ბერძნულ "ცეცხლში" მოყოლილი ქართველები - კვირის პალიტრა

ბერძნულ "ცეცხლში" მოყოლილი ქართველები

"საბერძნეთი ევროპიდან რომ გავიდეს, დაიშლება?!"

საბერძნეთისთვის გასული კვირა უმძიმესი აღმოჩნდა. ქვეყანა, რომელიც 10 წლის წინ ევროპაში განვითარების ყველაზე სწრაფი ტემპებით გამოირჩეოდა, დეფოლტის ზღვარზე დგას. საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი დათქმულ დროში ვერ გადაუხადა, რაც ნიშნავს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა საერთაშორისო კრედიტორებისგან ვერ მიიღებს, ფაქტობრივად, ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან 7,2 მილიარდ ევროს, რომელიც გაყინულია, სანამ ბერძნები მკაცრ ეკონომიკურ რეფორმებს არ დათანხმდებიან. ახლა ყველაფერს რეფერენდუმის პასუხი გადაწყვეტს, ბერძნები ან "კის" ეტყვიან ევროზონის შეთავაზებას, "არას" შემთხვევაში შეიძლება მისი დატოვებაც კი მოუხდეთ.

ყველა ბანკი საბერძნეთში ერთი კვირით, 7 ივლისამდე დაიხურა. ბანკების დახურვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მოსახლეობამ შექმნილი პანიკის გამო დიდი რაოდენობით თანხა გაიტანა. დაწესდა შეზღუდვები ბანკომატებიდან თანხის გატანაზეც - ლიმიტი 60 ევროს ოდენობით. ამის გამო ბანკებთან უზარმაზარი რიგები დადგა.

ბოლო კვირაში საბერძნეთის სასტუმროებში ტურისტების რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში თითქმის 50 ათასით შემცირდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ფინანსურ კრიზისს მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები დაერთო.

ხალხის აზრი თითქმის თანაბრად გაიყო - ნაწილი თანახმაა, ქამრები შემოიჭიროს და ევროპის პირობებს დათანხმდეს, ნაწილს კი არ სურს ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმები, თუნდაც ეს ევროკავშირის დატოვების ფასად დაუჯდეს.

საბერძნეთში დაახლოებით 150 ათასი ქართველი ცხოვრობს, მუშაობს და იქ გამომუშავებული ფულით საქართველოში მყოფ ოჯახებს არჩენს. ამას საბერძნეთიდან გადმორიცხული თანხებიც ცხადყოფს, რომელიც მოცულობით რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.

ქართველების ნაწილი საბერძნეთში არალეგალურად იმყოფება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ამ ვითარებაში მათი იქ ყოფნის პირობებს, თუნდაც შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

გასულ კვირას ქართულ დიასპორასთან შესახვედრად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ გურგენიძეც კი ჩავიდა. საბერძნეთისთვის მთელი ამ მძიმე კვირის განმავლობაში კავშირი გვქონდა საბერძნეთში მყოფ ქართველებთან და მათგან ინფორმაციას თითქმის ყოველდღიურად ვიღებდით.

ნანა სიმონია: "ათენში მყოფი ქართველები ძალიან ნერვიულობენ. მეც და ჩემ გარშემო მყოფი ქართველების უმეტესობას გასული თვის ჯამაგირი ჯერაც არ აგვიღია. ბანკომატებთან ხალხმრავალი რიგებია, მაგრამ 60 ევროზე მეტს არ გასცემენ. ამ რიგებში მეტწილად საშუალო და დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები დგანან, ვისაც პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენა სურთ. ფასები არ გაზრდილა, მაგრამ აუცილებელი მოხმარების პროდუქტებზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება, რადგან ხალხი მარაგების გაკეთებას ცდილობს. საზოგადოება, ფაქტობრივად, ორად არის გაყოფილი. ერთ დღეს ქუჩაში გამოდის ხალხი, ვისაც ევროპა სურს, მეორე დღეს კი პირიქით, ევროპის მოთხოვნების მოწინააღმდეგეები გამოდიან".

ქეთი ჯიბლაძე: "თვითნასწავლი მხატვარი ვარ, 1992 წლიდან საბერძნეთში ვცხოვრობ. ქალაქ კალამატის სანაპიროზე პორტრეტებს ვხატავ ივნისიდან სექტემბრამდე. სამწუხაროდ, ახლა ყველა შეშინებული ვართ, რადგან არ ვიცით, რა იქნება ხვალ. მე პირადად იმას ვხედავ, რომ ხალხს ევროპიდან წასვლა არ სურს. ამწუთას მძიმე ვითარებაა, რაც საბერძნეთის ბანკების გაკოტრებაზე მიგვითითებს. ვისაც ფული ჰქონდა, უცხოეთში გადაიტანა. ბოლოს დაახლოებით 38 მილიარდი ევრო გაუტანიათ. ვისაც ცოტა ჰქონდა, სად წაიღებდა? პენსიებს და ხელფასებს, რაც ბანკებიდან უნდა აეღო ხალხს, ვერ იღებენ. ყველგან შიშმა დაისადგურა, პირველადი საჭიროების გარდა, ფულს არ ხარჯავენ.

