რატომ ბლოკავს აზერბაიჯანი საქართველოდან მანქანების შეყვანას - კვირის პალიტრა

რატომ ბლოკავს აზერბაიჯანი საქართველოდან მანქანების შეყვანას

შეღავათების მიუხედავად, საავტომობილო ბიზნესი კრიზისიდან გამოსვლას ვერ ახერხებს

ვროპიდან იმპორტირებული, შედარებით დაბალფასიანი ავტომობილების შემოყვანა და შემდეგ მეზობელ ქვეყნებში მათი გაყვანა საქართველოში კარგად აწყობილი და შემოსავლიანი ბიზნესი იყო. ავტომობილები საქართველოდან, ძირითადად, აზერბაიჯანში გაჰყავდათ, ხოლო მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა 2005 წლამდე ავტომობილების შეყვანა კანონით აკრძალა, საქართველოში ეს ბიზნესი, ფაქტობრივად, გაჩერდა.

ცოტა ხნის წინ დაწესებული შეღავათების მიუხედავად, საავტომობილო ბიზნესი საქართველოში კრიზისიდან გამოსვლას ვერ ახერხებს.

წლების განმავლობაში საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ავტომობილები გადიოდა და პირველ საექსპორტო პოზიციაზე იყო. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი ავტომობილების ექსპორტმა პირველობა დაკარგა და სპილენძის მადნების ექსპორტის შემდეგ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მაგალითად,

თუ 2013 წელს საქართველოდან 704 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გავიდა, 2014 წელს რეექსპორტით გასული მანქანების ღირებულება 518 მილიონამდე შემცირდა, ხოლო 2015 წლის პირველ სამ თვეში მხოლოდ 73 მილიონი დოლარი შეადგინა.

მეორადი ავტომობილების რეალიზაციით საქართველოში დაახლოებით 25-30 ათასი კაცი იყო დაკავებული და მათი საერთო ბრუნვა დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს აღწევდა. იმის გამო, რომ იმპორტიორები ავტომობილების გაყიდვას ვერ ახერხებენ, განბაჟების ვადა ბევრს გახანგრძლივებული ან დარღვეული აქვს.

გიორგი სურგულაძე, "კავკაზუს ბიზნესჯგუფის" ხელმძღვანელი: - ავტოდილერებისთვის დაწესებული შეღავათები ძალაში შევიდა და უკვე მოქმედებს, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ამან მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა ბაზარი. მხოლოდ ეს შეღავათები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს. ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება.

- კომპლექსურ მიდგომაში რას გულისხმობთ?

- მოგეხსენებათ, აზერბაიჯანმა მიიღო "ევრო 4"-ის სტანდარტი, რაც მათ ქვეყანაში 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შეყვანას კრძალავს. თუმცა აზერბაიჯანში საქართველოდან ისეთი ავტომობილების შეყვანასაც ბლოკავენ, რომლებიც "ევრო 4"-ის სტანდარტს პასუხობს. ეს ის საკითხია, რითაც ჩვენი სახელმწიფო უწყებები უნდა დაინტერესდნენ და აზერბაიჯანის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან გაარკვიონ. ამ პრობლემას თუ მოაგვარებს სახელმწიფო, ნამდვილად დიდი შეღავათი იქნება ადგილობრივი ავტოდილერებისთვის.

- იყო საუბარი იმაზეც, რომ აზერბაიჯანის ბაზრის დაკარგვის შემდეგ ქართველი ავტოდილერები ალტერნატიულ ბაზრებს ეძებდნენ რეექსპორტისთვის...

- ახალი ბაზრების მოძიება მუდმივად მიმდინარეობს. მაგალითად, სულ უფრო იზრდება საქართველოში თურქმენეთიდან შემოსული ავტოდილერების რაოდენობა, რომლებსაც აქედან მიჰყავთ ავტომობილები.

გვაქვს ინფორმაცია, რომ ივლისში პირდაპირი ავიარეისი დაინიშნება თბილისსა და აშხაბადს შორის. თუმცა მე მაინც მგონია, რომ ჯერ იმ პრობლემასა და ბაზარს უნდა მივხედოთ, რომელიც ცხვირწინ გვაქვს. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის ბაზარს ვგულისხმობ. აზერბაიჯანი საქართველოდან დიდი რაოდენობით ავტომობილების შეყვანას ბლოკავს. ამის ერთ-ერთი მიზეზი მათი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა და ზღუდავენ ქვეყნიდან დოლარის მასის გასვლას. ეს კი აზარალებს ჩვენს ქვეყანასა და ამ ბაზარზე მყოფ სუბიექტებს. სახელმწიფოს თავისუფლად შეუძლია მოაგვაროს ეს პრობლემა აზერბაიჯანთან მოლაპარაკების გზით, თუმცა, ამას სახელმწიფო ნება სჭირდება.

P. S. ავტოდილერების თქმით, ავტომობილების რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მნიშვნელოვნად შემცირდა, რასაც ლარის დევალვაციის გამო მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის შემცირებით ხსნიან. გაყიდვების შემცირებას ვერც ფასების კორექტირებამ უშველა. ავტოდილერები იძულებული გახდნენ, გასაყიდი მანქანები საშუალოდ 200-500 დოლარით გაეიაფებინათ.

ემა ტუხიაშვილი

შეღავათები ავტოდილერებს

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ავტოიმპორტიორებისთვის ფინანსთა სამინისტრომ მდგომარეობის შემსუბუქება გადაწყვიტა და 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილის მფლობელები ჯარიმებისგან გაათავისუფლა; ანუ, თუ ავტომობილს 1-ელ სექტემბრამდე განაბაჟებენ, ამ რეგულაციით მანქანა მფლობელს, სულ მცირე, 1. 000 ლარით "გაუიაფდება". გარდა ამისა, საქართველოში ავტომანქანის საფასურის გარეშე ყოფნის 45-დღიანი ვადა 60 დღემდე გახანგრძლივდა. გაუქმდა ჯარიმა საფასურის გარეშე ყოფნის ვადის გასვლიდან კიდევ 90 დღეში გამოუცხადებლობისთვის. ცვლილებების თანახმად, თუ იმპორტიორმა ავტომობილი 90 დღეშიც ვერ გაყიდა, უნდა გამარტივდეს საბაჟო საწყობის რეჟიმში მისი განთავსების პირობები. ამასთან, ეს რეჟიმი, საბაჟო საწყობის გარდა, ვრცელდება სხვა ადგილებზეც (მაგალითად, ბაზრობაზე და სხვ.).