მართალი და მტყუანი სექტემბერში გამოჩნდება
06-07-2015
მართალი და მტყუანი სექტემბერში გამოჩნდება
რეალურად სახელმძღვანელოების ფასი  იქნება  იმდენად  დიდი,  როგორც არასდროს"

"აღდგომა და ხვალეო" - სწორედ ეს ანდაზა გამახსენდა, როცა ჩემი სტატიის საპასუხოდ განათლების სამინისტროს განცხადებას გავეცანი. შეგახსენებთ, რომ პუბლიკაციაში "ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს", საუბარი იმაზე იყო, რომ წლეულს განათლების სამინისტრო ახალ ქართულენოვან სახელმძღვანელოებს პრაქტიკულად არ ბეჭდავს. შესაბამისად, ეს გამოიწვევს იმას, რომ სკოლის მოსწავლეებს ძველი და ზოგჯერ დაზიანებული წიგნებით მოუწევთ სწავლა. ასეთ შემთხვევაში მშობლებს შვილებისთვის ახალი სახელმძღვანელოების შეძენა მოუხდებათ. ახალ სახელმძღვანელოებს კი
არც განათლების სამინისტრო ბეჭდავს და არც გამომცემლები გარისკავენ, რადგან მოთხოვნის პროგნოზირება ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამ ვითარებაში წიგნების "შავი ბაზრის" მონაწილეები მოითბობენ ხელს და შვილების სწავლა-განათლებით შეწუხებული მშობლების ხარჯზე კარგ შემოსავალსაც მიიღებენ. სამწუხაროა, რომ განათლების სამინისტრო არ ან ვერ აცნობიერებს ასეთ საფრთხეებს, თუმცა სექტემბერი სულ რაღაც
ორ თვეში დადგება და გამოჩნდება, ვინ არის მართალი.

განათლების სამინისტრო თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ "ნებისმიერი ინფორმაციის გაცემისთვის ღია და გახსნილია". შესაბამისად, მათი ეს შეთავაზება ხელიდან არ გავუშვი და აქამდე უცნობი რამდენიმე დოკუმენტი გამოვითხოვე, რაც ბევრ საინტერესო გარემოებას მოჰფენს ნათელს. ჯერჯერობით სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაცია არ მიმიღია, თუმცა მივიღე წერილი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან, სადაც ნათქვამია, რომ ჩემ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მოცულობიდან გამომდინარე, მისი მოძიება-დამუშავებისთვის შესაძლებელია 10-დღიანი ვადა დასჭირდეთ. სანამ განათლების სამინისტრო და მისი სსიპ-ი გამოთხოვილ ინფორმაციას მოიძიებს და გადაამუშავებს, გვინდა, კიდევ ერთხელ დავეხმაროთ სახელმწიფო უწყებას, გააცნობიეროს რეალობა და მოსალოდნელი საფრთხე და იმ ადამიანებს­ მოუსმინოს, ვისაც მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უშუალოდ ეხება.
მივყვეთ თანამიმდევრობით:

განათლების სამინისტროს გარდა, ჩვენი პუბლიკაცია მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმაც წაიკითხეს და კომენტარების სახით თავიანთი მოსაზრებები მოგვწერეს:
"ძველი წიგნით როგორ უნდა ისწავლონ? ეს სახელმძღვანელოები ნაწილობრივ რვეულის ფუნქციასაც ასრულებს და ბავშვები წიგნშივე მუშაობენ. ვის რად უნდა ნამუშევარი წიგნები?"
"ყველაფერი დაანგრიეს და გააფუჭეს, წლეულს პირველ კლასში შედის ჩემი შვილი და ამიხსნის ვინმე, რატომ უნდა ისწავლოს სხვისი ნახმარი წიგნებით? ამისთვის ვიხდი გადასახადებს? მაინტერესებს, თვითონ თუ ასწავლიან თავიანთ შვილებს სხვისი წიგნებით? ან რას ნიშნავს ეგ, საერთოდ, იციან?"