ტურისტებმა საბერძნეთისკენ ბილეთები გააუქმეს, ჩვენ, ვისაც სეზონური სამუშაო გვქონდა, ამ ვითარებაში, ფაქტობრივად, გავჩერდით.

რაც შეეხება ქართველ ემიგრანტებს, ემიგრანტი ხომ ბერძნის შემოსავალზეა დამოკიდებული? მოკლედ, საგანგაშო მდგომარეობაა. საბერძნეთი ევროპიდან რომ გავიდეს, დაიშლება - თრაკიას, მაკედონიის რაიონებსა და უამრავ კუნძულს დაკარგავს".

ოთო ფერაძე: "13 წელია საბერძნეთში ვარ. სასწავლებლად 17 წლისა ჩამოვედი და დავრჩი. ვსწავლობდი ინფორმატიკას ათენის ეკონომიკურ უნივერსიტეტში. პარალელურად ვმუშაობდი, როგორც ყველა ემიგრანტი - მშენებლობებზეც, მოტოციკლით "დილივერად", სხვა "შავ სამუშაოზე", შემდეგ კი სარეკლამო სააგენტოში ვებდიზაინერად. ახლა ბერძნებთან ერთად საკუთარი კომპანია მაქვს. საქართველოშიც მაქვს ფირმა და აქედან სხვადასხვა კლიენტს ვემსახურები. საბერძნეთში კრიზისი 2008 წლიდან დაიწყო. სიმართლე რომ გითხრათ, დღემდე მოსახლეობაზე კრიზისს *დიდი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა გადასახადები გაიზარდა, მათ შორის ქონების, მოგებისა და დამატებული ღირებულების. კომპანიებმაც შეამცირეს ხარჯები. მე სარეკლამო სფეროში ვმუშაობ და შემიძლია გითხრათ, რომ დამკვეთებმა სარეკლამო ხარჯები, ფაქტობრივად, გაანახევრეს. ბევრ სფეროში, გაყიდვების შემცირების გამო, ფასებიც შემცირდა. უამრავი მაღაზია დაიკეტა. მაგალითად, ადრე თუ ათენში ზღვის ნაპირას ფართის შოვნა შეუძლებელი იყო, დღეს ყოველი მეორე ფართი ქირავდება. ხელფასებიც შემცირდა დაახლოებით 20-30%-ით. რადგან სამუშაო ადგილები შემცირდა და შრომის ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა, ბიზნესმა ეს გამოიყენა და კრიზისით სპეკულაცია დაიწყო, რათა დაბალი ანაზღაურება გადაეხადა დაქირავებულისთვის. ასეთ პირობებში ემიგრანტები ძალიან დაზარალდნენ. 2008 წლის შემდეგ ქვეყანაში მშენებლობა, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს. ამან ყველაზე მეტად მამაკაცები დააზარალა. ამიტომ ემიგრანტი მამაკაცების დაახლოებით 80%-მა საბერძნეთი დატოვა. ქალებმა ასე თუ ისე შეინარჩუნეს სამსახური, თუმცა შემცირებული ხელფასით.

ბერძნების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს კრიზისი ხელოვნურად არის გამოწვეული მათ მიერ, ვინც ფული ასესხა და არ სურთ რეფორმების გატარება, რომელსაც ევროჯგუფი მათგან მოითხოვს. მიაჩნიათ, რომ ეკონომიკურ ომში არიან და მათი ვალები არაპრაგმატულია, ხელოვნურია და ის მათ კეთილდღეობას არ მოხმარებია. შესაბამისად, მათ, ვინც ასე ფიქრობს, ევროკავშირიდან გასვლა და დრაქმას დაბრუნება სურთ".

ლია წიქარიშვილი: "ბანკები კი დაკეტილია, მაგრამ ემიგრანტების დიდი ნაწილი ხელფასს ხელზე ვიღებთ. ხელფასები ახლა არ შემცირებულა, დიდი ხანია ეს პროცესი დაიწყო. უმეტესობას ბანკიდან თანხა გამოტანილი აქვს და ჯერჯერობით ხელფასის გადახდის პრობლემა არც მე და არც ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს არ შეგვქმნია. კრიზისი რომ გაგრძელდეს კიდეც, მაინც არა მგონია, სამსახურიდან დაგვითხოვონ, ბერძნები 5 წუთით არ ჩერდებიან მშობლებთან, მოეფერონ და გაესაუბრონ. მოხუცებს კი მოვლა სჭირდებათ".

ბადრი გოგოხია: "საბერძნეთში, ქალაქ ორესტიდაში ვცხოვრობ, რომელიც თურქეთისა და ბულგარეთის საზღვართან მეზობლობს. საბერძნეთი ჰგავს შეშინებულ და დადარაჯებულ მხეცს, რომელიც შეტევას ელის. რა თქმა უნდა, დამთმობი არ არის, რადგან კურდღელი ნამდვილად არაა!"