესიონალები ტურისტულ პაკეტებში აჭარის შესახებ განახლებულ ინფორმაციას შეიყვანენ, რაც მათ საშუალებას მისცემს ზღვაზე დასვენების გარდა, "სხვა აჭარის" ტურისტული პოტენციალი შესთავაზონ თავიანთ მომხმარებელს. შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, ტურიზმის დეპარტამენტი უახლოეს მომავალში საინფორმაციო ტურს ქართული მედიასაშუალებებისთვისაც ჩაატარებს", - აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

ქართველი ტურ-ოპერატორების ჯგუფი ბათუმს დღეს ესტუმრა. ის აჭარაში 14 ივნისის ჩათვლით დარჩება.