საბიუჯეტო ჯაზი
13-07-2015
საბიუჯეტო ჯაზი
კულტურის სამინისტროსგან ყველაზე მეტ დაფინანსებას სწორედ ის კომპანია იღებს, ვისაც ცოტა ხნის წინ თავად მინისტრი ხელმძღვანელობდა

ინფორმაციის თავისუფლე­ბისა და განვითარების­ ინსტიტუტი (IDFI) აქვე­ყნებს­ ბოლო ერთ წელიწადში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ღონისძიებების ნუსხასა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი თანხების მოცულობას. 2014 წლის აპრილიდან 2015 წლის მარტამდე სამინისტრომ 7 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, აქედან ყველაზე მეტი კი ჯაზფესტივალების მოსაწყობად კომპანია "ისთერნ პრომოუშენმა" მიიღო, რომლის დირექტორი და დამფუძნებელი თავის დროზე კულტურის
ამჟამინდელი მინისტრი იყო. თვალში საცემია ისიც, რომ სამინისტროსგან დაფინანსება მიიღო ახლად შექმნილმა „"სიტი ფესტივალმა" - კომპანია დაფინანსების მიღებამდე ერთი თვით ადრე დაფუძნდა.

IDFI-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 7.410.636,54 ლარიდან სამინისტრომ ყველაზე დიდი თანხა - 4.053.062,15 ლარი კულტურული ღონისძიებების (ფესტივალი, სპექტაკლი, გამოფენა, კონცერტი) დაფინანსებისთვის გამოყო.
სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების ფინანსური მხარდაჭერისთვის, მათ შორის საზღვარგარეთ სწავლისთვის, საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში (ვორკშოპები, გამოფენები, კონკურსები) მონაწილეობისთვის გაწეულმა ხარჯებმა 1.309.428,51 ლარი შეადგინა. ყველაზე მცირე დაფინანსება გამოცემების, თარგმანებისა და ბეჭდვისთვის გამოიყო.

"2014 წლის 1-ლი აპრილიდან 2015 წლის მარტამდე დაფინანსებული პროექტებიდან
ყველაზე მაღალბიუჯეტიანი პროექტების სიაში ლიდერობს ჯაზფესტივალები, რომლის ორგანიზებისთვის შპს "ისთერნ პრომოუშენს" 1.003.984 ლარი გადაერიცხა (400.839 ლარი 2014 წელს თბილისის ჯაზფესტივალისთვის, 603.145 ლარი - 2015 წლის ბათუმის ჯაზ­ფესტივალისთვის).

საინტერესოა, რომ ამჟამინდელი კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მინისტრის თანამდებობამდე გახლდათ შპს "ისთერნ პრომოუშენის" დირექტორი. მაღალბიუჯეტიანი ღონისძიების სიაში გახლავთ „"სითი ფესტივალის"“ (კომპანია დაფუძნდა 2015 წლის 2 თებერვალს, ხოლო სამინისტროსგან დაფინანსება პროექტის თაობაზე მიიღო 2015 წლის 2 მარტს) მიერ ორგანიზებული "სითი საუნდი" 364.741 ლარით.

კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტროს მხარდაჭერით პროექტ "სითი საუნდის" ფარგლებში ეწყობა ფესტივალი "4GB" და ელექტრონული მუსიკის ვორკშოპების სერია. როგორც განცხადებიდან ირკვევა, "სითი ფესტივალი" სამინისტროსთან ერთად ახორციელებს ელექტრონული მუსიკის ივენთებისა და ვორკშოპების სერიას და წლის განმავლობაში 6 დიდი ღონისძიება გაიმართება", - ნათქვამია IDFI-ის კვლევაში.

ტენდერებამდე ცოტა ხნით ადრე კომპანიების შექმნის პრაქტიკა აპრობირებული მეთოდი იყო წინა ხელისუფლების პირობებში. ამის თვალსაჩინო მაგალითია თუნდაც ე.წ. ყვითელი "მარშრუტკების" ტენდერი, როცა თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ექსკლუზიური უფლება საგანგებოდ ამისთვის შექმნილმა სამმა კომპანიამ მოიგო და მალევე ერთ ორგანიზაციად გაერთიანდა. უცნაურია, რომ მსგავსი შემთხვევები დღესაც ხდება. საჯარო რეესტრის თანახმად, ამ კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი გიორგი ჭუბაბრიაა.
"ისთერნ პრომოუშენი" ყოფილი ხელისუფლების პირობებში ფავორიტ კომპანიებს შორის სახელდებოდა და მის სახელს უკავშირდებოდა ქვეყანაში მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებების ორგანიზება, რისთვისაც კომპანია ბიუჯეტიდან სოლიდურ დაფინანსებასაც იღებდა.

