აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს - კვირის პალიტრა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

"ზოგიერთი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ აჭარაში სტუმრობისას" - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აჭარაში ჩამსვლელი ტურისებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. "ინტერპრესნიუსი" დეპარტამენტის ინფორმაციას აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაობის შესახებ უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ბათუმში ზღვაზე დასასვენებლად ჩამოდის. პლაჟები, ბათუმის ბულვარი და მათთან დაკავშირებული აქტივობები უკვე ყველასათვის ცნობილია, თუმცა აჭარის უძველესი კუთხე შავიზღვისპირა ქალაქით ძალიან ბერვ საინტერესო სანახაობას მოიცავს, რომელთა შესახებ ზღვაზე ჩამოსულ ქართველ ტურისტთა უმრავლესობა ნაკლებად ინტერესდება. ამ კუთხით, რეგიონის უცხოელი ტურისტები უფრო აქტიურობენ: სხვადასხვა კულტურული ღირსშესანიშნაობებით, ეკოტურისტული მარშრუტებით, ღვინის ტურებითა თუ მუზეუმებით ძირიდათად უცხოელი ტურისტები ინტერესდებიან, ამას ადასტურებს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში წარმოებული სტატისტიკაც.

ბათუმში ჩამოსულმა შიდა ტურისტებმა ნაკლებად იციან, რომ ბათუმში მდებარეობს ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმი, შენობა სადაც ძმები ნობელების სამუშაო კანტორა იყო განთავსებული და სადაც ძველი ბათუმის ისტორიებიდან სხვა უამრავ საინტერესო ამბავს მოისმენთ. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და შენარჩუნებული გონიო-აფსაროსის ციხე სწორედ აჭარაში მდებარეობს, მისი ტერიტორია კი "არგონავტების" მითთან მჭიდრო კავშირშია და დღემდე ახალი აღმოჩენებით სავსე ცოცხალ არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს.

ბათუმში არქეოლოგიური მუზეუმის უნიკალურ ოქროს ფონდთან ერთად შესაძლებელია ისეთი მუზეუმების დათვალიერება, როგორებიცაა: ბათუმის ხელოვნების მუზეუმი, სადაც ქართველი მხატვრების (მათ შორის გუდიაშვილისა და ფიროსმანის ტილოები) საინტერესო კოლექციაა დაცული; ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც ანტიკური პერიოდის უნიკალური შავლაკიანი კრატერია დაცული, რომლის ანალოგიც მხოლოდ პარიზის ლუვრის მუზეუმში მოიპოვება.

ბათუმში ჩამოსულ ხელოვნების მოყვარულ ტურისტებს თანამედროვე ბათუმის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილზე - "საოცრებათა სკვერში" ახალი, თანამედროვე ხელოვნების სივრცე ელის, რომელიც იქვე არსებულ კედლის მხატვრობასთან (გრიფიტები) ერთად ქალაქის ახალ საინტერესო სანახაობას წარმოადგენს.

ცოტამ თუ იცის საქართველოში, რომ აჭარა მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება. აგვისტოს თვის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე აქ მილიონზე მეტი გადამფრენი მტაცებელის ხილვაა შესაძლებელი. ფრინველებზე დაკვირვებისათვის გამოირჩევა ისეთი ადგილები, როგორებიცაა სოფელი სახალვაშო, ქობულეთის დაცული ტერიტორია - ისპანის ჭაობი, ჭოროხის დელტა, მტირალას ეროვნული პარკი და სოფელი შუამთა. უკვე მეოთხე წელია ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში ტარდება ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც მრავალი უცხოელი ტურისტი ჩამოდის აჭარაში.

რეგიონისთვის საამაყოა ისიც, რომ მხოლოდ აჭარაში საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორია მდებარეობს (მტირალას ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, კიტნრიშის დაცული ტერიტორია, მაჭახელას ეროვნული პარკი) უნიკალური ფლორითა და ფაუნით.

ხელუხლებელი ბუნებისა და დაუვიწყარი პეიზაჟების მოყვარულებს აჭარა ახალ ტურებსა და მარშრუტებს სთავაზობს. თემატურად მარშრუტები სხვადასხვა სპეციფიკისაა, გვხვდება როგორც კულტურული, ასევე ღვინის მარშრუტები, ფრინველებზე დაკვირვების თუ სათავგადასავლო მარშრუტები. ტურისტული მარშრუტები მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მაგალითად, სათავგადასავლო მარშრუტებზე შესაძლებელია მოაწყო როგორც 4ხ4 ტური (ჯიპ ტური) ასევე იმოგზაურო სამთო ველოსიპედით და საცალფეხო ბილიკებით. http://gobatumi.com/ge/what-to-do/tours-and-routes.

სოფლად ტურიზმის მოყვარულთათვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შექმნა ეკოტურისტული ინტერაქტიური რუქა, აღჭურვილი ნავიგაციის ფუნქციით, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მოიძიონ ინფორმაცია აჭარის ტერიტორიაზე არსებული სასტუმრო სახლების, ტურისტული მეურნეობებისა, ღვინის მარნებისა და მარშრუტების შესახებ.

https://www.google.com/maps/d/u/0/viewer?mid=zXwgQSpTeHRo.kArraw9zaTQc

მთიან აჭარა განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. დაუვიწყარი იქნება მთაში სტუმრობა გურმანი ტურისტებისათვის, რომლებსაც შეეძლებათ დააგემოვნონ აჭარული სამზარეულოს ისეთი კერძები, როგორებიცაა: აჩმა, იახნი, დედლური, ბორანო, სინორი, მალახტო, ყურუთი, ზედავრის კიტრის სალათი, ყაისაფე.

http://gobatumi.com/ge/discover-ajara/top-10/top-10-delicious-food-you-have-to-try-in-ajara/166

დამატებითი ინფორმაციით დაინტერესებულ ტურისტებს შეუძლიათ ესტუმრონ ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდს: http://www.gobatumi.com, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებს შემდეგ მისამართებზე: http://gobatumi.com/ge/travel-information/tourist-information-centres ან დარეკონ საინფორმაციო ცენტრების ცხელ ხაზზე: 577 90 90 93/ 0 422 29 44 10 (24/7)

აქვე გთავაზობთ იმ ტურისტული აქტივობების ჩამონათვალს, რომლებიც თქვენს უქმე დღეებს აჭარაში დაუვიწყარს გახდის:

-    აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნება (სხვა აჭარული კერძები: http://gobatumi.com/ge/discover-ajara/top-10/top-10-delicious-food-you-have-to-try-in-ajara/166).

-    ველო-ტურის მოწყობა ბათუმის ძველ ნაწილსა და ბულვარში

-    იახტით გასეირნება

-    გასეირნება ბათუმის საბაგირო გზით

-    ვიზიტი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში (ელექტრომობილით ან ფეხით გასეირნებით)

-    დელფინების შოუს ხილვა (ინტერაქტივის საშუალებით).

-    ვიზიტი ქედის ღვინის სახლში (უძველესი საწნახელი, იშვიათი ღვინის სახეობები).

-    ფრინველებზე დაკვირვება ტურიზმის ამ სახეობით დაინტერესებულთათვის

-    მტირალას ეროვნული პარკი (ეკოტურისტული მარშრუტი,ზიპლაინი და სხვა აქტივობები)

-    ქალაქის ძველი და თანამედროვე არქიტექტურის გაცნობა

-    გონიოს ციხე და მუზეუმის დათვალიერება

-    მუზეუმები (არქეოლოგიური, ხელოვნების, ძმები ნობელების, თანამედროვე ხელოვნების სივრცე)

-    თანამედროვე სკულპტურები (ნინო და ალი, ბათუმურ პეიზაჟებთან საოცრად შერწყმული სხვადასხვა თანამედროვე კომპოზიცია, მოცეკვავე შადრევნები).

-    ბათუმის კოლორიტული კაფე-რესტორნები: http://gobatumi.com/ge/where-to-eat?load&fad%5B%5D=cafe“ _ აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.