რას ითვალისწინებს GEM ფესტ-სა და "სოლიდარობის ფონდს" შორის გაფორმებული მემორანდუმი - კვირის პალიტრა

რას ითვალისწინებს GEM ფესტ-სა და "სოლიდარობის ფონდს" შორის გაფორმებული მემორანდუმი

ანაკლიაში ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი დაფუძნდა. წელს პირველად GEM ფესტ, ქართველი და უცხოელი პრომოუტერების ორთვიანი მუშაობის შედეგად, მსოფლიო დონის დიჯეებს იხილავს ანაკლიაში რამდენიმე სცენაზე. იქვე იფუნქციონირებს საზაფხულო კინოთეატრიც. ფესტივალის ტერიტორიაზე მრავალი საინტერესო ღონისძიება გაიმართება, მათ შორის ქართველი არტისტების, ნინო ქათამაძის, "ლაუდსპიკერსის" და კიდევ რამდენიმე ქართული ბენდის გამოსვლებიც იქნება.

ფესტივალს ძალიან საინტერესო მიზნები აქვს და მისი უპირველესი მიზანი ქველმოქმედებას უკავშირდება. 30 ივნისს "ლისი ლაუნჯში" GEM ფესტ-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ და "სოლიდარობის ფუნდის" აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს რომლის მიხედვითაც, ფესტივალზე გაყიდული თითოეული ბილეთიდან ერთი ლარი ზემოხსენებულ ფონდში გადაირიცხება, ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22 წლის ასაკამდე პაციენტების დასახმარებლად.

მარიამ ჯაში:

-    შოუბიზნესის სფეროში ეს გახლავთ მესამე მემორანდუმი, მთლიანობაში, კერძო სექტორთან, 21-ე. ვფიქრობთ, რომ GEM ფესტ  ფინანსური რესურსების მობილიზების ყველაზე დიდ შესაძლებლობას მოგვცემს. კომპანია "ეპიკური ქვა", ამ ფესტივალის გარდა, სხვა ღონისძიებებსაც გეგმავს წლის განმავლობაში და ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობას გეგმავს. ჩვენი პარტნიორობა მრავალჯერადია და თითოეული რეალიზებული ბილეთიდან ლარის გადმორიცხვას გულისხმობს. მსგავსი დონაციებისთვის ერთი ლარის შეწირვა არის არსებითი, ვინაიდან ბილეთებიდან შემოწირვას იწყებენ 10 თეთრით და ესეც მნიშვნელოვანია ხოლმე ჩვენთვის, ერთი ლარი კი გვაძლევს საშუალებას, საკმაოდ სოლიდური თანხა დაგროვდეს ფონდის საქმიანობისთვის.

გიორგი სიგუა:

-    მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ლარი თითო ბილეთიდან ჯერჯერობით ყველაზე დიდი შენატანია მათი ფონდის ანგარიშზე.

-    ჩვენ გვინდა, რომ ჩვენ მიერ გაღებული სახსრები, რაც ბავშვების მკურნალობას მოხმარდება, იყოს არსებითი და არა სიმბოლური. გვინდა ვთქვათ, რომ თუნდაც ერთი ბავშვი გადავარჩინეთ. იმის გათვალისწინებით, თუ რა ტემპებით იყიდება ჩვენი ბილეთები და რამდენი ადამიანის დასწრებას ველოდებით, შესაძლოა ითქვას, რომ სოლიდური თანხა შეგროვდება არა მხოლოდ ერთი, არამედ მეტი ბავშვის დასახმარებლად.

-    ძალიან დემოკრატიული ფასები გაქვთ ბილეთებზე.

-    ნამდვილად ასეა, ვინაიდან ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მოგებაზე, არამედ იმაზე, რომ შეიქმნას და ჩამოყალიბდეს ახალი ქართული ბრენდი. დღეისთვის 9-დღიანი მულტიპასის ღირებულება 150 ლარია, სტუდენტებისთვის - 100 ლარი. ჩვენს ტერიტორიაზე, ანაკლიაში, ძალიან ხელმისაწვდომი ფასები იქნება. განსაზღვრული ასევე უფასო იქნება მგზავრობა ანაკლიამდე, ქუთაისიდან, თბილისიდან და ბათუმიდან ავტობუსებით. თბილისი-ქუთაისის ბრენდირებული მატარებელიც ივლის (იღიმის).

GEM-ფესტ-ის ოფიციალური მხარდამჭერია www.kvirispalitra.ge