ქართული ცხვარი კონკურენციას მაღალი ფასით აგებს
15-06-2015
ქართული ცხვარი კონკურენციას მაღალი ფასით აგებს
"საქართველოში წელიწადში 300 ათას ტონამდე მატყლი იპარსება, აქედან დიდი ნაწილი ადგილზევე ნადგურდება"

"მატყლის გაყიდვა-ექსპორტი ბოლო წლებში კატასტროფულად შემცირდა. ნაქებ ქართულ ცხვარს რთული პერიოდი დაუდგა. დღეს ქართული ცხვრის ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი ისევ მეზობელი აზერბაიჯანია. თუმცა ბოლო წლებში ექსპორტმა აქაც დაიკლო", - ამბობს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი. მისი თქმით, ამ დარგის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი მაღალი გადასახადებია. ამას ემატება საქართველოში შემოყვანილი სომხური ცხვარი, რომელიც ექსპორტზე ქართული ცხვრის სახელით გაჰყავთ.
"ეს რომ
სახელმწიფოს გვერდის ავლით არ ხდება, დიდი მიხვედრა არ სჭირდება. ამ საკითხს მე და თქვენ ვერ მივხედავთ, ძალოვანი უწყებები უნდა ჩაერიონ. სომხური ცხვრის ხარისხი ბევრად დაბალია, ვიდრე ჩვენი. თუმცა კონკურენციას ვერ ვუწევთ, რადგან იაფი ღირს. მყიდველს კი ხარისხი ნაკლებად აინტერესებს",“- ამბობს ბექა გონაშვილი.

პრობლემებს უჩივიან მეცხვარეებიც:
"საძოვრები ფასიანი გახადეს, ფარაში სულ 500 სული ცხვარი მყავს, მაგრამ შენახვა ძალიან ძვირი ჯდება. ალბათ, გაყიდვა მომიწევს. საძოვრის დაქირავებაც გაძვირდა, 1 ჰექტარი, სულ მცირე, 15 ლარია, ამას დაუმატეთ ცხვრის გამოკვება, ვეტერინარული შემოწმება, მწყემსის ანაზღაურება, რომელიც 600-1.000 ლარამდე მიჯდება. 1 ცხვრის შენახვას საშუალოდ 100-120 ლარი სჭირდება, ამიტომ არ მიღირს. სახელმწიფომაც მოგვიძულა, მგონი, დაავიწყდათ, რომ საქართველოში ცხვარი არსებობს. თუ ასე გაგრძელდება, ბევრი გაყიდის ფარას და მერე ვიყოთ სხვი­სი ხელების შემყურე",“ - წუხს ყვარლელი მეცხვარე გიორგი. 

მეცხვარეების თქმით, ფერმაში ცხვრის ფასი 150-180 ლარს შორის მერყეობს, ექსპორტის შემთხვევაში კი ეს თანხა 30-40 ლარით იზრდება. "ცხვარს წონის მიხედვით არ ყიდიან, თვალით აფასებენ. შეიძლება 100-120 ლარადაც იყიდოთ, ცხვარს გააჩნია. ვისაც ექსპორტზე გაჰყავს, ხარჯიც მეტი აქვს და ცხვრის ფასიც ამიტომ იზრდება. საძოვრები გააძვირეს, გადასახადები მაღალია, დოლა­რის კურსი ზევით მიიწევს და რა გასაკვირია, რომ ცხვრის ფასმაც მოიმატა", - ამბობს მეცხვარე. 

სტატისტიკის თანახმად, ცხვ­რის ექსპორტი 2009 წელს გაიზარდა. საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში იყვნენ ირანი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ლიბანი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები. სპეციალისტების თქმით, ამგვარი დაინტერესება ქართული ცხვრის გამორჩეულმა გემომ, სიიაფემ და ტრანსპორტირების მცირე ხარჯებმა განაპირობა. მეცხვარეების თქმით, დღეს საექსპორტო ცხვრის ფასი 120-დან 140 დოლარამდე მერყეობს.
თუმცა, ქართული ცხვრის გაძვირებას გაყიდვის პრობლემა მოჰყვა. ამჟამად ქართული ცხვარი ექსპორტზე მხოლოდ აზერბაიჯანსა და ირანში გადის. აქედან აზერბაიჯანი ინარჩუნებს ჯერჯერობით ქართული ცხვრის სტაბილური საექსპორტო ბაზრის სტატუსს.

მეცხვარეთა ასოციაციის ინფორმაციით, ბოლო ორი წელია, რაც მკვეთრად შემცირდა ცხვრის ექსპორტი ირანში. "ირანს დაახლოებით 50 მილიონი სული ჰყავს, მაგრამ მოთხოვნა დიდი აქვს და ამიტომ ცხვარი იმპორტითაც შეჰყავთ. შარშან ირანიდან დიდი დაინტერესება არ ყოფილა. იმედია, წლეულს მოთხოვნა შედარებით გაიზრდება", - ამბობს ბექა გონაშვილი. 