"ნახმარ წიგნებზე არა გვაქვს პრეტენზია, მაგრამ რატომ იბეჭდება საზღვარგარეთ? აქ არ არის სტამბები? იმ გამომცემლებზე არ არის ლაპარაკი, სპეციალურად სახელმძღვანელოების დასაბეჭდად რომ შეიქმნა" (ინგლისური ენის სახელმძღვანელოებს სამინისტრო ბრიტანული გამომცემლობა "მაკმილანისგან" ყიდულობს და მათი შეძენა რამდენჯერმე უფრო ძვირი უჯდება ბიუჯეტს, ვიდრე თუნდაც საქართველოში შექმნილი და ქართველ მოსწავლეებზე ადაპტირებული სახელმძღვანელოების დაბეჭდვა დაუჯდებოდა. - ე.ტ.).
"ჩემს შვილებს გასულ წელს ორი თვის განმავლობაში არ ჰქონდათ ინგლისური ენის სახელმძღვანელო. როგორც სკოლაში გვეუბნებოდნენ, საკმარისი რაოდენობის წიგნი არ ჰქონდათ. განათლების სამინისტრო "მაკმილანისგან" ელოდებოდა ინგლისური ენის სახელმძღვანელოებს, შეკვეთა კი იგვიანებდა. იძულებული გავხდი, ორივე შვილისთვის მეყიდა წიგნების კომპლექტი და ჯამში დაახლოებით 40 ლარი გადავიხადე. წიგნები ბავშვებს მხოლოდ დეკემბერში დაურიგეს".

"ძველი სახელმძღვანელოებით სარგებლობისას ჩემს ორივე შვილს ალერგიული რეაქცია ჰქონდა, რის გამოც ახალი წიგნების შეძენა მიხდებოდა".

მარიკა გოქსაძე, ბავშვთა ფსიქოლოგი: "ბუნებრივია, ძველი წიგნები მოსწავლეების, განსაკუთრებით კი, პირველკლასელების ფსიქიკაზე განსაზღვრულ გავლენას ახდენს, თუმცა ამ შემთხვევაში კიდევ ერთ ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება: მოგეხსენებათ,
პირველკლასელებს მეორად წიგნებთან ერთად ე.წ. ბუკებსაც ურიგებენ. როგორ ფიქრობთ, იმ ფონზე, როდესაც დღევანდელ თაობას კომპიუტერთან ურთიერთობა ისედაც განსაკუთრებულად იზიდავს, ორ ალტერნატივას - მეორად წიგნსა და ბუკს შორის აქცენტს რომელზე გააკეთებს? რასაკვირველია, ბუკზე, წიგნთან ურთიერთობის სურვილი კი ნაკლებად ექნება.

არადა, დღეს ბავშვებში წიგნთან ურთიერთობის ხალისი ისედაც მკვეთრად შემცირებულია და მათთვის ძველი წიგნების მიწოდება ამ პროცესს ხელს კიდევ უფრო შეუწყობს. ბუნებრივია, არ ვამბობ, რომ ახალი წიგნები მოსწავლეებში კითხვის მიმართ ინტერესს ავტომატურად გააღვივებს, თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მეორადი წიგნი ბავშვის ფსიქიკაში ზოგადად წიგნის მიმართ დამოკიდებულებას აბსოლუტურად მეორეხარისხოვანს გახდის! ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანის ცხოვრებას საძირკველი სწორედ პირველ კლასებში ეყრება - თუ პატარას წიგნთან ურთიერთობა თავიდანვე არ მოეწონება, ის აუცილებლად მიეჯაჭვება კომპიუტერს, რაც თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს.

