"ეს შხამი იმისთვის შემოიტანეს, რომ რამდენიმე კაცმა ნახოს მოგება" - კვირის პალიტრა

"ეს შხამი იმისთვის შემოიტანეს, რომ რამდენიმე კაცმა ნახოს მოგება"

გოგი თოფაძე გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრ, ელგუჯა ხოკრიშვილს მოსახლეობის მოწამვლის მცდელობაში ადანაშაულებს

პარლამენტის დეპუტატი გოგი თოფაძე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილ მინისტრ, ელგუჯა ხოკრიშვილს, 2015 წლის 24 აპრილს გაცემული¹#198 ბრძანების გამო გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით მოსახლეობის მოწამვლის მცდელობაში ადანაშაულებს.

"ხოკრიშვილმა ბრძანა, დამტკიცებულიყო საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების   სახეობათა ნუსხა და ბრძანება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებულიყო. ბრძანების თანახმად, ნუსხაში აღმოჩნდა სოიის 7 სახეობა, რითაც ცოცხალი, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ბუნებაში გავრცელების საშიშროება გაჩნდა", - განაცხადა  გოგი თოფაძემ.

მისივე თქმით, ყოფილმა მინისტრმა უფლებამოსილების შეწყვეტამდე მავანის ზეწოლით, ან თავისი ნებით ხელი მოაწერა ქვეყნისთვის მავნებლურ და ვიღაცის კერძო ინტერესების დამაკმაყოფილებელ ბრძანებას, რასაც, მისივე აზრით, აშკარა ან ფარული მხარდამჭერებიც ჰყავს და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ან მისი შემცველი პროდუქტის საქართველოში შემოტანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით სავალდებულო პირობებით ხსნიან.

გოგი თოფაძე მიიჩნევს, რომ მსგავს ვალდებულებაზე ლაპარაკი სისულელეა, რადგან 2015 წლის 11 მარტს, ევროპის პარლამენტმა და საბჭომ მიიღო ახალი რეგულაცია, რომელიც წევრი ქვეყნების ხელისუფლებას უფლებას აძლევს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება მათ ტერიტორიაზე გმო-ს კულტივაციის აკრძალვასა და შეზღუდვების დაწესებაზე. მოქმედი კანონის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში ინტროდუქცია აკრძალულია, თუმცა, კანონი ვერ ქმნის სრულყოფილ გარანტიას, რომ გენმოდიფიცირებული თესლი მიწაში არ მოხვდება.

გოგი თოფაძე: სამწუხაროდ, საქართველოში სხვადასხვა დროს არაერთხელ სცადეს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემოტანა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში შემოიტანეს გენმოდიფიცირებული კარტოფილი, 2010 წელს კი კომპანია "პიონერმა" შემოიტანა გენმოდიფიცირებული სიმინდის თესლი. წელს, ხოკრიშვილის ბოლო ბრძანებით, 25 ტონა გენმოდიფიცირებული სოიის სათესლე მასალის შემოტანა გადაწყდა.

არადა, კანონში წერია, რომ როგორც კი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველი პროდუქცია შემოვა საზღვარზე, საბაჟომ უნდა აცნობოს გარემოს დაცვის სამინისტროს, რომელმაც სპეციალური კომისიის დახმარებით უნდა შეამოწმოს შემოტანილი პროდუქცია და კანონის შესაბამისად მოიქცეს. ხოკრიშვილმა კი, სპეციალურად გენმოდიფიცირებული სოიის შემოსატანად გასცა ბრძანება და კომპანია "სან-არგოს" შესაძლებლობა მიეცა შხამი შემოეზიდა საქართველოში.

გამაოგნებელია მთავრობის წევრის, თანაც გარემოს დაცვის მინისტრის ასეთი საქციელი მაშინ, როდესაც შინა კანონიც სხვაგვარ ქმედებას აკისრებს. მსოფლიოში დაწესდა დღე გენმოდიფიცირებული ორგანიზმების წარმოების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებისა. 50 ქვეყნის 400 ქალაქის მოსახლეობა, მილიონობით ადამიანი შეიკრიბა და დაგმო გენმოდიფიცირებული პროდუქტების გავრცელება, რადგან ის საშიშია ბიომრავალფეროვნებისთვის.

მანამდე, 15 მარტს, ევროკავშირის პარლამენტის წევრმა, ფრანგმა დეპუტატმა, კარენ ლეპადმა განაცხადა, - ევროკავშირმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც გმო-ს ევროპაში შემოტანის ნებართვა გასცაო და ბოდიში მოუხადა ევროპელებს. ქალბატონი ლეპადი ორწლიან მორატორიუმს ითხოვს გმო-ს შესასწავლად, იმის განსასაზღვრად, რამდენად უვნებელია ეს ორგანიზმები ან მათთან დაკავშირებული პროდუქტი. ამის შემდეგ როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ ევროპა გვაძალებს გენმოდიფიცირებული პროდუქტის, ანუ შხამის ქვეყანაში შემოტანას!

- ბრძანეთ, დასტურდება, რომ გმო-ს შემოტანა 2-3 კაცის ინტერესებს ემსახურება. ვინ არიან ისინი?

- ფაქტია, მინისტრმა მოაწერა ხელი ტვირთის შემოტანის ბრძანებას. ვინმეს ზეწოლით თუ არა, არ ვიცი... ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. ფაქტია, რომ კომპანია "სან-აგრო" ამერიკიდან, მონსანტოსგან”გენმოდიფიცირებულ  სოიის თესლს ხოკრიშვილის უნებართვოდ ვერ წამოიღებდა. ეს შხამი იმისთვის შემოიტანეს, რომ რამდენიმე კაცმა ნახოს მოგება, ქვეყანა კი ძალიან დაზარალდება. არ შეიძლება ვიღაცის ბიზნესინტერესებზე მორგებულ ბრძანებულებებს გასცემდეს სამინისტრო. უსათუოდ უნდა შეიცვალოს სახელმწიფოს მიდგომა ამ კუთხით და აიკრძალოს გენმოდიფიცირებული პროდუქცია, ან ხალხს მიეცეს არჩევანის საშუალება და სპეციალური აღნიშვნები გაუკეთდეს გმო-ს პროდუქტს.