GEM fest ქართველ და უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად - ლაინ აფის მესამე ნაწილიც ცნობილია - კვირის პალიტრა

GEM fest ქართველ და უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად - ლაინ აფის მესამე ნაწილიც ცნობილია

ანაკლიაში 30 ივლისიდან ისეთი მუსიკალური მრავალფეროვნება გელოდებათ, როგორსაც ვერც წარმოიდგენდით. 9 დღის განმავლობაში, სპეციალურად შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, კარვების ქალაქთან ერთად, სადაც კომფორტულად განთავსდებით, რამდენიმე სცენაც იქნება და მსოფლიო დონის დიჯეები გამოვლენ. ორგანიზატორებმა ელექტრონული მუსიკის ცნობილი წარმომადგენლები დაითანხმეს GEM fest-ზე გამოსასვლელად, ამისთვის კი რეკორდულად მცირე დრო, სულ რაღაც თვენახევარი ჰქონდათ.

29 ივნისს მედიასთან შეხვედრაზე, ორგანიზატორებმა კიდევ რამდენიმე მონაწილის ვინაობა გაამჟღავნეს, მათ შორის არიან ალენ ელიენი, დიჯეი ლუჩიანო და პეტრე ინსპირესკუ, რომლებიც ელექტრონულ მუსიკაში დიდი ხანია მოღვაწეობენ და ფანების მთელი არმია ჰყავთ მსოფლიოში, მათ შორის - საქართველოშიც.

ტატო ხარჩილავა, პრომოუტერი:

-    ტატო, საინტერესოა, რა მოთხოვნები აქვთ არტისტებს, გაგიჭირდათ თუ არა მათი დათანხმება?

-    ნამდვილად ძალიან მცირე დრო გვქონდა არტისტების დასათანხმებლად, მსგავსი მასშტაბის ფესტივალებზე ერთი წლით ადრე იწყებენ ხოლმე მზადებას ლაინ-აფისთვის. ჩვენ კი მონაწილეებთან მოლაპარაკება თვენახევრით ადრე გავმართეთ, თუმცა წარმატებას მივაღწიეთ. საკმაოდ დიდი გუნდი ვართ ამაში ჩართული, მე, ბიკო ბირბიჩაძე, გეგა ჯაფარიძე, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს და იქიდან გვეხმარება. მოკლედ, ჩვენი გამოცდილებითა და კონტაქტებით მოვახერხეთ ეს ყველაფერი. მასშტაბი ძალიან დიდია და მოთხოვნები არის ტექნიკური ხასიათის, რასაც ვუსრულებთ. ტექნიკურად ფესტივალი იქნება უმაღლეს დონეზე გამართული, ხმასა და განათებას ვგულისხმობ.

-    ტატო, ვიცით, რომ საკმაოდ იაფიან ბილეთებთან ერთად, არსებობს ძვირიანი პაკეტიც, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ბექსთეიჯში მოხვედრა და ვარსკვლავების გაცნობაცაა შესაძლებელი.

-    დიახ, ამას ჰქვია „დაიმონდ პასი“ და მის მფლობელს, ფასიდან გამომდინარე, უპირატესობები აქვს. ბექსთეიჯში შესვლა მისი ერთი-ერთი მომხიბვლელი ნაწილია. არტისტებთან ფოტოების გადაღება და ავტოგრაფების აღების შესაძლებლობა სწორედ ამ ბილეთის მფლობელებს ექნებათ (იღიმის).

სხვათა შორის, უცხოელებთან ერთად, ანაკლიაში ქართველი დიჯეებიც გამოდიან და არა მარტო. აქ იხილავთ ნინო ქათამაძეს და „ლაუდსპიკერს“, ასევე კიდევ ოთხ ქართულ ბენდს.

GEM-festis ოფიციალური მხარდამჭერია www.kvirispalitra.ge