როგორც ჩანს, ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება და "ისთერნ პრომოუშენი", რომელსაც ჯაზფესტივალების ორგანიზების სფეროში ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტი, ფაქტობრივად, არ ჰყავს, მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც სოლიდურ საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს. თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, რომელიც კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს წლევანდელ მარტში აქვს შევსებული, მისი მონაწილეობა "ისთერნ პრომოუშენში" პარტნიორის რანგში 2014 წლის აგვისტოში მთავრდება, თუმცა, სულ ცოტა, უხერხულობას ქმნის ის ფაქტი, რომ ყველაზე მეტ დაფინანსებას სამინისტროსგან სწორედ ის კომპანია იღებს, ვისაც ცოტა ხნის წინ თავად მინისტრი ხელმძღვანელობდა. აღარაფერს ვამბობ ინტერესთა კონფლიქტზე, რომელიც თუნდაც მაშინ შეიძლება წარმოიშვას, როცა თავისივე დაფუძნებული კომპანიის დაფინანსების საკითხს მინისტრი შესაბამის კომისიაზე განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ "ისთერნ პრომოუშენის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მარკეტინგის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი კახი კანდელაკი ამჟამად მინისტრის პირველი მოადგილეა და მინისტრთან ერთად იმ კომისიის შემადგენლობაში შედის, რომელიც ამა თუ იმ პროექტთან დაკავშირებით საბიუჯეტო დაფინანსების გადაწყვეტილებს იღებას.

ივეტა გოგავა, IDFI-ის მკვლევარი: "ამჟამად კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი არ იმყოფება არც ერთ თანამდებობაზე "ისთერნ პრომოუშენში", მან გასული წლის 5 აგვისტოს გადაუფორმა თავისი წილი კომპანიის სხვა მფლობელებს.­ რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, "ისთერნ პრომოუშენი" მანამდეც, წინა ხელისუფლების პირობებშიც ფინანსდებოდა და ვფიქრობთ, მიხეილ გიორგაძის მინისტრობასთან ამას კავშირი არ აქვს. ჯაზფესტივალები ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული პროექტები იყო ყველა მთავრობის პირობებში. შედარებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ფინანსდება უფრო მეტი რაოდენობის და შედარებით მცირე ღირებულების პროექტები, მაშინ როცა წინა წლებში უფრო ნაკლები და ძვირად ღირებული პროექტების დაფინანსება ხდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან".

კახი კანდელაკი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე:
"მაგ მონაცემებში ის არ წერია, რომ სანამ ჩვენ მივიდოდით სამინისტროში, მანამდეც იმავე თანხით აფინანსებდა კულტურის სამინისტრო "ისთერნ პრომოუშენს"? მასეთ კომპანიებს სამჯერ მეტი უნდა მისცენ, რადგან 1 მილიონს ვაძლევთ და 8 მილიონს უკან ვიღებთ. კულტურის სამინისტროს "კაპიკი შემოსავალი" რომ არ აქვს არც ერთი თეატრალური და კლასიკური ფესტივალიდან, ჯაზფესტივალები მათ ხარჯებსაც ფარავს და კიდევ მოგებაც მოაქვთ. ეგ კითხვები აღარ უნდა დაისვას, რადგან 1978 წლიდან მოდის ეგ ფესტივალები. ბრეჟნევი, შევარდნაძე, სააკაშვილი და ღარიბაშვილი, ყველა აფინანსებდა და ყველა მთავრობა გვერდში უდგას ამ ფესტივალებს.
როგორც ჩვენს მუზეუმებს უნდა მივხედოთ, ასეთი მისახედია ეგ ფესტივალიც, რომელსაც ფინანსური მოგებაც მოაქვს.