არც ისე დიდი ხნის წინ კაცობრიობის­თვის ნარკომანია და ალკოჰოლიზმი მეათე­ხარისხოვანი პრობლემა გახლდათ. ქართველებიც ალკოჰოლისადმი მიდრეკილების გამო რუსებს დავცინოდით, თუმცა დღეს ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს. მერწმუნეთ, მალე ასეთივე განგაში კომპიუტერულ დამოკიდებულებაზეც ატყდება. ამიტომ, თუ ამ პროცესის პრევენციას ვერ ვახერხებთ, მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ბავშვებში კომპიუტერისადმი სიყვარულს მაინც არ შევუწყოთ ხელი. მოსწავლეებს კომპიუტერი, ინფორმაციის სწრაფად მოპოვებასთან ერთად, არარეალურ სამყაროში ცხოვრებასაც აჩვევს, რაც, როგორც წესი, ზრდასრულ ასაკში რეალურ ცხოვრებაში იჩენს თავს. ბავშვს, რომელიც თავიდანვე კომპიუტერთან ურთიერთობას ეჩვევა, ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობის მცირე გამოცდილების გამო, გარემოსთან ადაპტაციის პრობლემები ექმნება. ასე რომ, ეს მარტივი საკითხი არ გახლავთ და მის ყველა რგოლს შორის ლოგიკური კავშირია.

მეორად წიგნთან ურთიერთობით პირველკლასელებში პასუხისმგებლობის უნარიც ქვეითდება. თუ მასწავლებელი ბავშვებს მიუთითებს, რომ წიგნს უნდა მოუფრთხილდნენ და ის არ უნდა დაჩხაპნონ, მოსწავლე ამ პასუხისმგებლობას აუცილებლად აიცილებს თავიდან და მარტივ გამოსავალს იპოვის - წიგნი მან კი არა, მისმა წინა მფლობელმა გააფუჭა.

ბუნებრივია, მსგავსი დამოკიდებულება პატარებს ჩვევად უყალიბდებათ.
აღარ გადაგღლით იმაზე საუბრით, რამდენად იციან წიგნებთან მოპყრობა პატარებმა და დაავადების სანიტარიული ნორმების თვალსაზრისით, რამდენად სასურველია, რომ ერთი წიგნით წლების განმავლობაში რამდენიმე ბავშვმა ისარგებლოს".

მარიამ რამინაშვილი, "საგანმანათლებლო ალიანსის" თავმჯდომარე: "სასკოლო სახელმძღვანელოების მხოლოდ 10% შეიცვლება წლეულს ახლით, დანარჩენი კი იქნება მეორე და მესამეწლიანი მოხმარებისთვის, რაც გულისხმობს, რომ მშობლები აუცილებლად ეცდებიან, შვილებისთვის ახალი წიგნები შეიძინონ. თუმცა სახელმძღვანელოების ფასზე კონტროლი არ იქნება და სავარაუდოდ, გაიზრდება და არავინ იცის, როგორ განისაზღვრება. რეალურად კი სახელმძღვანელოების ფასი იქნება იმდენად დიდი, როგორც არასდროს. განათლების სამინისტრო ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფარგლებში მოქმედებს, თუმცა არსებულ აუცილებლობებსა და საჭიროებებს ვერ არგებს საკუთარ გათვლებს, რასაც ხმამაღლა არ ამბობს".

P.S. იმედი მაქვს, რომ განათლების სამინისტრო არ დააყოვნებს და დროულად მომაწვდის გამოთხოვილ ინფორმაციას, რის საფუძველზეც გაირკვევა საინტერესო და ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი დეტალები. მათ შორის ის, თუ რა უჯდება განათლების სამინისტროს საზღვარგარეთ დაბეჭდილი ბრიტანული გამომცემლობის წიგნების შეძენა.

დალი
23 ივლისი 2015 12:50
ძველი წიგნების გამოყენება შეიძლება მაღალ კლასებში, მაგრამ გაუმართლებლად მიმაჩნია პირველ კლაში გამოვიყენოთ ძველი წიგნები.ბავშვები, რომლებიც პირველად მიდიან სკოლაში,ყველაფერთან ერტად მათზე ცუდათ აისახება ის,რომ ახალი სახელმძღვანელოების მაგივრად დაურიგდეთ ძველი ეს გაუქრობთ მოტივაციას.

რედაქტორის რჩევით