ის, რაც ყველა მოსწავლის მშობელმა უნდა იცოდეს! - რატომ გააქვთ ქვეყნიდან ქართველ ჩინოვნიკებს მილიონები? - კვირის პალიტრა

ის, რაც ყველა მოსწავლის მშობელმა უნდა იცოდეს! - რატომ გააქვთ ქვეყნიდან ქართველ ჩინოვნიკებს მილიონები?

ჟურნალისტური გამოძიება

წელს პირველკლასელები ნახმარ წიგნებს მიიღებენ - კარგი ნიადაგი "შავი ბაზრისთვის"

სექტემბერში საჯარო სკოლის მოსწავლეები სახელმწიფოსგან ძველ სახელმძღვანელოებს მიიღებენ. ნახმარი სახელმძღვანელოები, მცირე რაოდენობით, მოსწავლეების ნაწილს გასული სასწავლო წლის დასაწყისშიც დაურიგდათ. მათი ნაწილი სწავლისთვის იმდენად გამოუსადეგარი იყო, რომ მშობლები იძულებული იყვნენ, შვილებისთვის ან ახალი წიგნები შეეძინათ, ან სხვისგან "დაექსეროქსებინათ" სახელმძღვანელოს ნაკლული გვერდები. მოკლედ, ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ დაპირებულმა უფასო სახელმძღვანელოების პროექტმა ორ წელიწადში სახე იცვალა და სექტემბერში სკოლაში მისულ მოსწავლეებს მერხებზე მართალია უფასო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში საკმაოდ შელახული წიგნები დახვდებათ.

უფასო წიგნის ფასი

არავინ დაობს იმაზე, რომ მოსწავლეების მშობლების უმეტესობისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების სრული კომპლექტის შეძენა საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო. ამიტომაც ყველა დადებითად შეხვდა მოქმედი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებას, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უსასყიდლოდ გადაცემას ისახავდა მიზნად. მართალია, ამან მოსწავლეთა მშობლები გაახარა, თუმცა გამომცემლები გაანაწყენა - განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოს გრიფირების წესში ის მუხლი აამოქმედა, რომელიც გამომცემლობებთან დადებულ ხელშეკრულებაში დიმიტრი შაშკინის მინისტრობისას ჩაიდო.

ეს წესი იმპერატიულად აძლევს სახელმწიფო დაწესებულებას უფლებას, თავად გამოსცეს კერძო გამომცემლობების მომზადებული სახელმძღვანელო. ამის მიუხედავად, ახალი ხელისუფლების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენა და სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგება, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისასალმებელი აღმოჩნდა, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ პირველ ჯერზე ეს გამომცემლების, მეორედ კი მოსწავლეთა ხარჯზე მოხდებოდა.

2013-2014 სასწავლო წლისთვის უფასო სახელმძღვანელოების პროგრამის ფარგლებში 5 819 778 სახელმძღვანელო დაიბეჭდა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 323 630 ლარი დაიხარჯა. 2014-2015 სასწავლო წლისთვის 3 863 090 წიგნი დაბეჭდა განათლების სამინისტრომ და ბიუჯეტიდან ამისთვის 12 251 685 ლარი გამოიყო. წელს კი სამინისტრო ქართულენოვანი წიგნებისა და სამუშაო რვეულების დასაბეჭდად დაახლოებით 1,5 მილიონ ლარს ხარჯავს და მხოლოდ 45 ათასი(!) ახალი სახელმძღვანელოს დაბეჭდვას გეგმავს.

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ საწყობებში არსებობს ნახმარი, მაგრამ ვარგისი მარაგი, თუმცა რეალობა სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

"კვირის პალიტრა" რამდენიმე მოსწავლის მშობელს ესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ ჯერ კიდევ გასულ სასწავლო წელს მათ შვილებს სკოლაში ახლებთან ერთად რამდენიმე ისეთი დაზიანებული წიგნი გადასცეს, რომლითაც სწავლა შეუძლებელი იყო. ამის შემდეგ ზოგმა თავად უყიდა შვილს ახალი ან გამოყენებული, მაგრამ ნაკლებად დაზიანებული წიგნი ე.წ. "შავ ბაზარზე". მეტიც, სკოლასა და ერთ-ერთ მშობელს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტიდან ჩანს, რომ მესამე კლასის მოსწავლეს ერთი 7 ქულით და ორიც 8 ქულით შეფასებული წიგნი გადასცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამი სახელმძღვანელო, რომელიც მას სახელმწიფომ "აჩუქა", მინისტრის, თამარ სანიკიძისვე ბრძანების მიხედვით, უვარგისია გამოყენებისთვის.

მინისტრის 2013 წლის 5 აგვისტოს #103/ნ ბრძანებაში განმარტებულია, რომ სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობა 15-ქულიანი სკალით ფასდება და მოსწავლეს გამოსაყენებლად არანაკლებ 9 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო უნდა გადაეცეს. წიგნი გამოსაყენებლად გამოუსადეგარია, თუ მისი მოვლა-პატრონობის შეფასების ქულა რვა ან რვაზე ნაკლებია.

მოსწავლეთა მშობლები, რომლებიც "კვირის პალიტრას" ესაუბრნენ, აღნიშნავენ, რომ სკოლებმა მათგან სასწავლო წლის დასასრულს, მათივე გაცემული, თავიდანვე დაზიანებული წიგნები უკან ყოველგვარი შეფასების გარეშე მიითვალეს. როგორც ჩანს, ახლა განათლების სამინისტროსთვის წიგნების რაოდენობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხარისხი. თუმცა, ადვილი წარმოსადგენია, რომ ჯერ კიდევ გასული სასწავლო წლის დასაწყისში გამოყენებისთვის უვარგისი სახელმძღვანელოები ახალ მფლობელს კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში გადაეცემა.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა საფრთხეს უქმნის ასეთი წიგნები ბავშვების ჯანმრთელობას, იმის გათვალისწინებით, რომ ქაღალდი, რომელმაც რამდენიმე მფლობელი გამოიარა, შესაძლოა სხვადასხვა დაავადების გადამტანი გახდეს.

მინისტრი მშობლებს კანონის წაკითხვას ურჩევს

ახალი სახელმძღვანელოების არდაბეჭდვასთან დაკავშირებით უკმაყოფილება უკვე გაჩნდა საზოგადოებაში და განათლების მინისტრმაც ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს ყველა სასკოლო საფეხურისთვის განკუთვნილი წიგნების ნაკრები დაახვედრა და პრესკონფერენციის დაწყებამდე იკითხა: "ნახეთ სახელმძღვანელოები? გადაათვალიერეთ? მერე რა უჭირს ამ სახელმძღვანელოებს, რომ გვიწუნებენ"?

ჩვენ, რა თქმა უნდა, მას ის მიღება-ჩაბარების აქტი წარვუდგინეთ, საიდანაც ჩანს, რომ მოსწავლეს სკოლამ სამი გამოუსადეგარი წიგნი გადასცა, რაზეც მინისტრის ასეთი პასუხი მივიღეთ: "აი, ეს წიგნები უნდა დაგებრუნებინათ სკოლისთვის".

- სკოლას თუ უფრო ახალი წიგნი არა აქვს, საიდან უნდა მოგცეს მაგიერი?

- როგორ არა აქვთ, მათ თუ არ ჰქონდათ, ჩვენ გვექნებოდა საწყობში. დაერეკა მშობელს ცხელ ხაზზე და დავაკვალიანებდით, როგორ უნდა მოქცეულიყო.

- მშობელი არ უნდა ხარჯავდეს ამდენ დროს შვილისთვის სახელმძღვანელოს მოსაპოვებლად, მაშინ, როცა სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, ყველა მოსწავლე უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოს.

- ვერ გეტყვით... სკოლა რომ გავაკონტროლო, აუცილებლად რაღაც შეტყობინება უნდა შემომივიდეს, რომ ბავშვს მისცეს სახელმძღვანელო, რომელიც ჩემი დადგენილი წესის თანახმად, არ უნდა მიეცათ. ერთ წამში გავუშვებდი მონიტორინგს და იქვე გამოასწორებდა ყველაფერს.

განათლების მინისტრის ლოგიკა დაახლოებით ასეთია - თუ მოსწავლეს სკოლაში უვარგისი წიგნები მისცეს, მშობელმა, ფაქტობრივად, რკინის ქალამნები უნდა ჩაიცვას და სკოლიდან დაწყებული, რესურსცენტრის გავლით განათლების სამინისტროთი დამთავრებული, შვილისთვის ვარგისი სახელმძღვანელოების მოპოვებას უნდა შეეცადოს.

თამარ სანიკიძე: "იმის გამო, რომ ქსელში არსებობს ვარგისი წიგნების სოლიდური მარაგი, წელს შედარებით ნაკლები სახელმძღვანელო და რვეული გვექნება დასაბეჭდი, და არა მხოლოდ დასაბეჭდი, არამედ ნაკლებს შევისყიდით გამომცემლობებისგანაც. მოგეხსენებათ, რომ გრიფირებულ სახელმძღვანელოს, რომლითაც სარგებლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ის თავად ბეჭდავს, თუმცა არის ასევე არაგრიფირებული სახელმძღვანელოები, რომელიც ასევე სავალდებულო ლიტერატურას წარმოადგენს და მათი შეძენა პირდაპირ ხდება გამომცემლებისგან. შესაბამისად, ჯამში, როგორც სახელმძღვანელოების დასაბეჭდად, ისე შესაძენად, ჩვენ 6 მილიონ ლარს დავხარჯავთ. აქედან დაახლოებით 4 მილიონი დაიხარჯება გამომცემლებისგან სახელმძღვანელოების შესაძენად (ამ ციფრების მოყვანისას ხომ არ გვაწვდის მინისტრი არასრულ ინფორმაციას, ამ სტატიის ბოლო ნაწილში გაიგებთ - ე.ტ.), დანარჩენი კი ახალი სახელმძღვანელოების ბეჭდვისთვის არის განსაზღვრული. ამჟამად გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც დასრულდება სამშაბათს (30 ივნისს) და გვეცოდინება, ვინ იქნება ახალი სახელმძღვანელოების მომწოდებელი. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო წელს ბაზრის კვლევა.

გასული ორი წლის განმავლობაში, როცა ბაზრის კვლევა ჩავატარეთ, შეკვეთის მოცულობიდან გამომდინარე, რეალურად ერთი პრეტენდენტი არსებობდა - "გაერთიანებული ქართული სტამბა" და შესაბამისად, შესყიდვა განხორციელდა გამარტივებული შესყიდვის წესით. წელს ბაზრის მოკვლევის შედეგად გამოვლინდა სხვა მოთამაშეებიც, რაც შეკვეთის მცირე მოცულობამაც განაპირობა. გამოჩნდნენ იმ ზომის სტამბები, ვისაც შეუძლია ამ შეკვეთის შესრულება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ თუნდაც შეზღუდულ ვადებში, მაგრამ ტენდერი გამოგვეცხადებინა.

რაც შეეხება სახელმძღვანელოების მდგომარეობას, უკვე ჩატარდა წიგნების ფიზიკური ინვენტარიზაცია. წელს, რადგან ჩვენ უკვე მივედით იმ ეტაპზე, რომ უნდა გამოცხადდეს ახალი გრიფირება, რაც იმას ნიშნავს, რომ I-VI კლასის სახელმძღვანელოები მომავალ წელს გვექნება სრულიად ახალი, ჩავატარეთ ფიზიკური ინვენტარიზაცია. ამის შემდეგ მოხდა სახელმძღვანელოების ერთ სივრცეში კონსოლიდაცია, სადაც მიმდინარეობს მათი გადარჩევა. ეს არის სახელმძღვანელოები, რომელსაც არა აქვს დაზიანებული ყდა, არ არის შიგნით გაკეთებული ჩანაწერები, არ არის შესრულებული ის სამუშაოები, რომელიც ფურცლის ამოჭრასთან ან მარკირებასთან არის დაკავშირებული. სკოლებში არსებობდა ასევე ნაშთები, რომელიც გათვალისწინებული იყო მობილობისთვის. შესაბამისად, მომავალ სასწავლო წელს არც ერთი მოსწავლე სახელმძღვანელოს გარეშე არ დარჩება.

- რაც შეეხება ტენდერს, ცნობილია მონაწილეების ვინაობა?

- დაახლოებით 12 პრეტენდენტი იყო ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილი და ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდა მოწოდებული თურქეთის მხარეს, რაც გამოვიყენეთ სატენდერო ღირებულებისთვის.

- თუ თურქებს ჰქონდათ ყველაზე უკეთესი პირობები, ალბათ არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მათ მიანიჭოთ უპირატესობა.

- რა თქმა უნდა, როცა ტენდერი ტარდება, თანაბარი შესაძლებლობები აქვს ყველას.

- რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან ფულის არცთუ მცირე მასა გავა, იმის მაგივრად, რომ დარჩეს ქვეყანაში და ადგილობრივ წარმოებას მოხმარდეს. ადგილობრივმა წარმოებამ კი ადამიანები დაასაქმოს, გარკვეული თანხა ბიუჯეტში შეიტანოს გადასახადების სახით.

- ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. როცა უფრო მოცულობითი შეკვეთა გვქონდა გასულ წლებში, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ფასი უფრო დაბალი იყო, ვიდრე ადგილობრივი კომპანიების მიერ შემოთავაზებული, ჩვენ გავაკეთეთ კალკულაცია და ვნახეთ, რამდენი თანხა შეიძლებოდა შესულიყო ბიუჯეტში, თუ ამ წიგნებს ადგილობრივი სტამბები დაბეჭდავდნენ, რამდენი ადამიანი დასაქმდებოდა და ა.შ. ყოველივე ამის შემდეგ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ასეთი მოცულობიდან გამომდინარე, უმჯობესი იყო ეს თანხა საქართველოში დახარჯულიყო. ახლაც პრიორიტეტია, რომ შედგეს ვაჭრობა და საქართველოში მოხდეს ამ პროექტის განხორციელება. თუმცა, როცა უკვე ტენდერს ვატარებთ, მასში რამე მექანიზმის გამოყენება იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენელს მონაწილეობა შეეზღუდოს, გამორიცხულია. რისკი არის, რომ ეს ფული საქართველოდან გავიდეს, მაგრამ ადგილობრივი მწარმოებლები ბევრნი არიან და იმედი მაქვს, არ გაუშვებენ ამ შანსს ხელიდან და ივაჭრებენ ისე, რომ ეს თანხა დარჩეს საქართველოში.

კარგი ნიადაგი "შავი ბაზრისთვის"

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ განათლების მინისტრს არ უფიქრია იმაზე, თუ რას გამოიწვევს ახალი სახელმძღვანელოების ძალიან მცირე რაოდენობით დაბეჭდვის გადაწყვეტილება ხანგრძლივ პერსპექტივაში... მერწმუნეთ, ეს უფრო ნაკლები დანაშაულია იმასთან შედარებით, მინისტრს ეს ყველაფერი რომ გაეთვალა და მაინც ასეთი გადაწყვეტილება მიეღო.

დავიწყოთ იმით, რომ რაც უნდა წარუდგინოს "საჩვენებელი" წიგნები პრესას მინისტრმა, რეალობა ცალსახად ცხადყოფს, რომ მოსწავლეები უკვე გასულ წელს სარგებლობდნენ ძველი და რაც მთავარია, გამოუსადეგარი სახელმძღვანელოებით. ეს წიგნები კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში დახვდება მათ ახალ მფლობელებს, რის შემდეგაც მშობლები იძულებული იქნებიან, შვილებისთვის დაზიანებული წიგნის სანაცვლოდ ახალი შეიძინონ. თუმცა სად იშოვიან, ეს კიდევ სხვა პრობლემაა. ჯერ ერთი, რომ გამომცემლები თავს შეიკავებენ ასეთი წიგნების დაბეჭდვისგან, რადგან არ იციან არც ზუსტად, და არც დაახლოებით, როგორი იქნება მოთხოვნა სახელმძღვანელოებზე. მეორეც, მომავალ წელს ეს წიგნები უკვე აღარ იქნება გამოყენებული სასწავლო პროგრამისთვის, რადგან ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები შემოდის, რაც დამატებითი მიზეზია ბეჭდვისგან თავშეკავებისთვის.

დეფიციტი კი ხელს მისცემს წიგნების ე.წ. "შავ ბაზარს", რომლის მოთამაშეები მყისვე გაზრდიან ფასებს იმის პროპორციულად, თუ რამდენად მაღალი იქნება მოთხოვნა და ძნელი საშოვნელი კონკრეტული წიგნი.

გამომცემლები კი ამ შემთხვევაში დროულად ვერ მოახერხებენ რეაგირებას, რადგან მოთხოვნის გაჩენის შემდეგ წიგნის ბეჭდვასა და დისტრიბუციას, სულ მცირე, 7-10 დღე მაინც სჭირდება.

მანამ, სანამ ბავშვები წიგნების გარეშე, მშობლები კი ქალაქის სხვადასხვა კუთხეში, საწყობებში, ბაზრობებსა და გადამყიდველებთან ივლიან წიგნის შოვნის იმედით, წიგნის მეკობრეები გვარიანად მოითბობენ ხელს და გრიფირებული სახელმძღვანელოების ასლების ბეჭდვას შეუდგებიან. შესაბამისად, ბაზარზე დაბალი ხარისხის და აღურიცხავი პროდუქცია გამოვა.

მოკლედ, ვითარება სრულიად უკონტროლო გახდება, რისი პროგნოზირება მარტივად შეიძლება.

არასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები ...

ახლა რაც შეეხება იმ 6 მილიონ ლარს, რომელზეც მინისტრი ბუნდოვნად საუბრობს და მცირე ჟურნალისტური მოკვლევაც კი საკმარისია იმისთვის, რომ სიმართლე დაადგინო.

განათლების სამინისტრომ ტენდერი სახელმძღვანელოებისა და რვეულების ბეჭდვაზე 26 ივნისს გამოაცხადა და 30-ში გამარჯვებული უნდა გამოაცხადოს. სატენდერო თანხა არა 2 მილიონი, არამედ 1 426 119 ლარია.

მართლაც არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ეს ტენდერი თურქულმა კომპანიამ მოიგოს და წელს ქართული სახელმძღვანელოების ის მცირე რაოდენობაც კი თურქეთში დაიბეჭდოს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დოლარში კონვერტირებული ეს 1,4 მილიონი ლარი ქვეყნიდან გავა, რაც ლარზე დაწოლას კიდევ უფრო გაზრდის და მცირე, მაგრამ დამატებით საფუძველს მისცემს გაუფასურებისთვის. კიდევ უფრო რომ გავამარტივო პრობლემათა არსი, იმ პირობებში, როცა ბიზნესის სტიმულირებისთვის სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს და ბიუჯეტიდან უამრავი თანხა იხარჯება ქართული წარმოების განვითარებისთვის, განათლების მინისტრი არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო შეკვეთა შესაძლოა თურქულმა კომპანიამ შეასრულოს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი კომპანიის ნაცვლად, უცხოური კომპანიის ბიუჯეტში შევა თანხა საქართველოს ბიუჯეტიდან, ის თავის ქვეყანაში დაასაქმებს მუშახელს და თავისი ქვეყნის ბიუჯეტში შეიტანს ფულს საქართველოს ბიუჯეტიდან წაღებული თანხებით.

... თუ კორუფციის აჩრდილი?!

ეს კიდევ არაფერი, საინტერესოა, რაში დაიხარჯება დანარჩენი თანხა მინისტრის მიერ დასახელებული 6-მილიონიანი ბიუჯეტიდან, ანუ დაახლოებით 4,6 მილიონი ლარი. როგორც თამარ სანიკიძე ამბობს, ამ ფულს გამომცემლობებისგან არაგრიფირებული, მაგრამ სასწავლო პროცესში გამოყენებული სახელმძღვანელოების შესაძენად გამოიყენებს. ჩვენ რამდენიმე ქართულ გამომცემლობას ვესაუბრეთ, მათ შორის "კლიოს", "დიოგენესა" და "შემეცნების" ხელმძღვანელებს. როგორც გვითხრეს, მათთვის სამინისტროს ასეთი მოთხოვნით არ მიუმართავს. მეტიც, "დიოგენესთვის" უკვე ცნობილია, რომ განათლების სამინისტრო მათგან წელს ფრანგული ენის სახელმძღვანელოების შესყიდვასაც კი არ აპირებს. "მივმართე განათლების სამინისტროს შეკითხვის წერილით და ვცდილობ გავარკვიო, რატომ არ ყიდულობენ ფრანგულის სახელმძღვანელოებს. მივიღე წერილი, რომ წელს შეისყიდიან მხოლოდ ინგლისური და გერმანული ენის სახელმძღვანელოებს "მაკმილანის" და "ბაკურ სულაკაურის" გამომცემლობებისგან. ჩემთვის გაუგებარია, რატომ აღმოჩნდნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ფრანგულს სწავლობენ, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში" - ამბობს "დიოგენეს" ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე.

თუ გავითვალისწინებთ საჯარო სკოლებში ინგლისური ენის შესწავლის მასშტაბებს, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რომ ზემოთ მოყვანილი 4,6 მილიონი ლარიდან განათლების სამინისტრო უდიდეს ნაწილს სწორედ ბრიტანული გამომცემლობის, "მაკმილანის" ახალი სახელმძღვანელოების შესაძენად დახარჯავს. საინტერესოა, იმ ფონზე, როცა ახალი ქართული სახელმძღვანელოების ბეჭდვის საჭიროება არ დგას, ასე მასშტაბურად რამ დააზიანა ინგლისური ენის წიგნები, რომელიც სახელმწიფოს დაახლოებით 5-ჯერ ძვირი უჯდება, ვიდრე სხვა ქართულენოვანი სახელმძღვანელოები. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდის ხარისხსა და წიგნის მოცულობაში განსხვავება პრაქტიკულად არ არის(!). თუმცა, ამ ჯერ კიდევ ამოუხსნელ ამოცანაზე არანაკლებ საინტერესო თავად "მაკმილანის" სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული ისტორიაა, რომელიც საფუძველს ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების პერიოდიდან იღებს.

მანამ, სანამ ქართველი ავტორები მოწვეულ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ან დამოუკიდებლად ინგლისური ენის სახელმძღვანელოების შედგენაზე მუშაობდნენ, მაშინდელი განათლების მინისტრი შაშკინი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა და "მაკმილანის" გამომცემლობასთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა და ქართველი ავტორები თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა. აღმოჩნდა, რომ სხვა ავტორების ნაშრომებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ სახელმძღვანელოებს საქართველოს სკოლებისთვის, კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს(?!). თუმცა ამ ყველაფერს მეტად საეჭვო გარემოება უძღოდა წინ. რამდენიმე თვით ადრე სამართალდამცველებმა შპს "კავკასიის აკადემიური ცენტრის" დამფუძნებლები დააკავეს. ოფიციალურად ეს ფაქტი ასე მოინათლა, რომ დავით ცეცხლაძე და ნიკოლოზ ბაქარაშვილი დიდი ოდენობით ქრთამს (50.000 ამერიკულ დოლარს) სთავაზობდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მაღალჩინოსანს, რათა მათ მიერ უცხოეთიდან შემოტანილი ინგლისური ენის სასკოლო სახელმძღვანელოებისთვის გრიფი მიენიჭებინათ. გარდა ქრთამისა, ისინი განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანს მოგების 33%-საც ჰპირდებოდნენ.

"კავკასიის აკადემიური ცენტრის" დამფუძნებლები ქრთამის გადაცემის ფაქტზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ისიც იყო ნათქვამი, რომ დაკავებულებმა ნახევარ მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინეს წიგნები. სხვათა შორის, სახელმძღვანელოები, რომლებსაც აღნიშნული პირები სთავაზობდნენ განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანს, კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული ძალიან მაღალი დონის წიგნებია და არაფრით ჩამოუვარდება "მაკმილანს". ძნელი წარმოსადგენია, გამოცდილ საქმოსნებს გრიფის მინიჭების იმედი რომ არ ჰქონოდათ, ასეთ შესყიდვას გარანტიის გარეშე გააკეთებდნენ(?!). ამ პირობებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ სწორედ განათლების სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა შესთავაზა მათ, ჩამოეტანათ სახელმძღვანელოები, ის კი გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ, ექსკლუზიურად გრიფის მინიჭებას ჰპირდებოდა(?!).

მოკლედ, ზედმეტი კონკურენტები ჩამოიშორეს და არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მაშინ შაშკინმა დიდი ფული იშოვა... თუმცა, "მაკმილანთან" თანამშრომლობა დღესაც გრძელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის 4,6 მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტიდან, რომელიც ჩვენი და თქვენი გადასახადებით ივსება, ქვეყნიდან გავა და უცხოური კომპანიის ანგარიშზე ჩაირიცხება. აღარ მოვყვები, დამატებით რა ეკონომიკური და სავალუტო შედეგები შეიძლება ჰქონდეს ქვეყნიდან კიდევ რამდენიმე მილიონის გასვლას, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მეტი სახელმწიფოებრივი აზროვნება გვმართებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ქვეყნის პოლიტიკას განსაზღვრავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისევე როგორც ყოფილი ხელისუფლების პირობებში, ამ ყველაფერში კორუფციის კონტურები იკვეთება.