კომისიაში, რომელიც დასაფინანსებელ პროექტებს განიხილავს, მეც ვარ და მინისტრიც, მაგრამ ჩვენ გარდა კიდევ 7-8 ადამიანია. ჩვენს გემოვნებას, ვფიქრობ, მთელი პოსტსაბჭოთა ქვეყნები ენდობა. რაც მგონია, რომ ხარისხიანია, მე პირადად იმას ვუჭერ მხარს, დანარჩენი წევრები დამეთანხმებიან თუ არა, მათი გადასაწყვეტია. ამ ადამიანების ნაწილი ჩვენს იქ მისვლამდე იყო და ჩვენი მიყვანილი არავინ არ არის. იგივე მანანა ბერიკაშვილია, ქეთევან დუმბაძეა, სხვები კი ჩვენ იქ გავიცანით. ამ პროექტების განხილვის დაწყებამდე დამუშავება განხილვების დეპარტამენტში ხდება, რათა ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდეთ, სწავლობენ კომპანიის ისტორიას, გამოცდილებას და სხვ. ზოგმა შესაძლოა დაფინანსება მიიღო წინა წლებში და არ შეუსრულებია სამუშაო დაპირებული ხარისხით. თან ჩვენ ხომ აქ ახალი ჩამოსული არ ვართ, 50 წელია, თბილისში ვცხოვრობთ და ვის რა აქვს გაკეთებული შოუბიზნესში, ყველამ იცის. ჩვენთვის ეგ მილიონი ლარი, ჩათვალეთ, კაპიკებია, რადგან "ისთერნ პრომოუშენმა" ერთი მაგდენი დაფინანსების სახით კიდევ უნდა მოიპოვოს, რადგან ეს თანხა თანადაფინანსებაა - დაახლოებით 50%. დანარჩენში ჩართული არიან "თიბისი ბანკი", "კოკა-კოლა" და ძვირად ღირებულ ბილეთებს ყიდულობს ხალხი, რაც კიდევ ერთი პლუსია. წარმოიდგინეთ, 140 ლარი ხომ ღირს სნუპ დოგის კონცერტზე ბილეთი, აქედან 20% პირდაპირ დამატებული ღირებულების სახით მიდის ბიუჯეტში. კაფეებსა და ბარებს თუნდაც ბათუმში, ჯაზფესტივალის პერიოდში, 400% აქვთ შემოსავლის მატება. ბევრი ხალხი შოულობს ფულს, თან ჩვენი ბავშვები ხარისხიან მუსიკაზე იზრდებიან. ჩემთვის ეგ არის მთავარი და ფინანსურად, თუ გნებავთ,­ არც ერთ ფესტივალზე მოგება არ გვქონია "ისთერნ პრომოუშენს", ალბათ 20-30 ათას დოლარს წააგებენ კიდეც ამ ორი ფესტივალის ფარგლებში.
ჩვენ ახლა ოფიციალურად აღარ ვართ მაგ კომპანიაში, ფულს მანდ ვერ შოულობს ვერავინ, პირიქით, აგებენ და რა ინტერესთა კონფლიქტი უნდა იყოს?

ყველამ კარგად იცის, "ისთერნ პრომოუშენი" და ჯაზფესტივალები რომ იყო, ამიტომ გვთხოვეს საჯარო სამსახურში წასვლა, რათა ჩვენს ქვეყანას იმით დავეხმაროთ, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებთ. ეს იგივეა, მაიკლ ჯორდანი რომ გყავდეს და კალათბურთთან არ მიუშვა. ჩვენზე მაგარი პროფესიონალები და გაკეთებული საქმეები ხარისხით აქამდე ჯერ არავის ჰქონია კავკასიის მასშტაბით. ამიტომ ჩვენ გვთხოვეს: მაგრად აკეთებთ თქვენს საქმეს და მოდი, იქნებ გავაკეთოთო, ჩვენც მაქსიმუმს ვცდილობთ, რაც შეგვიძლია. სხვათა შორის, ბევრად ნაკლები ხელფასი გვაქვს, ვიდრე გვქონდა. ჩვენ სხვა ტიპები ვართ და მოკლედ ეგ თემები არ გვაინტერესებს".

დეკლარაციიდან, რომელიც ბოლოს მინისტრის მოადგილემ შარშან აგვისტოში შეავსო, ირკვევა, რომ "ისთერნ პრომოუშენიდან" ერთი წლის განმავლობაში შემოსავლის სახით მიღებული აქვს 39.394 ლარი, ხოლო თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მარკეტინგის დირექტორად მუშაობისას, მისმა შემოსავალმა ერთი წლის განმავლობაში 48.773 ლარი შეადგინა. მიხეილ გიორგაძეს კი "ისთერნ პრომოუშენში" მუშაობის ბოლო წელს, შემოსავლის სახით 36.062 ლარი აქვს მიღებული. შესაბამისად, კახი კანდელაკისგან კომპანიის წამგებიანობაზე ლაპარაკი ცოტა გადაჭარბებული მგონია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით