აჭარაში თბილისის დასახმარებლად ტვირთი და თანხა შეგროვდა
18-06-2015
აჭარაში თბილისის დასახმარებლად ტვირთი და თანხა შეგროვდა
თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად აჭარის მასშტაბით ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, დახმარების მიზნით ტანისამოსი, სურსათი, ჰიგიენისა და სხვა პირველადი მოხმარების ნივთები სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, ბიზნესმენებმა და სამთავრობო ორგანიზაციებმა შეაგროვეს.
"აქტიურად მიმდინარეობს ურთიერთობა ცენტრალურ შტაბთან თბილისში. შეგროვდა სურსათი, ჰიგიენის საშუალებები და საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლითაც 300-მდე დაზარალებულ ოჯახს უზრუნველვყოფთ პირველადი საჭიროების ნივთებით და საკვებით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მცხოვრებთ, რომლებმაც დახმარება გაუწიეს დაზარალებულებს," - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
ჰუმანიტარული
ნივთები ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში სპეციალურად შექმნილ შტაბებში გროვდებოდა. აღნიშნულ ობიექტებზე მოსახლეობას ამ დრომდე მიაქვს დახმარება. ასევე 45 000 ლარის სურსათი შეიძინა ინვესტორთა ასოციაციამ, რომელიც დღეს თბილისში გაიგზავნება. დახმარების სურვილი გამოთქვეს აჭარაში მოქმედმა ქართველმა და უცხოელმა ბიზნესმენებმა, რომლებმაც თანხა გადარიცხეს შესაბამის ანგარიშზე.
"მადლობა მინდა გადავუხადო
ყველას, არ წყდება მოხალისეთა ნაკადი, რომლებიც რეგისტრირდებიან და საჭიროების შემთხვევაში თბილისში ფიზიკურ დახმარებას გაწევენ. ასევე მოაქვთ საჭირო ნივთები და პროდუქტები, რომლებსაც ვახარისხებთ და პერიოდულად ვაგზავნით თბილისში", - აღნიშნა გიორგი ერმაკოვმა.
მთავრობის თავმჯდომარის თქმით, აჭარის მთავრობაში შემავალი სტრუქტურების და თვითმმართველობების თანამშრომლებმა შეაგროვეს 60 000 ლარი, რასაც კვირის ბოლომდე კიდევ დაემატება ფინანსური შემოწირულობა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით