GEM fest-ზე დასასწრები იღბლიანი 1000 მულტიპასი გაყიდულია - კვირის პალიტრა

GEM fest-ზე დასასწრები იღბლიანი 1000 მულტიპასი გაყიდულია

მოგეხსენებათ, 30 ივლისს ანაკლიის ულამაზეს სანაპიროზე, სადაც მზეც კი სხვანაირად ჩადის, ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ფუძნდება. ელექტრონული მუსიკის ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით, საფესტივალო ტერიტორიაზე, რომელიც 18 ჰა-ს მოიცავს, ძალიან საინტერესო აქტივობები გაიმართება. მუსიკალური ღონისძიების ფარგლებში 24-საათიან რეჟიმში რამდენიმე სცენა და საზაფხულო კინოთეატრი იქნება დატვირთული.

Dubfire, Anna Hanna, Booka Shade, David August, M.A.N.D.Y და მსოფლიოში ტრანსის მეფედ აღიარებული Armin van buuren - ეს არის არტისტთა არასრული სია, რომლებიც აუდიტორიის წინაშე წარდგებიან. ექსკლუზიურ ფასად, 99 ლარად მულტი-პასები უკვე გაყიდულია, ამიტომაც 26 ივნისიდან 20 ივლისამდე უკვე ახალი ფასი მოქმედებს.

მულტი-პასი გახლავთ ფესტივალზე მოსახვედრი ბარათი, რომლის საშუალებითაც საფესტივალო ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლას შეუზღუდავად შეძლებთ და ამ 9 დღის განმავლობაში ნებისმიერ ივენთს დაესწრებით. მათ შორის, არმინ ვან ბიურენის სეტსაც.

მულტი-პასი სამნაირია, ერთი - კლასიკური, რომლითაც ტერიტორიაზე შეუზღუდავად გადაადგილდებით, მეორე - Full House პასი, რომელიც  კარავში ადგილსაც გპირდებათ და მესამე - Diamond Pass კულისებში მოხვედრას, სცენასთან ახლოს ვიპლოჟას, ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილებას და სასტუმროს გარანტირებულ ჯავშანსაც გულისხმობს.

არსებობს ასევე Single Pass, რომლითაც ტერიტორიაზე ერთხელ შეხვალთ, გამოსვლის შემთხვევაში კი ის ძალას დაკარგავს და თავიდან მოგიწევთ შეძენა. ეს უკანასკნელი მოსახერხებელია მათთვის, ვისაც მხოლოდ ერთ ივენთზე დასწრება სურს და მისი შეძენა ანაკლიაში, სალაროში შეგეძლებათ. მულტი-პასი დღეიდან კვლავ სპეციალურ ფასად, 150 ლარად eventer.ge-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ. დაწვრილებით ინფოს კი gem-fest.com-ზე ნახავთ.

GEM fest-ის ოფიციალური საინფორმაციო მხარდამჭერია www.kvirispalitra.ge