სტიქია და საბერძნეთის კრიზისი უძრავი ქონების ბაზარს ერთად უტევენ - კვირის პალიტრა

სტიქია და საბერძნეთის კრიზისი უძრავი ქონების ბაზარს ერთად უტევენ

უძრავი ქონების ექსპერტები ფიქრობენ, რომ სოფელ ახალდაბაში, ვერეს ხეობასა და "მზიურის" მიმდებარედ, უძრავი ქონების ფასები, შესაძლოა, 20-30%-ით შემცირდეს

ივნისის სტიქიის შემდეგ ერთი თვე გავიდა, მაგრამ სტიქიის ზონაში კვლავაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჯერ კიდევ უცნობია, როდის დაიწყება დაზიანებული შენობებისა და გზის მონაკვეთების აღდგენა. მერიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე პროექტებზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მდინარე ვერეზე გვირაბის ნაცვლად ხიდი აშენდება. წყნეთის ქუჩის დასაცავად კი სპეციალისტები სპეციალურ გვირაბს აშენებენ. რაც შეეხება ახალ გზას, მერიის გათვლებით, ის სექტემბრამდე უნდა აღდგეს.

წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე კი გასულ კვირას კიდევ ერთი მეწყერი ჩამოწვა. არაერთი გააქტიურებული მეწყრული უბნის გამო, თბილისთან მდებარე მანამდე პრესტიჟულ სააგარაკო დასახლებებს, როგორც დამსვენებლებისთვის, ასევე მყიდველისთვის, მიმზიდველობა დააკლდა.

უძრავი ქონების ექსპერტები ფიქრობენ, რომ სოფელ ახალდაბაში, ვერეს ხეობასა და "მზიურის" მიმდებარედ, უძრავი ქონების ფასები, შესაძლოა, 20-30%-ით შემცირდეს. "ვფიქრობ, ერთი წლის განმავლობაში, სანამ გაირკვევა, რა ზომებს მიმართავენ სტიქიის ზონებსა თუ მიმდებარე ტერიტორიებზე, მომხმარებელი თავს შეიკავებს ამ ადგილებში უძრავი ქონების შეძენისგან, მშენებლობისგან ან თუნდაც დაქირავებისგან. ვფიქრობ, ამ ერთი წლის განმავლობაში სტიქიის ზონაში, იქ, სადაც ინფრასტრუქტურა და მათ შორის გზები დაზიანდა, უძრავი ქონება შესაძლოა 20-30%-ით გაიაფდეს", - ამბობს "ერდო ჯგუფის" ხელმძღვანელი, გურამ ფალავანდიშვილი.

სტიქიის გარდა, უძრავი ქონების ბაზარი კიდევ ერთი უსიამოვნო გარემოების წინაშე აღმოჩნდა. საბერძნეთის კრიზისმა საფრთხის წინაშე დააყენა ამ ქვეყნიდან საქართველოში ფულადი გზავნილები.

"გზავნილების ყველაზე დიდი წილი რუსეთიდან და საბერძნეთიდან შემოდის. ორივე ქვეყანაში ძალიან რთული სიტუაციაა, გზავნილების ნაკადი მკვეთრად შემცირდა. ემიგრანტების დიდი ნაწილი ბინებს შემოსავლების დადასტურების გარეშე ყიდულობს: ბინის ღირებულების 20-25%-ს წინასწარ ფარავენ, შემდეგ ამ ბინას ბანკში ჩადებენ და ყოველთვიურად პროცენტს იხდიან. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუკი ყოველთვიურად თანხას ვერ გამოგზავნის და კრედიტს ვერ დაფარავს? თავის მხრივ, ბანკები არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ხოლო მომხმარებელმა, შესაძლოა, ბინა დაკარგოს. ამდენად, საბერძნეთის კრიზისი პირდაპირ კავშირშია ჩვენს ბაზართან", - ასეთია საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის, Colliers International Georgia-ს კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით.

ირაკლი როსტომაშვილი, მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე: "ვერეს ხეობაში, უშუალოდ სტიქიის ზონაში, კორპუსის მშენებლობაც მიდიოდა და ბუნებრივია, მენაშენეს დიდი პრობლემები შეექმნება როგორც მშენებლობასთან, ასევე გაყიდვასთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, ამ ზონებში მომხდარმა სტიქიამ თბილისისა და მისი შემოგარენის სხვა ტერიტორიებზე წაახალისოს უძრავი ქონების გაყიდვა.

ვისაც ბინის შეძენა გადაწყვეტილი ჰქონდა, აღარ შეიძენს იქ, სადაც რისკი არსებობს და უფრო უსაფრთხო ადგილს შეარჩევენ.

კატეგორიულად ვეწინააღმდეგები საცხოვრებელი სახლების აშენებას ვერეს ხეობაში. აქ უნდა მოეწყოს სარეკრეაციო ზონა. მეტიც, შესაძლოა, გაკეთდეს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები, მცირე კაფეები, სპორტული მოედნებიც. ვგულისხმობ არაკაპიტალურ შენობებს. რაც შეეხება უძრავ ქონებას "მზიურის" მიმდებარედ, აქ ეს პრობლემა არ დგას, რადგან იმ დონემდე თუ ამოვიდა წყალი, რომ "მზიურის" ზედა ნიშნულებზე დაგუბდა, ჩათვალეთ, რომ პლეხანოვი აღარ გვექნება.

რაც შეეხება საბერძნეთის თემას, ახალმშენებლობების ყველაზე დიდი წილი უცხოეთიდან გადმორიცხვებზე მოდის, მაგრამ მათ შორის ყველაზე მცირეა საბერძნეთში მყოფი ქართველების წილი. საბერძნეთში, თურქეთსა და იტალიაში ქართველები ძირითადად თავის სარჩენად არიან წასული და იმდენს ვერ გამოიმუშავებენ, რომ ოჯახიც არჩინონ და უძრავი ქონებაც შეიძინონ.

უძრავი ქონების ბაზარზე შესყიდვები ძირითადად რუსეთში, ამერიკასა და კანადაში მყოფ ქართველ ემიგრანტებზე მოდის".