მისივე თქმით, ხშირად მეცხვარე, რომელიც საძოვრებს ქირაობს, ხარჯების შესამცირებლად 1 ჰექტარზე დასაშვებ ნორმაზე გაცილებით მეტ ცხვარს უყრის თავს.“"მართალია, ხარჯებს ამცირებენ, მაგრამ მწვანე საფარი ნადგურდება, ეროზია ჩნდება და ეს გაუდაბნოებაც იმიტომ ხდება. რამდენი წელიწადია ამ პრობლემების მოსაგვარებლად ვიბრძვით, მაგრამ ამაოდ, ჯერ შედეგი არ ჩანს", - ამბობს გონაშვილი.  
საქართველოში ცხვრის დიდი წილი თუშურ ცხვარზე მოდის. თუშური ცხვარი უძველესი ქართული ჯიშია. არსებული ცნობების თანახმად, XIII-XIV საუკუნეებში ხალხური სელექციით ჩამოყალიბდა. თუშური ცხვარი უხეშმატყლიანია, თუმცა ხორცის საუკეთესო გემოთი გამორჩეული.

მეცხვარეების თქმით, მატყლი 1 კილოგრამი 50-60 თეთრი ღირს. თუმცა ტრანსპორტირების ხარჯი იმდენად მაღალია, რომ მეცხვარეებს გაყიდვა არ უღირთ და მატყლს ანადგურებენ.
"ჩვენი მატყლი დაბალი ხარისხისაა, უხეში. ამიტომ მასზე მოთხოვნაც დაბალია. კომუნისტების დროს სახელმწიფო ყიდულობდა და შინელებს კერავდა. ჩვენთან წელიწადში 300 ათას ტონამდე მატყლი იპარსება, აქედან დიდი ნაწილი ადგილზევე ნადგურდება. დაახლოებით 1 000 ტონა რჩება, ერთი ნაწილი შიდა მოხმარებისთვის გამოიყენება, მცირე ნაწილი კი ექსპორტზე გადის", - დასძენს გონაშვილი. 

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, ის ცხვრის ექსპორტისთვის საჭირო სერტიფიკატს გასცემს, სადაც ცხვრის წარმოშობის შესახებ ინფორმაცია ივსება წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე. ამ სერტიფიკატს კი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სხვადასხვა ორგანო გასცემს. 1-ლი ივლისიდან ძალაში შედის ცხოველთა იდენტიფიკაციის წესი, რომლის მიხედვით, ამა თუ იმ ცხოველის (ცხვარი, მსხვილფეხა საქონელი) შესახებ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, წარმოშობის შესახებ, თავს მოიყრის ერთიან ელექტრონულ სისტემაში. სწორედ ამ რეესტრის მიხედვით გასცემენ საექსპერტო სერტიფიკატს.”   

ძირითადად - აზერბაიჯანში

"საქსტატის" ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოდან ცხვრის ექსპორტი 10%-ით შემცირდა. 2014 წელს 15,547 მლნ დოლარის ღირებულების ცხვრის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2012 წელს კი 18,156 მლნ დოლარის ღირებულებისა. 2013 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით - 13,622 მლნ დოლარის ღირებულების 171 719 სული ცხვარი ექსპორტზე აზერბაიჯანში გავიდა.

სალომე გოგოხია

აკაკი ღლონტი
30 ივნისი 2015 11:45
თუ 300 ათასი ტონა მატყლი იპარსება, მაშინ საქართველოში მარტო ცხვრის ხორცის წარმოება მინიმუმ 2 მილიონი ტონა უნდა იყოს.
ეკატერინე
16 ივნისი 2015 15:37
"ნაქებ ქართულ ცხვარს რთული პერიოდი დაუდგა." აქ რომელ ქართულ ცხვარზეა ლაპარაკი შეგიძლიათ დააკონკრეტოთ?! თუ ლაპარაკია "თუშურ ცხვარზე" და "თუშურ მატყლზე" ძალიანა გთხოვთ სახელებს ნუ ამახინჯებთ და ისტორიულ სახელწოდებას უკანუნოდ ნუ ცვლით!!! ამასაც თუშური ქუდის ბედი ეწევა კახურად რომ მოიხსენიებენ და მერე თუშებს უწევთ სამინისტროებში სირბილი სახელწოდებების აღსადგენად!!!
თუ თუშურ ცხვარზე თუ მატყლზეა ლაპარაკი გთხოვთ შესწორება დროულად შეიტანოთ!!!!!!
პატივისცემით!!!

რედაქტორის რჩევით